შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დარიალის ხეობაში, საავტომობილო გზაზე, მეწყერის შედეგად ჩამოშლილი მიწის მასიდან მეორე სატვირთო ავტომანქანის ნაწილები ამოიტანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მაშველებმა ჩატარებული საძიებო სამუშაოების დროს სავარაუდოდ რუსეთის მოქალაქის კიდევ ერთი ცხედარი აღმოაჩინეს.
მათივე განმარტებით, მიმდინარეობს იდენტიფიცირება და ცხედარი ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაასვენეს.
"შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ დღემდე ჩატარებული გაწმენდითი და საძიებო-სამაშველო სამუშაოების შედეგად დარიალჰესის გვირაბში ნაპოვნია ერთი სატვირთო ავტომანქანა და ერთი ტრაქტორი, საავტომობილო გზის გაწმენდის შედეგად – 5, ხოლო ნაშალი მიწის მასიდან ორი სატვირთო ავტომანქანა ამოიტანეს. საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლები 24 საათიან რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას. ამ დრომდე დაკარგულად ითვლებოდა 6 პირი. მიმდინარეობს საძიებო-სამაშველო სამუშაოები ოთხი პირის საპოვნელად", - აცხადებენ უწყებაში.
ამასთან, ერთი ცხედარი დარიალის ხეობაში გუშინ იპოვეს.