სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელი გამოჩინებული ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს. სოფელში, სადაც ერთ დროს 800 ოჯახი ცხოვრობდა, დღეს 80 ოჯახიღაა დარჩენილი. სახლების დიდი ნაწილი კი დაკეტილია. ადგილობრივები სოფლის მოსახლეობისგან დაცლის მიზეზებზე საუბრობენ. მათი თქმით, 1970-იან წლებში გამოჩინებულში მეწყერი ჩამოწვა და ის მეწყერსაშიშ ზონაში მოხვდა.
სოფლის მოსახლეობა გამოჩინებულში ახალგაზრდების დეფიციტზეც საუბრობს და აღნიშნავენ, რომ აქ მათთვის არც დასაქმებისა და არც გართობის შესაძლებლობაა.
"მეზობლებს ერთმანეთის დანახვა გვენატრება. ქუჩაში ხალხის დანახვა სასწაულია. სოფელს განსაკუთრებით ზამთარში უჭირს, რადგან ზამთრის პერიოდში აქ თოვლის საფარი ხშირად ერთ მეტრს აღწევს. იქნებ ხელისუფლებამ მოხედოს სოფელს საერთოდ რომ არ დაიცალოს," - ამბობს ადგილობრივი მაყვალა ძიგუა.
სოფლის სამტრედიის რაიონულ ცენტრთან დაკავშირებას ის გარემოება ართულებს, რომ გამოჩინებულში ტრანსპორტი არ დადის და მოსახლეობა საკუთარი ტრანსპორტით გადაადგილდება, თუმცა აღსანიშნავია, რომ საკუთარი ავტომობილი ყველა ოჯახს არ ჰყავს.