ქართველებიც და აზერბაიჯანელებიც თანახმანი არიან, რომ შერიგდნენ და განაგრძონ ერთმანეთში მეგობრობა და კარგი ურთიერთობა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" გარდაბნის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ამბაკო ავალიანმა განუცხადა.
მისი თქმით, შერიგებაზე თანხმობა, როგორც ქართველმა, ასევე აზერბაიჯანელებმა მასთან საუბარში დაადასტურეს. როგორც ავალიანი აცხადებს, ეს დადასტურდა გამგეობაში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ერთმანეთთან დაპირისპირებული მხარეები დაესწრნენ.
"უნდა შერიგდნენ და ისე უნდა იყვნენ აზერბაიჯანელები და ქართველები, როგორც აქამდე. მოხდა ჩხუბი, სავარაუდოდ, დაგეგმილი იყო პროვოკაცია, თუმცა ამჟამად სიტუაცია დაწყნარებულია. და ამის მერეც დაწყნარებული იქნება. ორივე მხარეს ვესაუბრე და ორივე მხარე თანახმაა, რომ შერიგდნენ და გააგრძელონ ერთმანეთში მეგობრობა და კარგი ურთიერთობა, როგორც ეს აქამდე იყო", - აღნიშნა ავალიანმა. მისივე თქმით, ყველა ის ადამიანი უნდა დაისაჯოს, ვინც გარდაბანში არეულობა გამოიწვია.
გარდაბანში ამჟამად სიტუაცია მშვიდია. თავის უბანში არიან შეკრებილი ე. წ. "ცხრიანების" დასახლების მცხოვრებლები, რომლებიც აცხადებენ, რომ მათი მისამართით მიდიოდნენ შეიარაღებული აზერბაიჯანელები, რომლებიც პოლიციამ გააუვნებელყო. სიმშვიდეა გარდაბნის ცენტრშიც. ორივე ადგილზე პოლიცია და სამართალდამცველები ამ დრომდე რჩებიან.