ბექა გოდერძიშვილი 2005 წლიდან მარჯანიშვილის თეატრის მსახიობია.
ისევე, როგორც მსახიობების უმრავლესობისთვის, მისთვისაც საყვარელი დრამატურგი შექსპირია. რაც შეეხება გამორჩეულ პიესას, ეს არტურ მილერის ''კომივოიაჟორის სიკვდილია''.
მარჯანიშვილის თეატრის მიმდინარე რეპერტუარში ათამდე სპექტაკლშია დაკავებული. სულ ახლახან მარჯანიშვილის თეატრის სარდაფში პრემიერაც ჰქონდა - რეჟისორმა დავით დანელიამ კობო აბეს რომანი ''ქალი ქვიშაში'' დადგა. მსახიობი გადაღებულია თხუთმეტამდე რეკლამაში. ახლახან სერიალში ''ჩემი ცოლის დაქალები'' ახალი პერსონაჟი გამოჩნდა - ტატო, და მის როლს ბექა გოდერძიშვილი ასრულებს...
- არტისტობაზე არასოდეს მიფიქრია. პროფესიული არჩევანი სპონტანურად გავაკეთე. თელაველი ვარ. იმ პერიოდში დიდი საშუალება არ მქონდა, სპექტაკლები თბილისში მენახა, მაგრამ ზოგადად თეატრი და კინო ყოველთვის მიყვარდა. ერთი პერიოდი თელავის თეატრი საკმაოდ კარგად მუშაობდა, ბატონი ნუკრი ქანთარიას დროს, და ბავშვობიდან მახსოვს, რომ იმ თეატრში ძალიან კარგი სპექტაკლები იდგმებოდა. ალბათ ჩემი არჩევანი იმანაც განაპირობა, რომ 90-იან წლებში ამერიკაში გამგზავრებაზე ვფიქრობდი. გასვლა იმდენად რთული არ იყო, მაგრამ ფინანსური პრობლემა იჩენდა თავს. იქ მინდოდა მესწავლა. ინგლისური ენა კარგად ვიცოდი. ტესტირება საკმაოდ წარმატებით ჩავაბარე, ლოს-ანჯელესის ერთ-ერთი კოლეჯიდან მოწვევაც მქონდა, მაგრამ გამგზავრებაში ხელი უფინანსობამ შემიშალა. ამის გამო დავრჩი.
- რა გზა გამოიარეთ, სანამ მარჯანიშვილის თეატრში მოხვდებოდით?
- ძალიან რთული გზა (იღიმის). ნუკრი ქანთარიამ თელავის ჯგუფი შექმნა და იქ ვსწავლობდი. გულახდილად რომ გითხრათ, მაშინვე მინდოდა თბილისში წამოსვლა. ამაში დიდი წვლილი მიუძღვით ქალბატონ მედეა კუჭუხიძესა და ბატონ ნუკრი ქანთარიას. იმ წლებში ქალბატონი მედეა მარჯანიშვილის თეატრში მუშაობდა. საკურსო და სადიპლომი სპექტაკლებში რომ მნახა, ჩემით დაინტერესდა და მითხრა, რომ სურდა, მარჯანიშვილის თეატრში ავეყვანე. ცოტა ხანში უშუალოდ შტატში ბატონმა გიზო ჟორდანიამ ჩამსვა.
- თბილისში გქონდათ საცხოვრებელი ადგილი?
- არა. მთელი ხუთი წელი, ანუ 2006 წლამდე, ჰაერში გამოკიდებულივით ვიყავი. ხან ნათესავთან ვცხოვრობდი, ხან სად და ხან სად. ვფიქრობდი, ჩემი თეატრალური მწირი კარიერისთვის თავი გამენებებინა და უცხოეთში სამუშაოდ წავსულიყავი, მაგრამ, როგორც აღვნიშნე, ქალბატონი მედეა მთხოვდა, არ წავსულიყავი და ბოლოს მართლაც ისე მოხდა, რომ მარჯანიშვილის თეატრში აღმოვჩნდი.
იხილეთ სტატიის გაგრძელება