ბოლო განახლება: ოჩხამურში ცოლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჩხამურში ქმარმა ცოლი მოკლა და მიიმალა. მკვლელობა დღეს, დილის 6.00 საათზე მოხდა. გარდაცვლილი 8 შვილის დედა იყო და მეცხრეზე ფეხმძიმედ იმყოფებოდა. ოჯახი სოციალურად დაუცველი იყო. ამჟამად გარდაცვლილის ოჯახში სოციალური სააგენტოს თანამშრომლები იმყოფებიან და ბავშვების მეურვეობასთან დაკავშირებით შესაბამის ღონისძიებებს მოგვიანებით მიიღებენ.
მეზობლების თქმით, მკვლელობის შესახებ გარდაცვლილის ერთ-ერთი მცირეწლოვანი შვილისგან შეიტყვეს. სავარაუდოდ, ბავშვი მკვლელობის თვითმხილველი გახდა. მათივე თქმით, ცოლ-ქმარს ბოლო 1 წლის განმავლობაში დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა და ქალბატონი მეუღლესთან დაშორებას აპირებდა.
"1 წელი ძალიან დაძაბულობა იყო მათ შორის, ქალს დაშორება უნდოდა, მილიციაც ჩარიეს... მაგრამ ასე დასრულდა, ნაჯახი ჰქონია კისერში ჩარტყმული", - ამბობს მეზობელი.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჩხამურის რწმუნებულის, როლანდ ბერიძის ინფორმაციით, ფეხმძიმე ქალს ყელი ჰქონდა გამოჭრილი.
რწმუნებულმა განმარტა, რომ მკვლელობა, სავარაუდოდ ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე, დილის 06.00 საათზე მოხდა.
"დილის 7-ის ნახევარზე დამირეკეს და გამაგებინეს, რომ სოფელ ოჩხამურში მკვლელობა მოხდა. მივედი ადგილზე და დამხვდა ასეთი სურათი - 30 წლის რუსუდან ბერიძისთვის ქმარს ყელი გამოუჭრია. ის მრავალშვილიანი დედა იყო და კიდევ ფეხმძიმედ იყო. რა გახდა მკვლელობის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. სავარაუდოდ, ოჯახური კონფლიქტი მოხდა", - აღნიშნა როლანდ ბერიძემ.
მისივე განმარტებით, ოჯახი სოციალურად დაუცველი და გაჭირვებული იყო.