იმ დროს, როდესაც ჩემპიონთა ლიგის ფინალი დასასრულს უახლოვდებოდა, გორში არანაკლებ დაძაბული მდგომარეობა პოლიტიკური პარტიების აქტივისტებს ქუჩაში ჰქონდათ. არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს 5 მაისს, ღამის პირველ საათზე, სტალინის მუზეუმის ტერიტორიაზე ოქრუაშვილის პარტიის აქტივისტები მიადგნენ და ოქრუაშვილის პლაკატებთან გორის მერობის კანდიდატის, ვასილ ბუთხუზის პლაკატების გაკვრა აუკრძალეს.
"მეგონა ისევ 2004-2005 წლები დაბრუნდა. სავარაუდოდ, ტყვიაველები იყვნენ, საქმის გარჩევა დამიწყეს და დაგვესივნენ. აქ ნუ აკრავთ თქვენს პლაკატებსო. შევწყვიტეთ იმ ადგილზე მუშაობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზრდებოდა ინციდენტი", - აცხადებს არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი სოსო ბორცვაძე.
მისი თქმით, ჯგუფის რაოდენობა დაახლოებით 15-20 კაცისგან შედგებოდა. "ქართული პარტიის" აქტივისტები აცხადებენ, რომ სოსო ბორცვაძეს მხოლოდ ის ურჩიეს, რომ პლაკატები მათ პლაკატებზე ზედ არ გადაეკრათ.