ამ ეტაპზე საქართველოს ევროკავშირის წევრობას ვერ შევთავაზებთ, მაგრამ მაქსიმალურ დაახლოებას ვთავაზობთ, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ჯოზე მანუელ ბაროზომ ბრიუსელში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"აღნიშნული ხელშეკრულება არ გახლავთ სტანდარტული სახის ხელშეკრულება. ეს არის ეკონომიკური ინტეგრირებისა და პოლიტიკური ასოცირების ხელშეკრულება - სრული წვდომა ევროპის ბაზარზე, რომელიც ყველაზე დიდია მსოფლიოში. ძალიან ადვილია გავიგოთ, რომ მცირე თუ მსხვილი ბიზნესისთვის საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო ქართულ ბაზარზე გათვლის გაკეთება, რომელიც შეზღუდულია, რადგან დიდი ქვეყანა საქართველო არ გახლავთ, არამედ ჰქონდეს წვდომა მსოფლიოში ყველაზე დიდ ბაზარზე. რა თქმა უნდა, ადაპტაციის პერიოდი უნდა იყოს გავლილი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ თვითონ რას ვაკეთებთ. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ბევრი რამ თქვენზეა დამოკიდებული, ვინაიდან ეს ასევე გულისხმობს თქვენი ეკონომიკის მოდერნიზაციას, რომ თქვენი კომპანიები უფრო კონკურენტუნარიანი გახდნენ. მაგრამ საკმაოდ დიდ წარმატებებს მიაღწიეთ უკანასკნელი წლების განმავლობაში, გქონდათ ძალიან მაღალი მიზნები დასახული, რასაც აღწევდით და თუ არ იქნება რთული პოლიტიკური მოვლენები, რაღაც სხვა გართულებები, დარწმუნებული ვიქნები, რომ საქართველო შეძლებს ეკონომიკური პროგრესის გაუმჯობესებას", - აღნიშნა ბაროზომ.
მისივე თქმით, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება საერთაშორისო, მით უმეტეს ევროპელი ინვესტორებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. "ხოლო პოლიტიკური ასოცირება რას ნიშნავს, რომ ჩვენ ერთად ვართ, რომ ფაქტობრივად მხარდამხარ ვდგავართ. ჩვენ ახლა ვერ შევთავაზებთ ევროკავშირის წევრობას საქართველოს, ამ ეტაპზე, მაგრამ მაქსიმალურ დაახლოებას ვთავაზობთ და მომავალი გვანახებს. წინასწარ არ უნდა ვეცადოთ პროგნოზების გაკეთებას, უბრალოდ მოსახლეობამ უნდა იგრძნოს თავი ახლოს ევროპასთან. დემოკრატიის მნიშვნელობა კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს არა მარტო ახალგაზრდობაში, არამედ სხვადასხვა ხელისუფლებაში საქართველოში, რომელიც ხელისუფლების სათავეში მოვა და პრემიერ-მინისტრმა ნათლად გაუსვა ამას ხაზი. ასე რომ, მოდი, ერთად ვიმუშაოთ ამისთვის და თარიღებს ნუ დავასახელებთ. ეს ხელშეკრულება ნამდვილად არ იქნება ბოლო ჩვენ ურთიერთობაში", - განაცხადა ბაროზომ.
ამასთან, ბაროზო გარანტიას აძლევს ქართველ ხალხს, რომ გარედან ვერავინ ჩაერევა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაში.