დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარე გიგი უგულავას თბილისის მერის თანამდებობაზე აღდგენის შუამდგომლობას დააყენებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" უგულავას ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ განაცხადა, საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო ის ნორმები, რის საფუძველზეც უგულავას უფლებამოსილება შეუჩერდა, შესაბამისად, უგულავა თანამდებობაზე უნდა დაბრუნდეს.
"საკონსტიტუციო სასამართლომ მიმდინარე წლის მაისში მიიღო გადაწყვეტილება იმ ნორმათა არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე, რომლებსაც 2013 წლის დეკემბერში დაეყრდნო მოსამართლე გიგი უგულავასთვის უფლებამოსილების შეჩერების თაობაზე. რამდენადაც ეს ნორმები არის არაკონსტიტუციურად ცნობილი, შესაბამისად სასამართლოს გადაწყვეტილებაც, რომლითაც უგულავას შეუჩერდა უფლებამოსილება, არის გასაუქმებელი. დღეს დაცვის მხარე დააყენებს ამ შუამდგლომლობას, რომ გაუქმდეს 2013 წლის დეკემბრის გადაწყვეტილება უგულავას თანამდებობიდან გადაყენების შესახებ, რაც ავტომატურად გამოიწვევს უგულავას დაბრუნებას", - აღნიშნა ბასილაიამ.
ადვოკატები არ გამორიცხავენ, რომ ბრალდების მხარემ პროცესი გააჭიანუროს, რათა შუამდგომლობის განხილვა ადგილობრივი თვითთმმართველობის არჩევნებამდე ვერ მოესწროს.
23 მაისის გადაწყვეტილებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გიგი უგულავას სარჩელი დააკმაყოფილა, რომელიც მისი უფლებამოსილების შეჩერებას უკავშირდებოდა. სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 159-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმართველობის საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით არჩეული პირების თანამდებობიდან გადაყენებას". საუბარია თანამდებობაზე არჩეული პირის სასამართლოს გადაწყვეტილებით გადაყენებასა და ამ პროცედურის ზეპირი მოსმენის გარეშე წარმართვაზე.
აღნიშნული გადაწყვეტილება ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა მიიღო.
დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე გაიმართება პროცესი. სწორედ ამ საქმის ფარგლებში ჩამოერთვა უგულავას უფლებამოსილება.