სხეულის სოლიდური წონის მქონე დიზაინერი - თეა ლომიძე იმ ფაქტის გამო წუხს, რომ მსოფლიოს წამყვანი მოდის სახლები მიმზიდველ სამოსს მხოლოდ გამხდარი ქალებისთვის ქმნიან. არადა, მისი აზრით, გალამაზება ყველაზე მეტად სუსტი სქესის პუტკუნა წარმომადგენლებს სჭირდებათ. ამიტომ "მზრუნველობამოკლებული" ფერხორციანი და არასტანდარტული აღნაგობის მქონე ქალბატონებისთვის ტანისამოსის შექმნა თეამ საკუთარ თავზე აიღო.
- თეა, ფერხორციანი ქალბატონებისთვის ტანსაცმლის შექმნა რთულია?
- მათ სამოსი ძალიან ფაქიზად უნდა შეურჩიო. ყოველთვის ვცდილობ, ჩემს შექმნილ სამოსში პუტკუნა ქალმა თავი კომფორტულად იგრძნოს. მაგალითად, როცა ქალს ძალიან დიდი ზომის მკერდი და ვიწრო თეძოები აქვს, მისთვის ისეთ მოდელს არ ვქმნი, რომ აქცენტი მკერდზე გავაკეთო. თეძოზე, წელზე ან მუხლს ქვემოთ რაიმე დეტალს "ვაგდებ", რათა ყურადღება სხეულის ამ ადგილებზე გადავიტანო.
- აღნიშნეთ, მზა ტანსაცმლის შერჩევა ბავშვობიდანვე პრობლემას მიქმნიდაო. დიზაინერის პროფესიით სწორედ ამიტომ ხომ არ დაინტერესდით?
- შესაძლოა - მაგიტომაც. სამოსს ბავშვობიდან ვიკერავ, მაღაზიაში ნაყიდს კი რაღაც დეტალს აუცილებლად ვუცვლი. სამწუხაროდ, საქართველოში ისეთი მაღაზია არ არსებობს, რომელშიც დიდი ზომის ლამაზი ტანსაცმელი იყიდება. რაც მოწონებას იმსახურებს, მხოლოდ 38-42 ზომა აქვთ.
- იქნებ იმიტომ, რომ იმავე მოდელის სამოსი პუტკუნა ქალბატონს არ მოუხდება?
- რა თქმა უნდა, რაღაც დეტალების შეცვლა აუცილებელია. ამას წინათ, ჩემთან დაბალი, მრგვალფორმებიანი გოგონა მოვიდა, ჟურნალი მიჩვენა, რომლის გარეკანზეც კლაუდია შიფერი იყო გამოსახული, ტილოს თეთრი კაბითა და ვერცხლისფერი ქამრით. მთხოვა, - ზუსტად ასეთი კაბა შემიკერეო. ტანზე მოტმასნილი თეთრი სამოსი (პლუს – ქამარი) საშინელება იქნებოდა მისთვის 5.000 დოლარი რომ გადაეხადა, მაინც არ შევუკერავდი. ყოველთვის ვცდილობ, ტანსაცმელთან დაკავშირებით, კლიენტს მისი აღნაგობისთვის არახელსაყრელი გადაწყვეტილება თავაზიანად შევაცვლევინო. ფერხორციან ქალებს წელზე აქსესუარებს კატეგორიულად არ ვუკეთებ.
- ასეთი აღნაგობის ქალბატონებისთვის ყველაზე მისაღები აქსესუარი რა არის?
- ეს გახლავთ შარფი. ის საუკეთესო "შემნიღბავი" აქსესუარია. ზოგს უნდა, რომ პუტკუნა მკლავი ან ზურგი დაფაროს, მაგრამ ზაფხულში გრძელმკლავიან ტანსაცმელს ხომ ვერ ჩაიცვამს? ასეთ დროს ყველას "მოხდილი" სამოსი გვაცვია. არასტანდარტული აღნაგობის ქალებისთვის შარფი ძალიან კარგი აქსესუარია. ის ქალურობას, სექსუალურობას ხაზს უსვამს და ასევე, საშუალებას გაძლევს, რომ რაც კარგი გაქვს, წარმოაჩინო, რაც ცუდი - დამალო და მოსპო! ამიტომ, სახლში უამრავი შარფი მაქვს. როცა ისეთი ქსოვილის სამოსი მაცვია რომელიც სხეულს ეკრობა და ნაკვთები ზედმეტად იკვეთება, ამ აქსესუარს ვიყენებ. მას ბევრი რამის შენიღბვა შეუძლია.
- სამოსის შექმნისას, უპირატესობას როგორ ქსოვილს ანიჭებთ?
- ჩემთან ბევრი ისეთი ადამიანი მოდის, რომელსაც ატლასის ტანსაცმელი ცხოვრებაში არ გამოუყენებია, მაგრამ ქსოვილმა რომ "გაგასუქოს", ასეთი რამ იშვიათად ხდება. ძირითადად, სამოსის არასწორად შერჩეული კონსტრუქცია და ფერი "ასუქებს". არასტანდარტული აღნაგობის ქალების ტანსაცმელს მეტ თავისუფლებას ვანიჭებ, რათა პუტკუნამ თავი კომფორტულად იგრძნოს და უფრო გამხდარი გამოჩნდეს. პირადად მე, ამხელა პარამეტრების მიუხედავად, ნებისმიერი ქსოვილის სამოსს ვხმარობ, მაგრამ არსებობს ფერთა კატეგორია, რომელსაც არ გამოვიყენებ!
- მაგალითად?
- ვარდისფერი, ოქროსფერი, ყვითელი... "მყვირალა" მწვანე... ყველა ფერხორციან ქალბატონს ვურჩევ: აუცილებლად "მშვიდი" ფერის ტანსაცმელი ჩაიცვან, რადგან, მაგალითად, ვარდისფერ სამოსში ძალიან "მადისაღმძვრელად" გამოიყურებიან.
- ასეთი ტიპის ქალბატონები ფეხსაცმლის ფერის შერჩევის მხრივაც შეზღუდულები არიან?
- არა. უბრალოდ პუტკუნა ქალებმა არ უნდა ჩაიცვან ფეხსაცმელი ყანწისებური ქუსლით. ყოველდღიურად "ტაპკებით" დავდივარ და თავს კომფორტულად ვგრძნობ, მაგრამ ფეხსაცმლის ზომიერი პლატფორმა მიზანშეწონილად მიმაჩნია.
- სწორად შერჩეული სამოსით, მაქსიმუმ, რამდენი კილოგრამის "დაკლებაა" შესაძლებელი?
- კარგად შერჩეული ფეხსაცმლის ქუსლითა და კონსტრუქციულად აჭრილი კაბით 10-15 კგ-ის "მოტყუება" შეიძლება.
ეთო ყორღანაშვილი
ჟურნალი "გზა"
#13 26.03.2009