საქართველოში ძიძები ყოველთვის არსებობდნენ და დღესაც არიან. უფრო მეტიც, ბოლო წლებში ძიძის საქმიანობა საკმაოდ მოთხოვნადი გახდა: მაღალშემოსავლიანი ოჯახები ხშირად ქირაობენ დამხმარეს, რომელიც დიასახლისს ბავშვისა და ოჯახის მოვლაში ეხმარება, ხშირია შემთხვევა, როცა დიასახლისი მთელი დღე სამსახურშია და მის ფუნქციებს დამხმარე ქალბატონი ითავსებს. თბილისში სპეციალური სააგენტოებიც კი შეიქმნა, რომლებიც მსურველებს მაღალკვალიფიციური ძიძის პოვნაში ეხმარებიან. როგორც ამ სააგენტოების წარმომადგენლები ამბობენ, საქართველოში ძიძის ანაზღაურება ევროპასთან შედარებით მცირეა, რადგან იქ საათობრივი ანაზღაურებაა: ევროპის ქვეყნებში ძიძებს საათში 7-8 ევროსაც უხდიან, ჩვენთან კი - შეიძლება რამდენიმე საათით ზედმეტად ამუშაონ და არაფერი მისცენ, თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, ამ სამუშაოს შოვნის მსურველთა რიცხვი საკმაოდ მაღალია:
ლელა გელაძე - სააგენტო "მერი პოპინსის" მენეჯერი:
- ჩვენი სააგენტო შეკვეთებს იღებს როგორც ძიძებზე, ასევე საოჯახო პერსონალზე - იქნება ეს დამლაგებელი, მომვლელი და ა.შ... შემკვეთები თავიანთ პირობებს გვაცნობენ და ჩვენც ამის მიხედვით ვურჩევთ სასურველ კანდიდატებს. შემდეგ მათ შეხვედრას ვუწყობთ, მიმდინარეობს მოლაპარაკება და ასე თანხმდებიან ანაზღაურებაზე. ძიძის საშუალო ანაზღაურება არის 400 ლარიდან ზევით, საშუალო ხელფასი კი 500 ლარია, თუმცა ყველაფერი მაინც სამუშაო საათებსა და პირობებზეა დამოკიდებული. ყველაზე მაღალი ანაზღაურება, რომელიც ჩვენს მიერ შერჩეულ ძიძას გადაუხადეს, 900 ლარი იყო, მაგრამ მას 24-საათიანი სამუშაო გრაფიკი ჰქონდა და კვირაში მხოლოდ ერთ დღეს ისვენებდა. თანაც, ეს შეძლებული ოჯახი იყო და მომავალი ძიძაც ძალიან მოეწონათ. ძალზე მნიშვნელოვანია უცხო ენის ცოდნა: უფრო ხშირად - რუსულის, ან ინგლისურისა, რადგან ენების მცოდნე ძიძას ცოტა მეტს უხდიან. ხშირად ძიძებს საქართველოში მცხოვრები უცხოელებიც ქირაობენ, მართალია, მათ კარგად იციან აქაური ანაზღაურება, მაგრამ მაინც უფრო მეტს იხდიან: ისინი ძიძებს საშუალოდ 500 დოლარს უხდიან.
- ძირითადად, რა მოთხოვნები აქვთ ძიძის აყვანის მსურველებს?
- პირველ რიგში, ბავშვები უნდა უყვარდეს და მოსწონდეს მათთან მუშაობა, სასურველია კარგი განათლება და გამოცდილებაც, მაგრამ წაუყვანიათ ისეთი, რომელსაც გამოცდილება საერთოდ არ ჰქონდა, მაგრამ ძალიან კარგი ძიძა აღმოჩენილა. რა თქმა უნდა, გარეგნობასა და ვიზუალურ მხარესაც დიდ ყურადღებას აქცევენ, თანაც, ძიძა სუფთა, მოწესრიგებული, მშვიდი ბუნებისა და ხალისიანი უნდა იყოს, რომ ბავშვთან ურთიერთობა არ გაუჭირდეს. ზოგჯერ ძიძები 400-450 ლარზეც მუშაობენ, მართალია, ეს ცოტაა, ზოგიერთ მათგანს პრეტენზიებიც უჩნდება, მაგრამ ისეთი ოჯახი ცოტაა, რომელიც უფრო მეტს გადაუხდის, ამიტომ, ისინიც იძულებული ხდებიან, იმუშაონ.