17 წლის ზუკა ფირცხალაიშვილი, ასაკის მიუხედავად, რამდენიმე პროფესიას ფლობს. მხატვარი, ხატმწერი, ფოტოხელოვანი – ამ ცოდნის დაგროვება ძირითადად დამოუკიდებლად მოახერხა. მიუხედავად ამისა, პროფესიად არქიტექტურა აირჩია, რადგან მომავალს რაციონალურად უყურებს და მიიჩნევს, რომ საყვარელი პროფესიებით თავის რჩენას ვერ შეძლებს.
- 51-ე სკოლას ვამთავრებ. ახლა საატესტატო გამოცდები მეწყება, არქიტექტურის ფაკულტეტზე ვაპირებ ჩაბარებას. ძალიან პატარა ასაკიდან ვხატავ, მაგრამ დაახლოებით ერთი წელი იქნება, რაც ისეთი ნახატების შექმნა დავიწყე, რომ გამოჩენა შეიძლება. ხატვაზე არასოდეს მივლია, მაგრამ ერთი წელი ხატწერას ვსწავლობდი. ხატვა და ხატწერა ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება. შეიძლება, ხატვა იცოდე და ხატწერა არ გამოგივიდეს და პირიქით. მინახავს ადამიანი, რომელსაც ცხოვრებაში ფანქარი არ დაუჭერია ხელში, მაგრამ ხუთი ხატი აქვს დაწერილი და აქედან სამი მირონმდინარეა.
- შენ რამდენი ხატი გაქვს დაწერილი?
- ორი - წმინდა ნონას ხატი, დედას ნონა ჰქვია, და იოანე ოქროპირის. გამოფენაზე მქონდა გატანილი, მაგრამ ვერ გავიმეტე და დედას ვაყიდვინე. ერთი ხატი სახლში მაქვს და მეორე ნათლიას ვაჩუქე. ძალიან დიდი შანსია, რომ ერთ დღესაც დაჯდე და ხატი ვეღარ დაწერო. თუ ეკლესიურად არ ცხოვრობ, შეიძლება, ერთი წერტილიც ვერ დასვა. ხატწერაში მხოლოდ ხუთი ფერი გამოიყენება, ძალიან რთულია.