"სახლი ძველ უბანში" - პირველი ქართული სატელევიზიო სერიალი იყო, რომელმაც შეიძლება ითქვას, საფუძველი დაუდო შემდგომში ამ ჟანრის ჩვენში განვითარებას... ძალიან ბევრი მაყურებელი ჰყავდა. ჯადოქრებსა და მჩხიბავებზე, ბნელ ძალებზე შექმნილი სერიალის მიუხედავად იმისა, რომ ყველას ეშინოდა, მაინც უყურებდნენ, რადგანაც სიახლე იყო, თან, კარგადაც კეთდებოდა, მასზე რეჟისორი ავთო ვარსიმაშვილი მუშაობდა. სერიალში არაჩვეულებრივი მსახიობები (გურამ საღარაძე, ედიშერ მაღალაშვილი, ლეილა ძიგრაშვილი, მურმან ჯინორია) თამაშობდნენ... ხოლო მთავარი როლის შემსრულებელი გოგონას, მსახიობ გოგოლა კალანდაძის კარიერა კი სწორედ ამ ნამუშევრით დაიწყო... ასევე მნიშვნელოვანი გახლდათ ისიც, რომ სერიალი მძიმე 90-იანებში იქმნებოდა...…
სერიალის "სახლი ძველ უბანში" გადაღებიდან 20 წელი გავიდა..."ამბები.გე" ამ პროექტის ავტორს, სცენარისტსა და რეჟისორს, ავთო ვარსიმაშვილს ესაუბრა.
- რამ გადაგაწყვეტინათ ისედაც მძიმე და დამთრგუნველ პერიოდში სერიალის - "სახლი ძველ უბანში" გადაღება?
- დრო თვითონ უსაზღვრავს და კარნახობს რეჟისორს, თუ რაზე უნდა დადგას სპექტაკლი და გადაიღოს ფილმი. მასზე მუშაობა ზუსტად იმიტომ დავიწყე, რომ მძიმე პერიოდი იყო. გადავიღე სერიალი, რომლის მთავარი სათქმელი იყო, - რაც უნდა შავბნელი დრო იყოს, რაც უნდა შავი ძალები გვეხვიოს თავზე, უნდა ვიცოდეთ, რომ მხოლოდ სიყვარულშია ჩვენი ხსნა და ვერავინ მოგვერევა, თუკი სიყვარულით ვიცხოვრებთ...
- მსახიბების შერჩევისას ბევრი იფიქრეთ?
- მსახიობების შერჩევისას ბევრს არასდროს ვფიქრობ, რადგანაც სცენარის წერისას ყოველთვის თითქმის კონკრეტულ მსახიობებზე ვფიქრობ. ასე იყო ამ სერიალის სცენარის წერის დროსაც. დიახ, ტექსტს გურამ საღარაძისთვის, ედიშერ მაღალაშვილისათვის, ლეილა ძიგრაშვილისთვის და მურმან ჯინორიასთვის ვწერდი და ვხედავდი მათ სახეებს, მესმოდა მათი ხმები... ქასთინგი მხოლოდ ორი ახალგაზრდა მსახიობის შესარჩევად გვქონდა გამოცხადებული და ვიპოვეთ კიდეც: გოგოლა კალანდაძე ძალიან ბევრ გოგონაში ავარჩიეთ და დღემდე მიხარია, რომ ასეთი სუფთა, ლამაზი და ძალიან ნიჭიერი გოგო აღმოვაჩინეთ. გიორგი მიქელაძემ, შესანიშნავმა ახალგაზრდა კაცმა, რომელმაც გოგოლას პერსონაჟის მეუღლის როლი ითამაშა, ძალიან გაგვიმართლა...
- თემამ, რომელიც სერიალში გაიშალა (მაგია, ჯადოქრობა), ბევრი დაძაბა. ამაზე არ გიფიქრიათ, რომ ასე მოხდებოდა?
- რა თქმა უნდა, ვფიქრობდი და წინასწარ იყო ამაზე გათვლაც. თუ დაიძაბა მაყურებელი, ეს იმის მაჩვენებელია, რომ სწორად მივაწოდეთ მასალა, რომ მის გულს მოხვდა. რეჟისორს უნდა ჰქონდეს იმის უნარი წინასწარ გათვალოს, რა ააღელვებს მაყურებელს და რა - არა.
- იმ პერიოდში ამ სერიალის გადაღებისას რა იყო მთავარი სირთულე?
- სამწუხაროდ, ყველა დროში ერთი და იგივე სირთულე მაქვს, ფინანსების ნაკლებობა, სხვა პრობლემა არასდროს მქონია...
- რა დაჯდა პროექტი?
- წარმოუდგენლად ცოტა, სერია საშუალოდ - 200 დოლარი. იმ პერიოდისთვისაც კი, ეს ძალზე მცირე თანხა იყო, ყველანი კაპიკებზე ვმუშაობდით, რადგან ეს იყო იმ დროს ჩვენი ხსნა, რადგანაც ციოდა, არ იყო შუქი, არ იშოვებოდა საჭმელი და ქუჩებში ისროდნენ... ჩვენ ვმუშაობდით და ეს გახლდათ სწორედ ჩვენი ბედნიერება.
- სერიალში მართლაც შეუდარებელია მსახიობი გურამ საღარაძე (ბატონი ჟორა) მასთან მუშაობა არ იყო რთული? ადვილად დაგთანხმდათ იმ როლზე?
- მე და ბატონი გურამი ახლო მეგობრები ვიყავით. მანამდეც და მერეც ბევრჯერ გვიმუშავია თეატრში. ასე რომ, მუშაობაში არანაირი პრობლემა არ გვქონია, ჩვენ ერთმანეთს ვენდობოდით, გვიყვარდა ერთად მუშაობა.- გოგოლა კალანდაძე მართლაც თქვენი აღმოჩენაა, ისევე როგორც შემდეგ სხვა ბევრი მსახიობი... იმის შემდეგ გოგოლა თქვენს ნამუშევრებში რატომ აღარ დააკავეთ?
- მოხარული ვარ, რომ გოგოლა ჩემი აღმოჩენაა, ძალიან მიყვარს პიროვნულადაც და როგორც მსახიობიც, რაც შეეხება შემდგომ მუშაობას, თეატრალური ინსტიტუტის დამთავრებისთანავე მოვიწვიე, მაგრამ თეატრში მუშაობა კატეგორიულად არ უნდოდა და საქმიანობა ტელევიზიაში გააგრძელა. როდესაც "იდიოტოკრატიის" გადაღება დავიწყე, ერთ-ერთ მთავარ როლზე, მდივან-მემანქანის (შემდეგ შორენა ბეგაშვილმა ითამაშა) დავუძახე, მაგრამ ისე მოხდა, რომ მაშინ ფეხმძიმედ იყო და მონაწილეობას ვერ შეძლებდა, ხოლო რაც შეეხება სხვა ფილმებს, იქ უკვე არც ერთ როლს არ მიესადაგებოდა. ვიმეორებ, ძალიან მიყვარს გოგოლა, ჩემს შვილობილად მივიჩნევ და როგორც კი მექნება მისთვის შესაფერისი როლი, აუცილებლად მოვიწვევ...
- სერიალი წარმატებული აღმოჩნდა. მისი გაგრძელაბა, ან მსგავსი ტიპის ნამუშევრის შექმნა აღარ გდომებიათ?
- ბედმა ასე ისურვა, რომ პირველი ქართული სერიალი მე გადამეღო და მერე ეს საქმე უკვე სხვებს გაეგრძელებინათ. მიუხედავად სერიალის წარმატებისა, კონკრეტული შემოთავაზებები არ მქონია, თორემ სიამოვნებით გადავიღებდი და თან, შევეცდებოდი, რომ უფრო წარმატებული გადამეღო. სულ რაღაც აბსტრაქტული წინადადებებია ტელევიზიებიდან, მაგრამ რეალურად ლაპარაკის იქით საქმე არ წასულა. უკვე რამდენიმე წელია, აქტიურად "ნადირობენ" ჩემზე რუსეთის ტელეარხები, რომ მათთვის გადავიღო სერიალი, რამდენიმე გრანდიოზული პროექტიც იყო, მაგრამ სხვადასხვა მიზეზით, უარს ვამბობ. თუმცა მიზეზი ალბათ ერთია, - არ მინდა, იქ მუშაობა, მაქვს ქართველი მაყურებლისთვის რამდენიმე სასცენარო იდეა, დასრულებულია და მინდა, გადავიღო კლასიკური მელოდრამა - "ღამის პეპლები". ის ქართველ მეძავებზე, იქნება, რომელიც უფრო მეტ ემოციას დაბადებს ჩვენს მაყურებელში, ვიდრე ლათინოამერიკული სერიალები. სიამოვნებით გადავიღებდი ქართულ ისტორიულ სერიალს "ბედი ქართლისას", რომელიც გარწმუნებთ, არაფრით ჩამოუვარდებოდა იმ თურქულს, რომელსაც ახლა უყურებს ჩვენი მაყურებელი, ანდა, ავისრულებდი დიდი ხნის ოცნებას, და გადავიღებდი დიდ ისტორიულ, ავანტიურისტულ ნამუშევარს "კვაჭი კვაჭანტირაძე", რომელიც მიხეილ ჯავახიშვილს უკვე აქვს დაწერილი, როგორც დიდი სერიალის სცენარი. სამწუხაროდ, ეს მხოლოდ სურვილებია და მასზე ლაპარაკი ჩვენს ტელევიზიებთან არც ღირს იმიტომ, რომ ისინი ამისათვის მზად არ არიან, არ იფიქროთ, რომ ვინმეს ვადანაშაულებ, ან ვიწუნებ, არა, როგორც ჩანს, თვითონაც ძალიან არ მოვინდომე, რადგან თეატრებში და კინოში იმდენი საქმე მაქვს, რომ საფუძვლიანად ვერ მოვიცალე სერიალისთვის. არადა, შეიძლება ვცდები, მაგრამ მგონია, ახლა სერიალს რომ მოვკიდო ხელი, ის წარმატებულიც იქნება და სკანდალურიც.
- მოკლედ, 20 წლის შემდეგ რას გრძნობთ და განიცდით... რა ეტაპი იყო იმ პროექტზე მუშაობა თქვენს შემოქმედებაში?
- ეს იყო ერთ-ერთი ჩემი რიგითი პროექტი, არ მივიჩნევ, რომ იმ სერიალით რამე განსაკუთრებული გავაკეთე და რომ ის მნიშვნელოვანი ეტაპი იყო ჩემს შემოქმედებაში, ასეთი პროექტები ბევრი მქონდა ცხოვრებაში, ვფიქრობ, გაცილებით მნიშვნელოვანი იყო "თეატრალური სარდაფისა" და "თავისუფალი თეატრის" დაარსება და მათი წარმატება, გრიბოედოვის თეატრის აღორძინება, ალბათ, 50-ზე მეტი ახალგაზრდა მსახიობი "დაიბადა" ჩემს სპექტაკლებში და ეს უფრო მნიშვნელოვანი მგონია. და თუ მაინცდამაინც კინოზე ვილაპარაკებთ, მიმაჩნია, რომ უფრო მნიშვნელოვანი იყო ჩემ მიერ პირველი ქართული ციფრული ფილმის "იდიოტოკრატიისა" და შემდეგ სხვა ფილმების შექმნა და რეალიზება...
ლალი ფაცია
სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის