სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე შვილებს მშობლების პატივისცემისკენ მოუწოდებს.
აღნიშნულ საკითხზე უწმინდესმა დღეს სამების საკათედრო ტაძარში, ქადაგებისას ისაუბრა.
"დღეს არის ბედნიერი დღე. ჩვენ თაყვანს და პატივს ვცემთ ჩვენ მშობლებს. გვახსენდება სიტყვები ათი მცნებიდან: "პატივი ეც მამასა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელი იყო ქვეყანასა ზედა". ეს არის უდიდესი მადლი, უდიდესი წყალობა ღვთისა, როცა შვილი პატივს და თაყვანს სცემს თავის მშობელს, ეს იმას ნიშნავს, რომ ის შვილი ბედნიერი იქნება. დღეს კიდევ ერთხელ გვახსენეს წმინდა ეკლესია, როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს ჩვენი მშობლებისადმი. ჩვენი მშობლები არის მადლით მოსილი ღვთისაგან და დალოცვა მშობელთა არის დალოცვა ღვთისა", - ბრძანა უწმინდესმა.
ამასთან, პატრიარქის განმარტებით, შვილებმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დავიმსახუროთ კურთხევა და დალოცვა ჩვენი მშობლებისა.
"ეს არის გზა მშვიდობისკენ, ეს არის გზა ბედნიერებისაკენ. ჩვენ ძალიან ხშირად ვუსურვებთ ერთმანეთს ბედნიერებას. აი, აქედან უნდა დაიწყოს ადამიანმა ბედნიერებისაკენ სვლა. არის შემთხვევა, როცა მშობელი აღარ ახსოვს შვილს, შვილებს. დიდ განსაცდელში ვარდება ასეთი შვილი", - განაცხადა პატრიარქმა.
ამასთან, უწმინდესმა ქადაგების შემდეგ სპეციალური ლოცვა წაიკითხა, რითაც მისი სულიერი შვილები და სრულიად საქართველო დალოცა.