მწერალი და უფლებადამცველი ირაკლი კაკაბაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე კინოკრიტიკოს გოგი გვახარიასა და მწერალ გურამ პეტრიაშვილის შედარებით დახასიათებას აქვეყნებს.
"გურამ პეტრიაშვილი და გოგი გვახარია
გვაჰაბიტური ნიჰილიზმი და ნამდვილი ჰუმანიზმი
ამ მოკლე ჩანახატის დაწერა შთამაგონა გოგი გვახარიას მიერ ჩემდამი მოძღვნილმა ფეისბუქ წერილმა, რომელიც მან ჩემს "ანტი-მამარდაშვილის" კრიტიკას დაუთმო. რატომღაც ამის მერე ნიჭიერი ქართველი მწერალი, გურამ პეტრიაშვილი მომაგონდა. ალბათ იმიტომ რომ ერთხელ ვნახე როგორი მწარე სიტყვებით მიმართავდა ბატონი გურამი ბატონ მერაბს და მეც ჩემი ახალგაზრდული ემოციურობით დავიწყე მამაჩემის მეგობრის დაცვა. მაშინ, აღშფოთებული ვიყავი: როგორ შეიძლება მერაბ მამარდაშვილის ასეთი ტიპის კრიტიკა-თქო და ეს არც გურამისთვის დამიმალავს.
ეს 1990 წელი იყო. ნამდვილად სჭარბობდა ემოციები 20 წლის წინ არა მარტო ჩემში, არამედ თითქმის ყველა ქართველში და ამას რაც მოჰყვა ყველამ კარგად ვიცით. მე ამის მერე 'ახალგაზრდა ივერიელში" წერილიც კი დავუწერე ბატონ გურამს, სადაც ვაკრიტიკებდი მის დამოკიდებულებას ქართული ინტელექტუალური ელიტის მიმართ.
ამის მერე 20 წელი გავიდა. გურამ პეტრიაშვილი დიდი ხანია საქართველოდან დევნილი იყო, სულ ახლახანს დაბრუნდა თავის ქვეყანაში და მისდევს თავის პროფესიას, მწერლობას. ის არც შევარდნაძის დროს დაბრუნებულა და არც 'ვარდების რევოლუციის" შემდეგ, როდესაც ჩემი თანდასწრებით ახალი, რევოლუციური მთავრობის წევრები დიდი ენთუზიაზმით ეპატიჟებოდნენ. მან მაინც უარი თქვა: არ მჯერა ამ 'რეფორმისტებისო" და საკუთარი პრინციპების ერთგული დარჩა. მაშინ კი გამიკვირდა, მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან რომ ვუყურებ, ის მართალი აღმოჩნდა. მართალი აღმოჩნდა ინტელექტუალური კლასის მძაფრ კრიტიკაშიაც, რადგანაც კარგად დაინახა ინტელექტუალების მისწრაფება სულიერი პროსტიტუციისაკენ. რა თქმა უნდა ეს ყველას არ ეხება, მაგრამ საკმაოდ დიდ ნაწილს, ნამდვილად ეხება. წასვლის წინ კი მეტად ემოციურად და გულწრფელად ტელევიზიის ეკრანიდან უთხრა: მოგელანდებით, ისე არ დაგტოვებთო. და აქაც მართალი აღმოჩნდა. ეს უბრალო ხალხიდან გამოსული სახალხო მწერალი, რომელიც ამავე დროს არაჩვეულებრივი საბავშვო მოთხრობების ავტორი იყო. მე მას მაშინაც არ ვეთანხმებოდი ბევრ რამეში და ალბათ დღესაც არ დავეთანხმები. ეს ჩვეულებრივი ამბავია. მაგრამ, ჩემგან უსინდისობა იქნება ღრმა პატივისცემა არ გამოვხატო ამ პატიოსანი და გულწრფელი ადამიანის მიმართ, რომელიც მწერალიც კარგი იყო და მსახიობიც. ახლა არ ვიცი სად და როგორ არის ბატონი გურამი, მაგრამ მინდა რომ გულწრფელად გადავცე ჩემი პატივისცემა, იმის გამო რომ საკუთარ პრინციპებს არ უღალატა და რაც მთავარია არ დახარბდა არც სამთავრობო თანამდებობას, არც რომელიმე 'კინობიზნესის' მესვეურობას, არც პოპულარული ტელეგადაცემის წაყვანას საზოგადოებრივ ტელევიზიაში. ამ სიკეთეებს მას ახლანდელი რეჟიმი უხვად სთავაზობდა. მან არჩია ჩუმად და წყნარად, როგორც მწერალს გაეგრძელებინა თავისი ცხოვრება დევნილობაში და პატიოსნება პრივილეგიებში არ გაეცვალა.
მთავარი ღირსება, რომელიც მე გურამ პეტრიაშვილში ახლა დიდი სიძლიერით დავინახე - მისი აუთენტურობაა. ის ყოველთვის ნაღდია და ზუსტად იმას ამბობს, რასაც ფიქრობს. ეს მის შინაგან პატიოსნებაზე მეტყველებს.
გოგი გვახარია გურამ პეტრიაშვილის ანტიპოდია. ის არის საკმაოდ მოზრდილი ყალბად ინტელექტუალური და ზეგაპრანჭული კასტის ლიდერი - ინტელექტუალური სექტის - 'გვაჰაბიტების' მთავარეპისკოპოსი. ამ კასტის ნააზრევი ყოველთვის წამყვან ევროპულ თუ ამერიკულ (აუცილებლად რასისტული ნიშნით გამორჩეულ მდიდარ ქვეყნებს 'აუძვრებიან' მისი ადეპტები) კონიუნქტურას ემსახურება და ერთი სიტყვის ამოღებასაც ვერ ბედავს 'არაკომფორტულ თემაზედ. მაგალითად, ისეთი ფენომენი როგორიც 'დასავლური იმპერიალიზმია', რომელზედაც ბევრი კარგი ფილმიც დადგმულა და ედვარდ საიდის და სხვა ავტორების არაჩეულებრივი ნაშრომებიც დაწერილა მათთის სრული ტაბუა. ეს კასტა მუდმივად აპელირებს, თანაც დახვეწილი ეშმაკობით, მოსახერხებელი თემებით, რომელიც როგორც წესი ევროპა-ცენტრისტულ სამყაროში 'წარმატებას' მოგიტანს. თუმცა, მამარდაშვილისგან განსხვავებით გვახარია ვერ არის მაინცდამიანც შემოქმედი ინტელექტუალი - ის მხოლოდ სხვის კრიტიკაზე და უარეს შემთხვევაში გაქილიკებაზეა ორიენტირებული. მისი 'კასტაც' სწორედ ამ ღირებულებებს აღიარებს - ანუ ანტი-ღირებულებებს. ცნობილი ფრანგი ფილოსოფოსის, ემანუელ ლევინასის აზრის მიხედვით, ქართველი გვაჰაბიტების კასტა ბურჟუა ლიბერალური ინდივიდუალიზმის უსიტყვო ადეპტია. ისიც კი არ უნდა დაინახოს რომ თვით დასავლეთში არსებობენ ამ მიმდინარეობის მოწინააღმდეგეები. მათი კონფორმიზმი ძალიან დახვეწილია. ისინი ვითომ 'მემარცხენეობას' თამაშობენ და სინამდვილეში სძულთ ნამდვილი ხალხი - მისი 90 პროცენტი. ეს არის თანამედროვე პრანჭია და ელიტისტური მემარცხენეობა, რომელიც სექსუალურ თემებს ვერ სცდება და მონებად ქცეული 'ჰომო საკერების' ცხოვრებას არაფრად აგდებს. მათთის უბრალო ადამიანი ადამიანი არ არის. ის 'უმრავლესობის' წევრია, რომელიც ისე უნდა გეზიზღებოდეს, რომ მუდმივად დასცინო მას და ახლოსაც არ მიეკარო. მიკარების კი მათ ნამდვილად ეშინიათ.
გვაჰაბიტების ეპისკოპოსი ჩემს საახლობლო წრეებში ტრიალებდა მუდამ და მიუხედავად იმისა რომ ჩემზე უფროსი იყო, საკმაოდ ხშირად მიწევდა მისი ნახვა და მასთან ხელოვნებაზე, ფილოსოფიაზე თუ ცხოვრებაზე 'ჭორაობა". მე ამ პროცესისთვის სხვა რამის დარქმევა გამიჭირდება, რადგანაც ეს ყოველთვის იყო საქართველოსათვის ტიპიური სამზარეულოს საუბრები. რა თქმა უნდა მის გადაცემებშიაც ვყოფილვარ რამდენჯერმე და უნდა ვთქვა რომ ის კარგი პროფესიონალია თავის საქმეში - კინოს კრიტიკაში. ძალიან შრომისმოყვარე ადამიანია და უთუოდ ბევრი ფილმი აქვს ნანახი. ჩვენი კინემატოგრაფიული სიმპათიები ხშირად ემთხვევა კიდეც. გარდა ამისა, გოგი ჩემი დის ერთ-ერთი უახლოესი მეგობარია და პრაქტიკულად ჩემი 'გაფართოვებული' ოჯახის წევრიცაა ამ გაგებით. კიდევ ის მინდა ვთქვა, რომ გოგიმ 90-იან წლებში ნამდვილად ბევრი სასარგებლო საქმე გააკეთა იმისათვის რომ უმცირესობების და განსაკუთრებით სექსუალური უმცირესობების უფლებები ფართო მასებისათვის გაეცნო. მის გადაცეებს ყოველთვის ბევრი მაყურებელი ჰყავდა.
მაგრამ ნიჭით თუ ვიმსჯელებთ გურამ პეტრიაშვილი ბევრად უფრო ნიჭიერი კაცია, ვიდრე გოგი გვახარია და ბევრად მეტიც შეუძლია ჩვენს საზოგადოებას ასწავლოს.
იმ დროს როდესაც გურამ პეტრიაშვილი რიგითი ქართველების ფენიდან გამოსული ნიჭიერი მწერალი და მსახიობია, გოგი გვახარია არის თბილისში გაზრდილი 'სვეცკი" (ამ რუსული ტერმინით პრივილეგირებულ ინტელექტუალურ კასტას ახასიათებდნენ ჩემს ბავშვობაში) საზოგადოების წევრი და ერთ-ერთი იდეოლოგიც. ის თავიდანვე გამოირჩეოდა საკუთარი ლიბერალიზმით - კლასობრივი საკითხები მას ნაკლებად აღელვებდა, მაგრამ იდენტობის პოლიტიკა კი ნამდვილად უყვარდა. თუმცა ისიც უნდა ითქვას რომ თავს ყოველთვის მემარცხენედ თვლიდა - ალბათ 'პოსტ-მოდერნულ მემარცხენედ", რომლებიც ბურჟუა კონსესუსს მართალია არ უპირისპირდებიან, მაგრამ ცდილობენ უმცირესობების უფლებები დაიცვან. ეს საკითხი მართლაც აქტუალურია. მაგრამ, აქ საქმე სულ სხვა რამეშია.
გურამ პეტრიაშვილი მწარე სიმართლეს გვეუბნება და გვახარია და მისი სააზროვნო კასტა ტიპიურ ქართულ ელიტურ დაჯგუფებას წარმოადგენს. ეს ის დაჯგუფებაა, რომელიც თითქმის არასდროს არ არის გულწრფელი - ის ყოველთვის 'პოლიტკორექტულია'. მაშინ, როდესაც ახალგაზრდებს ქუჩაში ხვრეტენ, ისინი ამაზე უთუოდ პროტესტს გამოხატავენ სამზარეულოებში, მაგრამ საქმეში ისევ ხელისუფლების ტელევიზიებთან არიან ნებისმიერი რეჟიმის დროს. ხშირად ლიბერალიზმის და ნეო-ლიბერალიზმის დაცვის საქმეში მის პოზიციას იჭერენ. გვაჰაბიტები აქილიკებენ ყველას - რა თქმა უნდა მთავრობასაც და ოპოზიციასაც - დისიდენტებს გიჟებს უწოდებენ, სოციალისტებს სტალინისტებს, ტროცკისტებზე უბრალოდ იცინიან, ანარქისტების ეშინიათ და ამ შიშის სინდრომს ავრცელებენ. რაღა თქმა უნდა ვინც მორწმუნეა, იმათ ყველას შავ სიაში უკრავენ თავს და ჩვეული მეთოდით 'სპინავენ' მათს გაშავებას. როდესაც ახალგაზრდები ღარიბებისა და შეჭირვებულების დახმარების ენთუზიაზმით აღენთებიან, ეს ჩვენი არტისტი ბურჟუა ლიბერალები მათ ყველანაირ იმედს ძირშივე უკლავენ. როგორ გეკადრებათ: ადამიანების თანასწორობა იდეალისტების მოგონილია და ამაზე სერიოზულად არც ღირს ლაპარაკიო. მთავრობას კი ისინი უმნიშვნელო დეტალებზე აკრიტიკებენ - მაგალითად ვინმე ასათიანის ტელეგადაცემაზე ან გიორგი არველაძის აშკარა იდიოტიზმზე. ანუ ამით იმას უსვამენ ხაზს რომ, როგორ გეკადრებათ, მართალია მთავრობის ხელფასზე ვსხედვართ, მაგრამ ისინიც არ გვიყვარსო. მათ როგორც წესი არავინ უყვარს საკუთარი ჯგუფის გარდა - განსხვავებულ აზრს არ იღებენ - ოღონდ არა ტოტალიტარული მეთოდით, არამედ ჩომსკის მიერ კარგად ჩამოყალიბებული 'სპინის' მეთოდით - გაქილიკება, ცილისწამება და ყველას ერთ ქვაბში მოხარშვა. 'ჩვენ ვართ კარგები და დანარჩენი ყველა ცუდია - მთავრობაც, ოპოზიციაც და დაბნეული უმცირესობაც". მათ ადამიანის ბუნებაზე ნეგატიური წარმოდგენა აქვთ - ადამიანის ბუნება თავისთავად ბოროტია და არ ღირს მაღალი იდეალებისთვის ბრძოლა. სჯობია, ისევ სექსზე ვილაპარაკოთ, ანკი სამზარეულოში ინტელექტუალური 'ჭორაობა' გავმართოთ, სადაც კარგად ამოვარჩევთ 'საკბილოს'.
გვაჰაბიტების კასტა პრივილეგირებული ცხოვრებით ცხოვრობს, ირგებს ნებისმიერი რეჟიმის მატერიალურ სიკეთეებს - მაგრამ მომენტს არ უშვებს იმისათვის რომ სხვები გაკიცხოს და შეარცხვინოს. ღმერთმა დაგვიფაროს და არ დაეთანხმოთ, მაშინვე პერაიად გამოგაცხადებენ და 'გოიმი' გახდებით. ეს კასტა კლასობრივი შოვინისტებით დაკომპლექტებული კასტაა.
ახლა ბევრი ლაპარაკი მიდის საქართველოში პროგრესული აზროვნების ჩამოყალიბებაზე. ცხადია, ნეოკონსერვატორები არ სარგებლობენ ამ ჯგუფში დიდი პატივისცემით - მაგრამ რაღა თქმა უნდა მოინახა 'ჩვენიანი მემარცხენე', რომელიც არც ომის წინააღმდეგია, არც სიღატაკეს აპროტესტებს, უბრალოდ უმცირესობების უფლებებს იცავს და იქაც შეიძლება ჩინელების უფლებებისთვის თავი არ მოიკლას. არც იმას განიცდის მაინცდამაინც საქართველოს პრეზიდენტი მთელი მსოფლიოს შავკანიან მოსახლეობას ტელევიზიით შეურაცხყოფას რომ აყენებს. მოკლედ, ეს მისაღები 'ჩვენიანი' მემარცხენეა, რომელიც თუნდაც კინო და ტელე-მოღვაწეების პროფკავშირებს არასდროს ჩამოგიყალიბებს.
მოკლედ ამას თავისი სახელი რომ დავარქვათ, ეს არის პოსტ-მოდერნისტი ბურჟუა 'მემარცხენე' ლიბერალი, რომელიც ამ ჩაგვრის სისტემასთან თანამშრომლობს, კაპიტალიზმით ტკბება. ერთი-ორ პაზოლინის ფილმს აჩვენებს, არა როგორც რევოლუციურ მანიფესტს, არამედ როგორც პერვერსიისა და სოციალური მოძრაობის აღრევას. ბურჟუა ლიბერალებს ძალიან უყვართ ფროიდი, მაგრამ ხანდახან ავიწყდებათ ფროიდის გაქანებული სექსიზმი და ქალების მეორეხარისხოვან ადამიანებად წარმოჩენა.
ახლა, როდესაც ჟიჟეკის, ბადიუსა და აგამბენის წიგნების გამოსვლის შემდეგ ახალგაზრდობაში დაიწყო სერიოზული მოძრაობები სოციალური სამართლიანობის საძიებლად, პოსტ-მოდერნი ბურჟუა ლიბერალები მათ ისევ 'იდენტობის პოლიტიკაში" ექაჩებიან. რა დროს კლასობრივი ბრძოლაა, ვერ დაინახეთ რა ქნეს საბჭოთა კავშირმა და ჩინეთმა? ახლა კიდევ ამის გაკეთება გინდათ.
დღეს რომ მსოფლიოში ნეოლიბერალური ეკონომიკური წყობის შედეგად დღეში 22 ათასი ბავშვი კვდება შიმშილით, ეს პოსტ-მოდერნული ბურჟუა ლიბერალების პრობლემა არ არის. ამას ვერაფერს უზამ, იმიტომ რომ ადამიანის ბუნება თურმე ბოროტია და ეს ჩვენ დავიმსახურეთ. ოღონდ 'ჩვენ" არა, აღმატებულმა ინტელექტუალურმა კასტამ არა, ეს იმ 'გოიმებმა' და გაჭირვებულებმა, რომელთა მშობლებმაც ვერ შესძლეს ბურჟუაზიის მოკრძალებული ხიბლის გაგება. მათ ბუნუელიც უყვართ და შეიძლება პონტე კორვოს ფილმსაც უყურონ, მაგრამ დასკვნა ისევ კონსერვატიულ-პესიმისტური იქნება - რას იზამ ადამიანი შათლახია, როგორც ჩვენი თბილისის კოლორიტი გიჟი მარინა იტყოდა. ოღონდ იმ განსხვავებით რომ 'გიჟი მარინა" ბურჟუა ლიბერალებზე ბევრად უფრო პატიოსანი იყო - ის არ მალავდა თავის გრძნობებს და 'პოლიტკორექტული' არ იყო. ცხადია მე ამას დღევანდელ ახალგაზრდა ქართველ მემარცხენე ლიბერალებზე არ ვამბობ. მათ გულწრფელობა ჯერ კიდევ შემორჩენილი აქვთ და არც ისე ტკბებიან კაპიტალიზმით, როგორც ამას მათი უფრსი მეგობრები აკეთებენ.
როდესაც მე 'ანტი-მამარდაშვილი' დავწერე იქ შეგნებულად გავაკრიტიკე ფროიდიზმი. თავად ზიგმუნდ ფროიდი ცხადია დიდი მეცნიერი იყო, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ ფროიდიზმი რეაქციული მოვლენა არ არის დღეს. ამ მიმდინარეობის რეაქციულობა სწორედ იმაშია, რომ იმ დროს როდესაც მილიარდი ადამიანი შიმშილით კვდება, დისკურსი ეროგენული ზონების განვითარებაზე გადააქვს. გრამშის ტერმინით რომ ვთქვათ, ბურჟუა ინტელქტუალთა ელიტას დღევანდელი საჯარო მეტყველება ჰეგემონიზებული აქვს და ცდილობს ყველაზე მტკივნეული საკითხები სხვადასხვა 'სექსუალური ფანტაზიებით' შეგვიცვალოს. ეს არის იდენტობის პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე დანაშაულებრივი ნაწილი და სწორედ ამიტომაცაა რომ იდენტობის პოლიტიკა დღევანდელ ასანჟის დროინდელ რეალობაში რეაქციული ფენომენია. ფროიდი და მისი 'ფალოსის შური' დღეს ჩემთვის მეათეხარისხოვანია, სანამ ვიცი რომ ჩიკაგოს ეკონომიკური სკოლის რეცეპტებით ჰოლოკოსტზე დიდი ტრაგედია ხდება ყოველწლიურად. აბა გადაამრავლეთ 22 ათასი შიმშილით მკვდარი ბავშვი წელიწადის დღეების რაოდენობაზე!
დღეს მსოფლიოში ახალი ხედვა მკვიდრდება - ის არსობრივად განსხვავებული იქნება მე-20 საუკუნის მემარცხენე მოძრაობებისგან და ფროიდიზმისაგანაც. ეს ხედვა შიმშილს, სიღატაკეს და სოციალურ მარგინალიზაციას ებრძვის - მილიარდობით ადამიანის გაუბედურებას. ამ ღარიბი ადამიანების რიცხვი საქართველოშიაც მატულობს ყოველ დღე.
თუმცა გვაჰაბიტების კასტა ამაზე ნაკლებად ფიქრობს საუბედუროდ. მათ უფრო ფსიქო-დრამები იტაცებთ. ამაზე მათზე ბევრად მეტად გურამ პეტრიაშვილი ფიქრობს, რომელიც დღეს მივიწყებული ჰყავს ჩვენს საზოგადოებას. ის ხომ სიმართლეს ამბობს და ამიტომაც უნდა ჩავქოლოთ.
მაგრამ მე მაინც მჯერა რომ ყველა ადამიანში არის რაღაც კარგი და ადამიანის ბუნება არ არის დაბადებით ბოროტი. სწორედ ამას ამბობდა 1972 წელს მიშელ ფუკოსთან დებატებში ნოამ ჩომსკი. საბედნიეროდ ის დღესაც ამ აზრზეა.
მე მაინც მჯერა იმის რომ ერთ მშვენიერ ღამეს ჩვენი გვაჰაბიტების მთავარეპისკოპოსს გოგი გვახარიას მოელანდება შესანიშნავი ქართველი მწერალი გურამ პეტრიაშვილი, რომელიც ბევრ სხვაზე პატიოსანი და პრინციპულიც აღმოჩნდა. მოელანდება და ეტყვის:
"ჩემო ძვირფასო გოგი, ადამიანის ბუნება სულაც არ არის ბოროტი. მას სოციალური გარემო განაპირობებს და ჩემი თუ არ გჯერა ალენ ბადიუს მაინც დაუჯერე. მსოფლიოს სჭირდება ახალი პავლე მოციქული - მსოფლიოს სჭირდება სიყვარულის დოქტრინა. არა მუდმივი ქილიკის და პოლიტიკური პროსტიტუციის, არა ინტელექტუალური კეკლუცობის და პრანჭვა-გრეხვის, არამედ ნამდვილი და გულწრფელი, ადამიანური სიყვარულის დოქტრინა. და ეს პირველ რიგში ერთმანეთის დახმარებას ნიშნავს", - წერს კაკაბაძე.