"ანქვაბ, წადი!" - ამ შინაარსის ლოზუნგებით რამდენიმე დღეა, სოხუმის ცენტრში ხალხმრავალი აქციები დაიწყო... ოპოზიცია, რომელსაც სათავეში რაულ ხაჯიმბა უდგას, ხელისუფლებას რამდენიმე მოთხოვნას უყენებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ალექსანდრე ანქვაბის გადაყენებით იმუქრება...
რაულ ხაჯიმბა და მისი მხარდამჭერები მიიჩნევენ, რომ ბოლო წლებში აფხაზეთში არავითარი რეფორმა არ ტარდება; "ქვეყანა" კორუფციაშია ჩაფლული; ყველა უწყებაში ხელმძღვანელ თანამდებობებზე ადამიანები ნაცნობობით ინიშნებიან; კლანური ბიზნესი აყვავდა და მთელი აფხაზეთი, არალეგალური იარაღისა და ნარკოტიკის ბიზნესშია გასვრილი, რასაც წლებია კატასტროფული შედეგი მოაქვს, - მუდმივი კრიმინალური გარჩევები და ნარკოდამოკიდებული ახალგაზრდები. ამ და სხვა პრობლემებს შორის, ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნად, აფხაზეთში მცხოვრები ეთნიკური ქართველების გასახლება გახმოვანდა.
აქციის ერთ-ერთი მონაწილე, თენგიზ აგრბა აცხადებს, რომ ოპოზიცია, მაქსიმალურად შეეცდება, დაპირისპირება სისხლიან შეტაკებაში არ გადაიზარდოს. ჩვენ მათ სოციალური ქსელის საშუალებით დავუკავშირდით.
თენგიზ აგრბა:
- მთავრობის სახლთან 5 ათასზე მეტი ადამიანი იყო შეკრებილი და როდესაც პრეზიდენტის გაქცევის ინფორმაცია გავრცელდა, სიტუაცია ლამის უკონტროლო გახდა... ალიკა ანქვაბი ერთ-ერთი ყველაზე სუსტი ლიდერია, ვინც აფხაზეთს ჰყოლია. ყველა სახელმწიფოუწყებაში განუკითხაობაა. მას აფხაზი მოსახლეობის სასარგებლოდ არც ერთი რეფორმა არ გაუტარებია, რაც ძალიან მძიმედ აისახა ჩვენზე, უბრალო ხალხზე. პირადად მისი ინიციატივით მოხდა ოჩამჩირისა და გალის მოსახლეობის უკანონო "პასპორტიზაცია"... არადა, ანქვაბი ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტია და მაშინ მისი პატრიოტიზმის გვჯეროდა...
ლეილა, სოხუმელი აფხაზი:
- ბოლო წლების სტატისტიკა აჩვენებს, რომ სულ მალე აფხაზეთში დემოგრაფიული კრიზისი დაიწყება. მე თავად ვმუშაობდი ამ კვლევაზე, 2012 წლის მონაცემებით, აფხაზეთში ცხოვრობს 250 705 ადამიანი ცხოვრობს, აქედან: აფხაზი - 47,6 %; ქართველი - 19,3%; სომეხი - 17,4%; რუსი - 10 %; დანარჩენი 3,3% - ბერძნები, უკრაინელები, არიან... იმ პოლიტიკით, რასაც ანქვაბის ხელისუფლება ატარებს, სულ მალე უმცირესობაში აღმოვჩნდებით, ამიტომაც მოვითხოვეთ ოჩიმჩირესა და გალიდან ქართველების გასახლება.
იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე