ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, სურსათის უვნებლობის საკითხი განსაკუთრებით მწვავე ხდება. სიცხე, არასწორი შენახვის პირობები, სანიტარული ნორმების დაუცველობა – ეს პრობლემები განსაკუთრებით აქტუალურია, როდესაც საქმე ქუჩაში, ტროტუარებზე გასაყიდად გამოტანილ საკვებს, მათ შორის ყველსა და სხვა რძის პროდუქტებს შეეხება.
მარილწყალში ყველი შედარებით დიდხანს ინახება, თუმცა უმარილო ჭყინტი ყველი მაცივარშიც კი ერთ კვირაზე მეტს ვერ ძლებს. უმაცივროდ არც სულგუნის, განსაკუთრები კი რბილის, შენახვა შეიძლება. შედარებით დიდხანს ინახება შებოლილი სულგუნი. გარდა ამისა, აუცილებელია სანიტარული ნორმების დაცვა, როგორც მომზადების, ასევე რეალიზაციის დროს.
მიუხედავად ამისა, ჩვენს სინამდვილეში ყველი ხშირად არაჰიგიენურ პირობებში იყიდება. ტროტუარებზე მოწყობილ სახელდახელო დახლებზე პოლიეთილენის პარკებში გახვეული ყველი გვხვდება, რომელსაც ცოტა მარილწყალიც აქვს დატოვებული. მარილწყალი ალბათ, შენახვის ვადას ზრდის, მაგრამ საინტერესოა, რომ ყველით მოვაჭრეები ამ მარილწყალსაც ყველის ფასად ყიდიან. პარკში გადახვეულ ყველთან შედარებით, ჰიგიენური თვალსაზრისით უფრო სახიფათოა ყველი, რომელიც ყოველგვარი შეფუთვის, ან გადასაფარებლის გარეშე ღია დახლებზე იყიდება. სიცხე, მწერები, ქუჩის მტვერი, ავტომანქანების გამონაბოლქვი – ეს არასრული ჩამონათვალია იმისა, რამაც შეიძლება ჯანმრთელობისთვის საზიანო ბაქტერიების გამრავლება გამოიწვიოს.
კიდევ ერთი დეტალი, რაც გარემოვაჭრეთა მიერ ყველის შენახვის პირობების დარღვევას უკავშირდება, პლასტმასის კონტეინერებია, რომელთა სისუფთავესაც არავინ აკონტროლებს. თუმცა თავად მოვაჭრეები ამ საკითხს პრობლემურად არ მიიჩნევენ.
როგორც ერთ-ერთი გამყიდველი ამბობს, ის ყველს ზესტაფონში, ბაზარში საბითუმოდ ყიდულობს და რეალიზაციამდე კონტეინერში ინახავს. ამასთან, მისივე თქმით, ყველს მაცივარში შენახვა არ სჭირდება. მოვაჭრეები პრობლემად არც ქუჩაში რეალიზაციას მიიჩნევენ.
"აქ მაქვს პლასტმასის "ბოჩკები", ყველს ყოველდღე ვიღებ და "ბოჩკაში" ვინახავ. ყველაფერი გარეთ იყიდება დღეს – პური, ძეხვი, თევზი. მე ჯიხური მაქვს, მინდა შიგნით შევიტან ამ პროდუქტს, მინდა დავკეტავ", - ამბობს ერთ-ერთი ყველით მოვაჭრე.
ქუჩაში ყველის შეძენისას მომხმარებელს მისი გასინჯვაც შეუძლია, რაშიც საფრთხეს როგორც ჩანს, ვერც გამყიდველი და ვერც მყიდველი ვერ ხედავს. თუმცა საფრთხე აშკარაა – გაურეცხავი ყველი და დანა, რომელსაც სავარაუდოდ დღის განმავლობაში გამყიდველი ვერ რეცხავს ერთი მარტივი მიზეზის გამო - ქუჩაში, ტროტუარებზე ონკანები არ არის.
გამყიდველებისგან განსხვავებული პოზიცია აქვთ მომხმარებლებს. მყიდველთა უმრავლესობა მიიჩნევს რომ ქუჩაში, გარე დახლებზე საკვების შეძენა უსაფრთხო არ არის. მთავარ პრობლემად ისინი სანიტარული ნორმების დაუცველობას ასახელებენ, თუმცა არიან ისეთი მომხმარებლებიც, რომლებიც გამყიდველის გარეგნობის მიხედვით არჩევენ ყველს.
"გარეთ ვყიდულობ ხოლმე ყველს, სიმართლე რომ გითხრა, არ მომწონს, მაგრამ დავდივარ ბორჯომის ვაგზალზე და ძირითადად იქ ვყიდულობ, ან მაღაზიაში. სანიტარული პირობები საშინელ მდგომარეობაშია, თუ მომეწონება თვითონ გამყიდველი, სისუფთავე ადამიანს ემჩნევა, მაშინ მივალ და ვიყიდი",-ამბობს ერთ-ერთი მომხმარებელი.
თუმცა ყველის მოყვარულთა უმრავლესობისთვის ქუჩაში ყველის შეძენა მიუღებელია – "გარეთ არასოდეს ვყიდულობ ყველს, ვყიდულობ კონკრეტულ ადგილას, ერთ-ერთ შენობაში. ქუჩაში რომ აქვთ გასაყიდად გამოტანილი, იმას არასოდეს ვიყიდი. არაჰიგიენურია, ანტისანიტარიაა, მტვერი და სიბინძურე ედება, მანქანების გამონაბოლქვიც აბინძურებს. რა თქმა უნდა, სახიფათოა", - ამბობს ერთ-ერთი მყიდველი.
ყველით ვაჭრობისას სანიტარული ნორმების დაცვის აუცილებლობაზე საუბრობენ სპეციალისტებიც. "სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის" წარმომადგენელი ლია თოდუა ამბობს, რომ ყველით ვაჭრობისას ასევე დაცული უნდა იყოს შენახვის პირობები.
"უმარილო ყველი საშიში პროდუქტია. შეიძლება საკმაოდ მალე გაფუჭდეს. ძალიან მნიშვნელოვანია ჰიგიენური პირობების დაცვა ყველის გაყიდვისას. ტროტუარებზე და მოუწყობელ პირობებში ძალიან იოლად დაბინძურდება, შესაძლებელია სხვადასხვა ბაქტერიების განვითარება დაიწყოს მასზე. ყველი არის ის პროდუქტი, რასაც მოუხარშავად მიირთმევენ, ხშირად არც კი რეცხავენ ადამიანები. ამდენად ყველის გაყიდვისას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჰიგიენური პირობების დაცვას", - აცხადებს ლია თოდუა.
ყველი ერთერთი სასარგებლო, თუმცა მალფუჭებადი პროდუქტია. მისი შენახვის და რეალიზაციის დროს სანიტარული ნორმების დარღვევა შესაძლოა, ჯანმრთელობისთვის საზიანო აღმოჩნდეს.
ეს კარგად იციან ევროკავშირის ქვეყნებში, სადაც რძის პროდუქტების, მათ შორის ყველის ხარისხი უმკაცრესად კონტროლდება. პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ დასავლეთის ქვეყნებში კუსტარულად ყველის დამზადება წარმოუდგენელია. თუ ვინმეს მსგავსი რამ თავში მოუვა, ის ფალსიფიკაციის მუხლით დაისჯება – მსხვილი ჯარიმით დაწყებული და ციხით დამთავრებული.
ევროპაში თუ ამერიკაში ყველის ეტიკეტზე ხაზგასმით უნდა იყოს მითითებული, რომ პროდუქტის დამზადებისას დაცული იყო სანიტარული ნორმები. დასავლეთში ყველის ხარისხის კონტროლი განსაკუთრებულად მას შემდეგ გამკაცრდა, რაც 2008 წელს კვებეკში უხარისხო ყველით 88 ადამიანი მოიწამლა – მათგან ერთი გარდაიცვალა.
საქართველოსგან განსხვავებით, (ჩვენთან ყველი აუდუღარი რძისგან მზადდება), რიგ ქვეყნებში მხოლოდ პასტერიზებული რძისგან დამზადებული ყველი იყიდება, ასევე მკაცრად მოწმდება შენახვის პირობებიც.
სამწუხაროდ, საქართველოში საერთოდ არ არსებობს ყველის კონტროლის მექანიზმი. სხვათა შორის, 2014 წლის 20 მარტს საქართველოს მთავრობამ საქართველოს პარლამენტში წარადგინა "სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის" ცვლილების პროექტი. არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად განხილული კანონპროექტის ვერსიით, კანონში შედიოდა არსებითი ცვლილება, რომლის თანახმად მკაცრდებოდა და ფართოვდებოდა სურსათის უვნებლობის კონტროლი. ამასთან, სურსათის უვნებლობის ცონტროლს უნდა მოეცვა არა მხოლოდ მსხვილი ქარხნები, რესტორნები და სუპერმარკეტები, არამედ სურსათის კუსტარული წარმოებაც, რომელიც რიგ სფეროებში საქართველოს ბაზრის ძირითადი მომმარაგებელია (მაგალითად, "იმერული" ყველი და "სოფლის" მაწონი მთლიანად კუსტარულად იწარმოება). თუმცა პარლამენტში წარდგენილ ვერსიაში ეს მიდგომა შეცვლილია და კუსტარული წარმოების კონტროლი გადავადებულია 2020 წლამდე, მაშინ როდესაც საზღვარგარეთის ქვეყნებში, როგორც ყველთან დაკავშირებით, ასევე ზოგადად სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებით, განსაკუთრებული რეგულაციები მოქმედებს.
ნათია ლეშკაშელი, Ambebi.ge