ცნობილი ადამიანების პირადი ცხოვრება საზოგადოების განსჯის საგანი მუდმივად არის. თბილისში არაფერი იმალება, შესაბამისად, ყველამ იცის, ვინ ვის ხვდება და ვინ რამდენი წლით არის უფროსი საკუთარ რჩეულზე. ცნობილ ქართველებს მეწყვილესთან დიდი ასაკობრივი სხვაობის გამო ხშირად აკრიტიკებენ, თუმცა დაკვირვებამ გვიჩვენა, რომ ყველაზე მყარი ოჯახები სწორედ იმ ცნობილ ქართველებს აქვთ, ვის შორისაც დიდი ასაკობრივი სხვაობაა.
ნინო ქორიძე და თორნიკე გოგრიჭიანი სამეფო კარის კანცლერის, კახა ქორიძის ქალიშვილი, ნინო ქორიძე თბილისში მუდამ პოპულარობით სარგებლობდა. ნინო ქორიძემ რამდენიმე წლის წინ მსახიობ თორნიკე გოგორიჭიანზე იქორწინა. თორნიკე 24 წლის იყო, ნინო 37-ის. ცოტა ხნის წინ ქალიშვილიც შეეძინათ. მათ შესახებ არაერთხელ გავრცელდა ჭორი, თითქოს დაშორდნენ, მაგრამ წყვილი ბედნიერად ცხოვრობს.
ნინოსთვის თორნიკე მესამე ქმარია. კანცლერის ქალიშვილი პირველად 16 წლის ასაკში დავით კვირიკაძეზე (ზედმეტსახელად ბათურა) გათხოვდა. მასთან ჰყავს შვილი ირაკლი კვირიკაძე, რომელიც ინგლისში სწავლობს. თუმცა, ნაადრევად შექმნილი ოჯახი მალე დაინგრა. 21 წლის ასაკში კი კოტე გოგელიაზე გათხოვდა, რომელიც ახლა მაკა ასათიანის ქმარია. კოტემ და ნინომ ერთმანეთი ირინა თევზაძის ჩვენებაზე გაიცნეს, რომლის სპონსორიც კოტე გოგელია იყო, ნინო კი პოდიუმზე გამოდიოდა და მალე ოჯახი შექმნეს, რომელიც მცირე დროში დაინგრა. რაც შეეხება მესამე ქორწინებას, თორნიკეს და ნინოს ტრადიციული ქართული ქორწილი ჰქონდათ, ჯვარი მამა დავითზე დაიწერეს.
ვასო ფხაკაძე და ლიკა მეტრეველი
ვასო ფხაკაძემ სულ ცოტა ხნის წინ 16 წლით უმცროს ლიკა მეტრეველზე იქორწინა. 21 წლის ლიკა მეტრეველი იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტია და პარალელურად სამოდელო საქმიანობით არის დაკავებული. ვასომ და ლიკამ ერთმანეთი 2012 წელს "მის საქართველოზე" გაიცნეს. მაშინ ლიკა პირველი "ვიცე მის საქართველოს" ტიტულის მფლობელი გახდა. წყვილმა თაფლობის თვე ანტალიაში გაატარა.
გია ბაღაშვილი და თამუნა ტაბატაძე
გია ბაღაშვილმა რამდენიმე წლის წინ იპოვა საკუთარი რჩეული და 18 წლის მოცეკვავეზე, თამუნა ტაბატაძეზე იქორწინა. გიას და თამუნას შორის საკმაოდ დიდი, 19 წლიანი ასაკობრივი სხვაობაა, მაგრამ ამას მათი სიყვარულისთვის ხელი არ შეუშლია. თამუნამ და გიამ ერთმანეთი ირინა ონაშვილის დახმარებით გაიცნეს. შემდეგ კი ჯვარზე მამა დავითმა ჯვარი დასწერათ და საქორწინო მოგზაურობაში წავიდნენ.
დავით საგანელიძე და სოფო ფარცხალაძე
უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ ოჯახი 50 წლის ასაკში შექმნა და 30 წლით უმცროს სოფო ფარცხალაძეზე იქორწინა. "სიყვარულს ასაკი არ აქვს. ვისი განკითხვის ობიექტიც ვარ, მობრძანდეს ჩემთან ოჯახში", - განაცხადა დავით საგანელიძემ ერთ-ერთ ინტერვიუში. სოფო აფთიაქში მუშაობდა, სადაც საგანელიძე წამლის საყიდლად მივიდა. პოლიტიკოსს ახალგაზრდა გოგონა მოეწონა, აფთიაქის მისამართი დაიმახსოვრა, 09-ში ტელეფონის ნომერი გაიგო და ასე დაიწყო მათი ურთიერთობა. შემდეგ დაქორწინდნენ და პირველი შვილიც გაუჩნდათ. როგორც სოფო იხსენებს, დავით საგანელიძე ეჭვიანი ქმარი არ არის. როცა თავისუფალი დრო აქვს, საღამოობით როიალზე უკრავს და ოჯახთან ერთად მღერის.
ხათუნა ჟორდანია და ზურა ხაჩიძე
რამდენიმე წლის წინ ზურა ხაჩიძის და ხათუნა ჟორდანიას ქორწილის შესახებ მთელი თბილისი ლაპარაკობდა. დაქორწინებამდე წყვილი დიდხანს იყო შეყვარებული. ერთმანეთი ხათუნა ჟორდანიას ქალიშვილის, ნინი ქარსელაძის სიმღერის ჩაწერის დროს გაიცნეს. ზურას ხათუნა მაშინ შეუყვარდა. მათი სიყვარულის გარშემო უამრავი ჭორი და ბოროტი ხმები ტრიალებდა. განსაკუთრებულ ქარცეცხლში წყვილს ასაკობრივი სხვაობის გამო ატარებდნენ.
წყვილი დაქორწინებამდე დაახლოებით 3-4 წელი ხვდებოდა ერთმანეთს. მათი შეყვარებულობის დროს ხათუნა რამდენიმე თვე შვეიცარიაში ცხოვრობდა. თბილისში როცა დაბრუნდა, ზურა უკვე ქეთა თოფურიას შეყვარებული იყო, მაგრამ ბოლოს მაინც ხათუნას შეურიგდა. როგორც ხათუნა ჟორდანია ერთ-ერთ გადაცემაში იხსნებს, ზურასთან ასაკობრივი სხვაობის გამო მათი ურთიერთობა დიდხანს არ გაგრძელდებოდა, მით უმეტეს ქორწინებით არ დასრულდებოდა, თუმცა ზურა ხაჩიძემ დაქორწინება გადაწყვიტა. თურმე ზურამ ბევრი დალია და ხათუნას ძმას, მერაბ ჟორდანიას დის ხელი სთხოვა. ჯვარი დაიწერეს და 500 კაციანი ქორწილიც გადაიხადეს. ახლა საერთო ქალიშვილი, ანასტასია ჰყავთ.