"ცეკვავენ ვარსკვლავებში" გასულ კვირას კონკურსანტები ისტორიულ პერსონაჟებს ასახიერებდნენ. კატო კვიციანმა მეწყვილე რეზიკო რობაქიძეთან ერთად, კოლხი მედეა და იაზონი განასახიერა. წყვილმა "ნელი ვალსი" წარადგინა და ჟიურის მაღალი შეფასება დაიმსახურა.
ის კი არა, კატომ თავისი ოსტატობით, გოჩა ჩერტკოევი ისე გააოცა, რომ ჟიურის ყველაზე მკაცრმა წევრმა კონკურსანტისთვის არც სიტყვიერი შექება დაიშურა და მის მიმართ აღფრთოვანება ქულითაც (10-ანი) გამოხატა.
"ამბები.გე" კატო კვიციანს გაესაუბრა.
- პროფესიონალურად არასდროს მიცეკვია. უბრალოდ, ბავშვობაში ცეკვასთან ისეთი შეხება მქონდა, როგორც ყველას - ქართულ ცეკვებზე ცოტა ხანს დავდიოდი. ხომ იცით, პატარები, სხვადასხვა წრეზე რომ დადიან ხოლმე, ისე.
- ამ პროექტში მონაწილეობა რომ შემოგთავზეს, მაშინვე დათანხმდი?
- არა, რა თქმა უნდა. ბევრი ვიფქრე. არ მინდოდა, მასში ჩართვა არა იმიტომ, რომ არ მინდოდა, უბრალოდ იმიტომ, რომ არ ვიცოდი, ჩემი ფიზიკური მომზადებით შოუს კონკურსანტობას რამდენად გავქაჩავდი (კუნთები ფორმაში უნდა გქონდეს, რადგანაც სერიოზულ დატვირთვას იღებ), ამიტომ ვერიდებოდი. თან, არ მინდოდა, საშუალოდ მეცეკვა, თუ ჩავერთვებოდი, კარგად უნდა გამომსვლოდა.
- სპორტითაც არასდროს დატვირთულხარ?
- კი, როგორ არა. ვვარჯიშობდი, მაგრამ მერე კარაგა ხანს პაუზა მქონდა. პაუზის დროს მოგეხსენებათ, სხეული და კუნთები დუნდება, ჰოდა, სწორედ ამ პერიოდს დაემთხვა, "ცეკვავენ ვარსკვლავებისგან" წინადადების მიღება. მოკლედ, დავთანხმდი და ვარჯიში რომ დავიწყე, მთელი სხეული ამტკივდა. რა ცეკვებიც წარმოვადგინე, თითოეულის მომზადებისას, სხეულის ახალ-ახალი ნაწილი მტკივდება. თავიდან ხერხემალმა შემაწუხა. სხეულზეც სხვადასხვა ადგილას დაბეჟილობები მქონდა, ფეხები დამიწყლულდა. ''ტანგო'' რომ ვიცეკვე, ფეხი ისე მტკიოდა, რომ ფეხსაცმელი მაშინვე გავიხადე...
- "ნელი ვალსი" რომ შეასრულე, გოჩა ჩერტკოევი გაოცდა და ასეთი რამ გითხრა (ვეცდები, მისი ტექსტის სრულ ციტირებას): "ადრე გითხარი, ჩუმი ნიჭიერი ხარ და ახლა ვნახე, რომ ძლიერი ნიჭიერი ხდები. ისეთი ილეთები გააკეთე, კორპუსი ისე შეინარჩუნე ცეკვისას, რომ არ დაიშალე და ყოჩაღ! ვერც კი მიხვდი, რა მოძრაობები გააკეთე. მოკლედ, პირი ღია დამრჩა"...
- მაგ სიტყვების მოსმენისას, სერიოზული შოკი მქონდა, ისეთი, რომ ჩემი შვილის დაბადების დღე იყო, ეკრანიდან მილოცვა მინდოდა და თითქოს დავმუნჯდი, ვერ მივულოცე. გიორგი ყიფშიძე რაღაცებს მეკითხებოდა, რა კომენტარს გააკეთებ, ჟიურის შეფასება მოგეწონაო? და შოკში ჩავარდნილმა ვერაფერი ვუპასუხე... არ ველოდი ასეთ შეფასებას, მით უმეტეს, გოჩასგან. არ მინდა, ვინმემ ცუდად გამიგოს, მაგრამ მანამადე ჟიური მაინცდამაინც არ მწყალობდა. იმ დღეს კი ერთი ცხრიანისა და 3 10-იანის დანახვისას, კინაღამ მართლა დავმუნჯდი...
- არადა, როდესაც ჟიური მაინცდამაინც არ გაქებს, კონკურსანტს, შესაძლოა, ამან სტიმული დააკარგინოს. შენთან პირიქით მოხდა.
- კი, მე თანამბრად ვემზადები ნებისმიერ ტურისთვის. არ ვუშინდები სირთულეებს, ყოველთვის ჩემს თავზე ვიღებ ცეკვის ძირითად ხაზს, დატვირთვა სულ ჩემზე მოდის და არა მეწყვილეზე. რაც სხვა შემთხვევაში, შეიძლება ასე არ მოხდეს. შეიძლება, ქორეოგრაფებმა ცეკვა ისე დაგიდგან, რომ აქცენტი შენზე კი არა, პარტნიორზე მოდიოდეს. ამას ყოველთვის გავურბი. ყველაფერს ჩემ თავზე ვიღებ... მოკლედ, სტიმულისთვის ჟიურის მაღალი ქულები და შექება, ნამდვილად სასიხარულოა.
- როგორ ფიქრობ, რა შანსები გაქვს?
- რაც შეეხება შანსებს, არ ვიცი, ვნახოთ, რა იქნება მომავალში, თუმცა ჩემს გულშემატკივარს მაინც მივმართავ: 95 109 დამიმესიჯონ!
ლალი ფაცია
სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის