ზუგდიდის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრის დეკანოზი, ილარიონ შენგელია "ფეისბუქის" პირად გვერდზე წმინდა იოანე ოქროპირის სიტყვებს აქვეყნებს, სადაც წმინდანი ცოდვილის ნებაყოფლობით გამოსწორებაზე საუბრობს:
"ცოდვილი ძალით კი არა, შეგონებით უნდა მოიყვანო გამოსწორების გზამდე. რჯულის მიხედვით, ჩვენ არ გვეძლევა ცოდვილთა გამოსწორების სხვაგვარი უფლება. რომც გვქონდეს, ამ უფლებას მაინც ვერ გამოვიყენებთ, რადგან ღმერთი მხოლოდ მას აჯილდოებს, ვინც თავისი ნებით განუდგება საქმესა საძრახსა და არა იძულებით. სწორედ დიდი ხელოვნებაა საჭირო, სნეული ისე დაარწმუნო მკურნალობის აუცილებლობაში, მოძღვართან თავისი ნებით მივიდეს და მადლობელიც დაგირჩეს. სამკურნალოდ იძულებით მიყვანილმა, მკურნალისგან თავის დაღწევა თუ მოინდომა (და მას აქვს ამის უფლება), თუ შეიძულა მისი სიტყვები, უფრო მეტადაც გაიუბედურებს თავს, რადგან ეს უარყოფა მას ახალ ჭრილობას შესძენს და სამკურნალო საშუალება უმძიმესი დაავადების მიზეზად ექცევა. ასე რომ, ძალით, სნეულის ნების წინააღმდეგ, არავის ძალუძს მისი განკურნება.
წმ.იოანე ოქროპირი".
დეკანოზი იქვე მეორე პოსტს აქვყნებს, სადაც წმინდა იოანე ოქროპირი ეკლესიის სიყვარულისა და მასზე ზრუნვის მნიშვნელობაზე საუბრობს:
"გეგულება შენ, ქრისტეს სიტყვების მიხედვით აღსრულებული, ქრისტეს სიყვარულის დამადასტურებელ საქმეზე უფრო მნიშვნელოვანი სხვა საქმე? მაცხოვარი, თავთა მოციქულს, პეტრეს, რომ მიმართავდა, უთხრა: "პეტრე, გიყუარ მეა?" (იოანე 21, 15-16) და როცა მან აღიარა მისი სიყვარული, უთხრა მაცხოვარმა: თუ გიყვარვარ, "დამწყსენ ცხოვარნი ჩემნი" (იოანე 21, 17). იმიტომ კი არ ჰკითხა მოძღვარმა ეს მოწაფეს, რომ არ იცოდა, უყვარდა თუ არა იგი ნამდვილად პეტრეს (განა შეიძლება ეს არ ცოდნოდა ყოველთა გულთამხილველს?), არამედ იმიტომ, რომ ეჩვენებინა ჩვენთვის, თუ როგორ ზრუნავს იგი თავის სამწყსოსა ზედა. თუ ეს გასაგებია, ისიც ნათელი უნდა იყოს, თუ რა დიდსა და გადმოუთარგმანებელ ჯილდოს განიმზადებს მტვირთველი იმ შრომისა, რომელიც თავად ქრისტემ, ასე ძვირად შეაფასა. ჩვენი და იმ ხალხის ურთიერთობა, რომელიც ჩვენს ფარებსა და მსახურებზე ზრუნავს, ფულზეა აგებული და მიუხედავად ამისა, მაინც ის გვგონია, რომ ისინი ასეთ ზრუნვას ჩვენი სიყვარულის გამო იჩენენ. მაცხოვარმა სამწყსო თვისი, ფულითა და სხვა რამეთი კი არა, საკუთარი სიკვდილის ფასად გამოიხსნა, საფასურად საკუთარი სისხლი გაიღო, მაშ როგორი უნდა იყოს ის ჯილდო, რომელსაც ქრისტე ამ სამწყსოს მწყემსმთავართ მიაგებს? ამიტომ იყო, როცა მოწაფემ უპასუხა: "უფალო, შენ ყოველი უწყი და ყოველი იცი, რამეთუ მიყუარ შენ" (იოანე 21, 17) და მან თავად უფალი, სიყვარული თვისი დაიმოწმა. მაცხოვარი ამაზე არ შეჩერებულა, არამედ სიყვარულის ნიშანზე მიუთითა მას. ასე რომ, იმის ჩვენება კი არ სურდა, თუ როგორ უყვარდა იგი პეტრეს - ეს მისთვის უამრავი რამით იყო ცობილი - არამედ იმისა, თუ როგორ უყვარს ეკლესია თვისი და ამიტომ კეთილად მიაჩნია განსწავლა პეტრესი და ყოველი ჩვენთაგანისაც, რათა ვჰყოთ ზრუნვაი დიდი მისსა ეკლესიასა ზედა.
წმ.იოანე ოქროპირი".
იხილეთ ასევე: დეკანოზი ილარიონი - ანტიდისკრინიმაციულ კანონპროექტში ანტიქრისტიანული ვერაფერი ვნახე