ახალციხეში, დანიელაშვილის ქუჩაზე მცხოვრებლები ამბობენ, რომ ყოველი წვიმის შემდეგ ფეკალური მასა ეზოებში ამოდის. ამჟამად საკანალიზაციო არხი გადათხრილია. ადგილობრივების ინფორმაციით, არხი გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებმა გაწმინდეს.
"ხან ერთ ადგილასაა ამოთხრილი კანალიზაცია, ხან მეორე ადგილას. საერთო ჯამში, თითქმის წელიწადია, ღიადაა და ამ ჰაერს ვსუნთქავთ. ფეკალური მასა პირდაპირ სადარბაზოებში დაცურავს", - ამბობს დანიელაშვილის ქუჩაზე მცხოვრები გრიგოლ ფერაძე.
მდგომარეობით შეწუხებული ადგილობრივები ახალციხის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელს, მალხაზ ჟუჟუნაძესა და გამგებლის მოადგილეს, თამარ გოგოლაძეს შეხვდნენ. გამგეობაში "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ფილიალის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.
გამგებლის თქმით, დანიელაშვილის ქუჩაზე საკანალიზაციო სისტემის მოსაწესრიგებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხა ვერ გამოიყოფა, რადგან არჩევნებამდე ორი თვით ადრე ამის უფლება არ აქვთ. წყალმომარაგების კომპანიაში კი ამბობენ, რომ ეს ლოკალური ავარია არ არის და სერვისცენტრის ძალებით ვერ გადაწყდება.