საქალაქო სასამართლომ ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ბაჩო ახალაია, ლევან ქარდავა და გიორგი მაზმიშვილი პატიმრობაში დატოვა.
აღნიშნული გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ბაჩო ახალაიამ პროტესტის ნიშნად სასამართლო დარბაზი ხმაურით დატოვა, რის გამოც მოსამართლე მერაბ ჯორბენაძემ იგი პროცესიდან გააძევა.
ახალაიას, ქარდავას და მაზმიშვილის ადვოკატები მათი დაცვის ქვეშ მყოფებისთვის აღმკვეთი ღონისძიების - პატიმრობის 30 ათასლარიანი გირაოთი შეცვლას ითხოვდნენ. ბაჩო ახალაიამ შუამდგომლობის დროს განცხადება გააკეთა.
"წელიწადნახევრის განმავლობაში შვიდჯერ შემიფარდეს პატიმრობა აღმკვეთ ღონისძიებად. მიუხედავად იმისა, რომ ამის არანაირი საფუძველი არ არსებობდა. 2012 წელს მე ჩემი ფეხით მივედი პროკურატურაში. ვიცოდი მეც და ჩემმა ოჯახმაც, რომ აუცილებლად დამაპატიმრებდნენ, თუმცა, ეს მაინც გავაკეთე. ქვეყანას მართავს რუსეთის წარმომადგენელი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ებრძვის იმ ადამიანებს, ვინც რუსეთს ებრძოდა წლების განმავლობაში საქართველოს ინტერესების დასაცავად. მათ შორის არიან ვანო მერაბიშვილი და ზურაბ შამათავა, რომლებიც ასევე პატიმრობაში იმყოფებიან.
საქართველოს მართავს რუსი ივანიშვილი, ჩემი მთავარი ამოცანა კი საქართველოში დარჩენა და აფხაზეთის დაბრუნებაა", - განაცხადა ბაჩო ახალაიამ აღმკვეთი ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებული შუამდგომლობის დროს. გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ კი პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვა.
ახალაიამ აღნიშნა, რომ მოსამართლის გადაწყვეტილება მისთვის მოსალოდნელი იყო. "ზუსტად ვიცოდი, რომ ამ გადაწყვეტილებას მიიღებდით, მიუხედავად იმისა, რომ ჩემთან ერთად ბრალდებულების, 16 პირის პრეცედენტი გიდევთ წინ, აღნიშნული 16 პირი გაათავისუფლეს პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ, და ისინი დადიოდნენ სასამართლოში. ეს ყველაფერი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და პატიმრობაში ჩემი ყოფნაც პოლიტიკურ ინტერესებს ეფუძნება", - აღნიშნა ბაჩო ახალაიამ და სასამართლო დარბაზი ხმაურით დატოვა.
მასთან ერთად დარბაზს ტოვებდნენ ლევან ქარდავა და გიორგი მაზმიშვილიც. თუმცა მოსამართლემ ისინი დააბრუნა და ჰკითხა პროცესის დატოვების მიზეზი. ქარდავამ აღნიშნა, რომ თავს შეუძლოდ გრძნობდა და ამიტომ სურდა წასვლა. რის შემდეგაც პროკურორის მოთხოვნით სასამართლოში ექიმი გამოიძახეს. პროცესზე ამ მოტივით შესვენებაა გამოცხადებული.