მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარე გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, მეწყრის მიერ დაგუბებული მდინარე თერგის გადინება გვირაბის მეშვეობით მოხერხდა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" დამეწყრილი ზონიდან სტეფანწმინდაში გადასულმა "დარიალიჰესის" ინჟინერ-მშენებელმა ჯემალ დვალიშვილმა განუცხადა.
როგორც მან აღნიშნა, მთელი ღამის განმავლობაში ტექნიკის მეშვეობით მიმდინარეობდა გაწმენდითი სამუშაოები, რის შემდეგაც დაგუბებული მდინარის გადინება მოხერხდა და შესაბამისად დონემ დაიწია.
"დააახლოებით 20 ადამიანი მთელი ღამის განმავლობაში ვმუშაობდით გაწმენდით სამუშაოებზე. ადგილზე გზა ფაქტობრივად აღარ არის. მუშაობდა უახლესი ტექნიკა. ამ დროისთვის ყველაფერი რიგზეა. იმედი მაქვს, უახლოეს დღეებში წყლის კალაპოტი შეიცვლება და მდინარე საწყის მდგომარეობას დაუბრუნდება. ამჟამად თერგი შევუშვით გვირაბში, რათა აგვეცილებინა თავიდან ტერიტორიის ზემოდან გადარეცხვის საფრთხე. ტექნიკის ნაწილი ჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე იყო მობილიზებული, ნაწილის გადაყვანა კი მთების მეშვეობით მოხერხდა", - აღნიშნა ჯემალ დვალიშვილმა.
"ინტერპრესნიუსი" ჰესის კიდევ ერთ თანამშრომელს, სპარტაკ კოჭლამაზაშვილს ესაუბრა, რომელიც ასევე გაწმენდით სამუშაოებში მონაწილეობს. მისი ინფორმაციით გზის მონაკვეთის გაწმენდას დაახლოებით ორი კვირა დასჭირდება. რაც შეეხება მსხვერპლს, მისი ინფორმაციით, ამ დრომდე დამეწყრილი ადგილიდან არავინ ამოუყვანიათ.
"ამ დრომდე ეძებენ დამარხული ტრაილერების მძღოლებს. ასევე ამბობენ, რომ გვირაბში იყო სალხი, თუმცა ჯერჯერობით მსხვერპლზე ინფორმაცია არ გვაქვს", - განაცხადა სპარტაკ კოჭლამაზაშვილმა.
ტექნიკა დამეწყრილი ტერიტორიის გაწმენდის მიზნით ამ დრომდე აგრძელებს მუშაობას პარალელურ რეჟიმში ხორციელდება სამძებრო ოპერაციები.