უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

უკრაინაში დღეს საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. გადაწყვეტილება, ქვეყანაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის თაობაზე, უკრაინის უმაღლესმა რადამ მას შემდეგ მიიღო, რაც ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი გადადგა და რუსეთში გაიქცა.

არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარებას 52 ათასი მილიციელი უზრუნველყოფს. "ლიგა.ნეტ"-ის ინფორმაციით, ამის შესახებ შს მინისტრის თანაშემწემ სტანისლავ რეჩინსკიმ განაცხადა. მისი ინფორმაციით, მილიციის გარდა, მობილიზებული იქნება საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის 11 ათასი თანამშრომელი. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მილიციის უმაღლესი სასწავლებლების 11 ათასი კურსანტი და ეროვნული გვარდიის 16 ათასი ჯარისკაცი იმორიგევებს.

უკრაინის მთავრობის გადაწყვეტილებით, საგადასახადო მილიციის რიგებიდან ფორმირებულია დამატებითი რაზმები საარჩევნო უბნების დასაცავად.

არჩევნებში უკრაინის პრეზიდენტობის პოსტზე კენჭს სულ 21 კანდიდატი იყრის. თუ ხმების დათვლის შემდეგ ვერც ერთი კანდიდატი ვერ დააგროვებს ამომრჩეველთა ხმების 50%-ს, უკრაინაში არჩევნების მეორე ტური გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას პირველი ტურის ორი ფავორიტი კანდიდატი მიიღებს.

თავდაპირველად არჩევნებისთვის უკრაინაში 225 საარჩევნო ოლქი შეიქმნა, თუმცა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, საარჩევნო ოლქების რაოდენობა 213-მდე შემცირდა.

ამასთან, უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილის ზოგიერთ ოლქში პრორუს სეპარატისტებს ამ დრომდე დაკავებული აქვთ ადმინისტრაციული შენობები და საარჩევნო კომისიები. სეპარატისტთა ლიდერების განცხადებით, ისინი არ დაუშვებენ საპრეზიდენტო არჩევნების გამართვას თვითგამოცხადებული დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში. უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ლუგანსკში 1 771 873 ამომრჩეველია, დონეცკის ოლქში კი - 3 289 616.

პარალელურად, უკრაინის აღმოსავლეთ ოლქებში გრძელდება ანტიტერორისტული ოპერაცია, რომელსაც უკრაინის ხელისუფლება ახორციელებს. უკრაინის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელის, ვალენტინ ნალივაიჩენკოს განცხადებით, არჩევნების დღეს სპეცოპერაციები არ ჩატარდება.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმი. თუმცა, ყირიმში მცხოვრებ უკრაინის მოქალაქეებს საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემა ქვეყნის სხვა რეგიონებში შეეძლებათ.

უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ქვეყანაში სულ 35 500 913 ამომრჩეველია.

ამომრჩეველთა კომიტეტის ცნობით, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში არსებული ვითარების გამო არჩევნებში მონაწილეობას ამომრჩეველთა თითქმის 5% ვერ მიიღებს.

უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებს 2 785 უცხოელი დამკვირვებლი დააკვირდება.

სოციოლოგიური კვლევების ბოლო მონაცემებით, წინასაარჩევნოდ ლიდერობს კორპორაცია "როშენის" მფლობელი, ბიზნესმენი, უმაღლესი რადას დეპუტატი პეტრო პოროშენკო.

ჟურნალ "ფორბსის" 2014 წლის მონაცემებით, პეტრო პოროშენკოს ქონება 1,3 მილიარდი დოლარია. უკრაინელი ბიზნესმენი ქვეყნის ევროპულ კურსს უჭერს მხარს და მაიდნის აქტიური მხარდაჭერით გამოირჩეოდა. 2009 წელს პეტრო პოროშენკო იულია ტიმოშენკოს მთავრობაში საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე იყო, 2012 წელს კი მას ეკონომიკის მინისტრის პოსტი ეკავა.

ამასთან, სოციოლოგიური კვლევების მონაცემებით, მეორე ადგილზეა უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო, რომელსაც გამოკითხულთა 8,4% უჭერს მხარს.

25 მაისის უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად გაიმართება კიევის მერის არჩევნები. ზოგიერთ რეგიონში - კერძოდ, ოდესაში, ნიკოლაევში, ხერსონში, ჩერნოვცახში, ქვეყნის სამხრეთ და დასავლეთ ნაწილში თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება.

უკრაინაში საპროტესტო გამოსვლები გასული წლის ნოემბერში მას შემდეგ დაიწყო, რაც ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა უარი თქვა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერაზე.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა