რევაზ თაბუკაშვილმა საქალაქო სასამართლო უკვე დატოვა. მან მცირე კომენტარიც გააკეთა და ზურაბ ჭიაბერაშვილსა და მის თანხმლებ პირებზე განხორციელებული ქმედებების მოტივი ახსნა.
როგორც თაბუკაშვილმა აღნიშნა, მისთვის მიუღებელი იყო ჭიაბერაშვილისა და მასთან ერთად მყოფი პირების ქმედებები. "ჩემთვის მიუღებელი იყო ის აგრესიული ქმედებები, რასაც ეს ადამიანები აკეთებდნენ და ის სამსახური, რომელსაც ისინი ემსახურებოდნენ. ასევე, მათი პატარ-პატარა ნაბიჯები", - განაცხადა რევაზ თაბუკაშვილმა და აღნიშნა, რომ სამწუხაროა, რომ მომხდარმა "ამხელა ალიაქოთი" გამოიწვია.
რევაზ თაბუკაშვილს დღეს ზურაბ ჭიაბერაშვილის ცემის ფაქტზე აღმკვეთ ღონისძიებად საქალაქო სასამართლომ 2000-ლარიანი გირაო შეუფარდა. 2000-ლარიანი გირაოს შუამდგომლობა პროკურორმა დავით ხვედელიძემ დააყენა. აღნიშნულ შუამდგომლობას დაცვის მხარეც დაეთანხმა.
მოსამართლე შორენა გუნცაძის გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და რევაზ თაბუკაშვილს 2000-ლარიანი გირაო შეეფარდა. წინასასამართლო სხდომა კი, 14 ივლისს ჩაინიშნა.
ამასთან, სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა თაბუკაშვილის ადვოკატმა ნოდარ თოფურიძემაც, რომელმაც არ დაადასტურა არსებული ინფორმაცია, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი წარდგენილ ბრალდებას ეთანხმება. თუმცა როგორც სასამართლო პროცესზე აღინიშნა, საქმის მასალებში თაბუკაშვილის აღიარებითი ჩვენება არსებობს. "საქმის მასალებში შეიძლება აღნიშნული ჩვენება დევს, თუმცა არსებითი განხილვა არ დაწყებულა და დაველოდოთ არსებით განხილვას", - განაცხადა ადვოკატმა.
რევაზ თაბუკაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით ედება, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
როგორც ცნობილია, ზურაბ ჭიაბერაშვილს 27 მაისს აბაშიძის ქუჩაზე მდებარე ლიტერატურულ კაფეში დაესხნენ თავს. მას დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული.