"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" უმრავლესობიდან უმცირესობაში გადანაცვლების შემდეგ პარტიის წევრებისა და მათ მხარდამჭერებთან ასოცირებული პირებთან ფიზიკური დაპირისპირება ერთგვარ სახადს დაემსგავსა. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში სულ მცირე 5 ნაციონალი აღმოჩნდა მუშტი-კრივისა და თავდასხმის მსხვერპლი. ვიდრე უმრავლესობა და მისი მხარდამჭერები ქვეყანაში აღდგენილ სამართლიანობაზე საუბრობენ, უმცირესობის წარმომადგენლები საწინააღმდეგო აზრზე არიან. საზოგადოებრივი აზრი კი არაერთგვაროვანია - "ნაციონალების" მხარდამჭერებისადმი ფიზიკურ დაპირისპირებას ზოგი სამართლიანობის აღდგენად მიიჩნევს, სხვები კი, აგრესიის მოჭარბებას, ქვეყნის შესაბამისი სტრუქტურების, განსაკუთრებით შსს-ს უუნარობას მიაწერს.
არსებობს ადამიანების კატეგორია, რომელიც "ნაცემი ნაცების" ერთგვარ სერიალს უკვე კომიკურადაც კი უყურებს და თავდამსხმელებს ასეთ ინსტრუქციასაც კი აძლევენ: "პროსტა სიის მიხედვით რო იყოს, რაღა "ჭ" და "წ" - დან დაიწყეს?" (ციტატა ფორუმიდან)
ძალადობა "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებისა და მხარდამჭერების მიმართ, ინტერნეტმომხმარებლების მხრიდან ერთგვარი პოლიტიკურ სასჯელადაც განიხილება. ასე ის ადამიანები ფიქრობენ, რომლებსაც კარგად ახსოვთ სამთავრობო გუნდის ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება, რომელიც ქვეყანაში სამართლიანობის აღდეგენას გულისხმობდა. "რას იზავ, როცა მთავრობა უქნარაა, ჯობია ისევ ჩვეულებრივმა ხალხმა აღასრულოს სამართალი", - წერს ერთ-ერთი ინტერნეტმომხმარებელი ფორუმზე.
Ambebi.ge წარმოგიდგენთ სტატიას, სახელწოდებით "ნაცემი ნაცები", რომელშიც ჩვენ ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებზე მომხარი ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტები გავაერთიანეთ.
"ნაცემი ნაცების" ერთგვარი ციკლი გასული წლის 8 თებერვალს დაიწყო, როცა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ჯერ კიდევ უმრავლესობას წარმოადგენდა.
მოსახლეობისადმი პრეზიდენტ სააკაშვილის დაგეგმილი მიმართვის წინ ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მომხდარმა ძალადობრივმა ინციდენტმა, რომლის დროსაც "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი ჩიორა თაქთაქიშვილი და პარტიის მხარდამჭერი გიგა ნასარიძე დაშავდნენ, კიდევ უფრო გააღრმავა პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს შორის დაძაბულობა. მეორე დღეს სამართალდამცველებმა დეპუტატ ჩიორა თაქთაქიშვილის ფიზიკური შეურაცხყოფისთვის გიორგი მამალაძე დააკავეს.
ამ ფაქტიდან დაახლოებით 1 წლის შემდეგ "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, დეპუტატი ნუგზარ წიკლაური აღმოჩნდა სასტიკი თავდასხმის ობიექტი. მას 30 მარტს, ღამით, სახლთან სამი მანქანით რამდენიმე ნიღბიანი დახვდა, რომლებმაც მისი გატაცება სცადეს. წიკლაურის თქმით, თავდამსხმელებმა ელექტროშოკიც გამოიყენეს.
ამის შემდეგ სულ რაღაც ორ თვეში, 2014 წლიდ 3 მაისს ყოფილი "სოდის" უფროსის, ერეკლე კოდუას ძმა, ბიზნესმენი დავით კოდუა ხელკეტებითა და ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებულმა პირებმა ელექტროშოკით გათიშეს და სასტიკად სცემეს. მომხდარს კოდუას მეუღლე და მისი ახლობლები პირად ანგარიშსწორებას მიაწერდნენ და ასეც აღმოჩნდა. მეორე დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 38 წლის ნოშრევან ნამორაძე დააკავა. ნამორაძემ აღიარა, რომ ცემის მოტივი პირადი შურისძიება იყო. მას აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.
მაისის თვე საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა მწერალ მამუკა ხერხეულიძისა და ზურაბ ჭიაბერაშვილისთვის. ორიოდე კვირის წინ, დღისით, ბარნოვის ქუჩაზე, კაფე "ანტრეში" ხერხეულიძე ცეცხლსასროლი იარაღით ფეხში დაჭრეს. ინციდენტის შესახებ მისი ოჯახის წევრები ხმამაღლა არ საუბრობენ, თუმცა თავად "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ფაქტი პოლიტიკურ მოტივად შეაფასეს, ვინაიდან ხერხეულიძე პარტიის აქტიური მხარდამჭერია.
ბოლო ასეთი შემთხვევის მსხვერპლი "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერი, ზურაბ ჭიაბერაშვილი და ნოდარ ლადარია გახდნენ. მათ რეზო თაბუკაშვილმა და გიორგი მგელაძემ ჯერ ფინჯანით ცხელი ჩაი შეასხეს სახეში, შემდეგ კი მათ დაზიანებები მიაყენეს. ამჯერად ტრავმები სიცოცხლისთვის ნაკლებად საშიში აღმოჩნდა. დაშავებულები საავადმყოფოში მალევე გადაიყვანეს, პირველადი დახმარების აღმოჩენის შემდეგ კი კლინიკიდან გაწერეს.
ზურაბ ჭიაბერაშვილის და ნოდარ ლადარიას მიმართ თავდასხმის ფაქტზე, გამოძიება უკვე დაიწყო. საგამოძიებო მოქმედებები სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.
საყურადღებოა, რომ სწორედ მაშინ, როდესაც ქვეყნის სათავეში მყოფი მაღალჩინოსნები სამართლიანობის აღდგენაზე საუბრობენ, ქვეყანაში პოლიტიკურ ოპონენტებზე თავდასხმების ციკლი არ წყდება, რაც ზოგისთვის პირად ანგარიშსწორებად, სხვებისთვის კი "ხალხის მიერ აღდგენილ სამართალთან" არის გაიგივებული.
სალომე შიხაშვილი, Ambebi.ge