სხვა რა შეიძლება უწოდო მას, თუ არა დიადი?! კაცს, რომელმაც შეძლო იშვიათი სპორტული ავტომობილები, განუმეორებელი დიზაინი შექმნა და ამით თავისი სახელი უკვდავყო. დღეს ის 116 წლის იქნებოდა. მომავალი მეწარმის, ავტომრბოლელისა და დიზაინერის, ენცო ანსელმო ფერარის ცხოვრება თავიდანვე უჩვეულოდ დაიწყო: 1898 წლის 18 თებერვალს, იტალიის ქალაქ მოდენის გარეუბანში დაბადებული ბავშვი, მშობლებმა ორი დღე რეგისტრაციაში ვერ გაატარეს, რადგან ძლიერი თოვის გამო ცენტრამდე ვერ ჩავიდნენ...
ენცო 10 წლისა იყო, როცა მამამ უფროს ძმასთან ერთად ბოლონიაში, ავტორბოლის სანახავად წაიყვანა. შეჯიბრება იმ დროს სახელგანთქმულმა ფელის ნაზარომ მოიგო, თვით სანახაობამ კი გაუხუნარი შთაბეჭდილება მოახდინა ბიჭზე.
ენცო მამით ადრე დაობლდა, მან მაშინვე დაანება სკოლას თავი და ოჯახის რჩენა გადაწყვიტა.
1918 წელს, პირველი მსოფლიო ომის დამთავრებისთანავე ენცომ ”ფიატის” საავტომობილო კომპანიაში მუშაობის დაწყება სცადა, მაგრამ მისთვის ვაკანსია არ აღმოჩნდა. იმავე წლის დამლევს, ტურინში, გამომცდელი მძღოლის ადგილი იშოვა ერთ მომცრო კომპანიაში, რომელიც მილანში მდებარე იტალიურ-არგენტინული კომპანიისთვის შასის აწყობდა.
ერთი წლის შემდეგ ახალგაზრდა ფერარი მილანში, კომპანია CMN-ში (Costruzioni Meccaniche nazionali) გადადის და მალე საავტომობილო რბოლებში მონაწილეობს. მისი დებიუტი 1919 წლის ოქტომბერში მეოთხე ადგილით დაგვირგვინდა. იმავე წელს იგი მეორე შეჯიბრებაშიც გამოვიდა, მაგრამ უარესი შედეგი აჩვენა, რადგან საწვავის ავზის სამაგრ ღვედებთან დაკავშირებული პრობლემის გამო, გზაში 40 წუთი დაკარგა.
ბიზნესიდეა გრაფინიასგან
1920 წელს ენცო 6-ლიტრიანი, 4-ცილინდრიანი Alfa Romeo Type 40/60-ით ახალ რბოლაში მონაწილეობდა. ასე დაიწყო ენცო ფერარის ურთიერთობა მილანელ ავტომწარმოებლებთან, რომელიც 20 წელიწადს გაგრძელდა და კარიერა, რომელმაც გამომცდელი მძღოლი და ავტომრბოლელი, ჯერ კომერციული თანაშემწე, შემდგომ კი კომპანია Alfa Racing Division დირექტორი გახადა. ეს თანამდებობა ფერარის
1939 წლის ნოემბრამდე ეკავა.
1923 წელს ფერარიმ, ერთ-ერთ რბოლაში გამარჯვების შემდეგ, გრაფინია ბარაკა გაიცნო, რომელმაც მას თავისი წარწერიანი ფოტოსურათი უსახსოვრა და ნება დართო, რბოლების დროს, თილისმად, თავის ავტომობილებზე გაჭენებული ცხენის სილუეტი გამოეყენებინა. ეს სიმბოლო მანამდე გრაფინიას ვაჟის, ფრანჩესკო ბარაკას თვითმფრინავზე იყო გამოსახული. იგი, როგორც უმაღლესი კლასის პილოტი, პირველ მსოფლიო ომში იბრძოდა. ფერარიმ ცხენის სილუეტს ყვითელი ფონი დაუმატა - მისი მშობლიური მოდენის ფერი. ასე შეიქმნა “ფერარის” სახელგანთქმული ემბლემა.
1927 წელს, ერის წინაშე სპორტში გაწეული ღვაწლის აღსანიშნავად, ფერარის საპატიო წოდება - Commendatore მიენიჭა. იმავე წელს ენცომ Modena Cicruit-ის რბოლაში, Alfa Romeo 6C 1500-ით გაიმარჯვა. მომდევნო წელს ის იმავე რბოლაში და იმავე მანქანით კვლავ პირველ ადგილზე გავიდა. 1929 წელს მოდენაში ენცომ თავისი გუნდი - Scuderia Ferrari ჩამოაყალიბა, რომელიც დღემდე არსებობს და სხვადასხვა სერიის უამრავი რბოლის გამარჯვებულია. ენცო ფერარიმ ინტენსიური მუშაობა დაიწყო სპორტულ ძრავებზე. ფერარი თავის გუნდთან ერთად, აქტიურად მონაწილეობდა ავტო (ძირითადად, “ალფა რომეოს” მანქანებით) და მოტორბოლებში.
ენცო ფერარის ბოლო რბოლა 1931 წლის 9 აგვისტოს გაიმართა. ამ დროს ის მამობისთვის
ემზადებოდა (ალფრედო, რომელსაც უმეტესად, უბრალოდ დინოს ეძახდნენ, 1932 წლის იანვარში დაიბადა), თანაც, სპორტული დირექტორის მოვალეობები სულ უფრო მეტ დროს ართმევდა.
თავისი პირველი სარბოლო ავტომობილი ენცომ 1937 წელს “ალფა რომეოსთვის” ააწყო
და Alfa Romeo 158-ს მეტსახელად Alfetta დაარქვა. ორი წლის შემდეგ კი, კომპანიასთან უთანხმოების გამო (ფერარი მის მიერ შექმნილი ავტომობილების დასახელებაში თავისი გვარის შეტანას მოითხოვდა), მისი გუნდი გამოეყო “ალფა რომეოს” და ენცომ მოდენაში თავისი საწარმო Auto Avio Costruzioni Ferrari დააფუძნა. მილანიდან წასვლისას ის დარწმუნებული იყო, რომ ოდესმე აჯობებდა გუნდს, სადაც 20 წლის განმავლობაში ასპარეზობდა.
”ფერარის” ქარხანაში ორი სარბოლო საავტომობილო მოდელის შექმნაზე მუშაობდნენ, როცა მეორე მსოფლიო ომი დაიწყო. მუშაობა მხოლოდ ომის დამთავრების შემდეგ განახლდა. იმთავითვე შორს გამიზნული გეგმა იმით გამოირჩეოდა, რომ 12 ცილინდრიანი 1500 კუბ/სმ მოცულობის ძრავა არა მარტო სარბოლო, არამედ ჩვეულებრივ მანქანებშიც უნდა გამოეყენებინათ. 1947 წლის 2 მარტს ენცო ფერარიმ თავად გამოიყვანა საწარმოს ეზოდან თავისი პირმშო- პირველი 125 S-ი.
”ფერარი” მხოლოდ მცირე პარტიებად და მხოლოდ ხელით აწყობილ მანქანებს აწარმოებს. ისინი უდიდესი სისწრაფითა და იშვიათი სილამაზით გამოირჩევა.
იხილეთ გაგრძელება