ანრი ჯოხაძის დაპირებული და დაანონსებული კლიპის "განა ყველა ქალი ქალია?!" პრეზენტაცია კინოთეატრ "ამირანში" შედგა. ბოლო დროს მომღერალმა კლიპების გადაღებითაც რომ გაითქვა სახელი, ეს სიახლე აღარ არის. კლიპიდან კლიპამდე შემოქმედებითად იზრდება და ადამიანებს ნიჭიერებით აოცებს.
"განა ყველა ქალი ქალია?!" სოციალურ თემაზე შექმნილი ვიდეო, ვიტყოდი, პატარა მინიფილმია, რომელიც ავტორმა მთლიანად ქალს, მის ცხოვრებას, პრობლემებს, საფიქრალს, სატკივარს მიუძღვნა. ერთი შეხედვით, პროვოკაციული სათაურის - "განა ყველა ქალი ქალია?!" მიღმა, ანრი ამბობს, რომ თუ ქალი მოწოდებით, პოზიციით დღეს სათანადო სიმაღლეზე არ დგას, ეს არა მისი სისუსტის, არამედ საზოგადოების და განსაკუთრებით, მამაკაცის ბრალია.
იმისათვის, რომ ავტორს ქალთა სხვადასხვა სახე შეექმნა, ვიდეორგოლში ცნობილი მსახიობები დააკავა: ია ნინიძე, მაკა შალიკაშვილი, შორენა ბეგაშვილი, ნინო შავგულიძე, მოდელი კრისტი ყიფშიძე და ქართული საზოგადოებისთვის ახალი სახე, ია ნინიძის ქალიშვილი, ნინო ნინიძე. თითოეულმა თავისი ოსტატობა გამოავლინა!
ია ნინიძე მონაზონი გახლავთ, მაკა შალიკაშვილი - პატიმარი, გისოსებს მიღმა ქალი (ასეთი დამაჯერებელი ქალი პატიმარი ქართულ ეკრანზე ჯერ არ მინახავს), შორენა ბეგაშვილი საკუთარ თავს თამაშობს, კრისტი კი ძლიერი და პრინციპული ქალბატონია. ია ნინიძის ქალიშვილის სამსახიობო მონაცემებმაც ბევრი გაოცებული დატოვა. ანრი ამ გოგონას აღმოჩენას საკუთარ თავზე მიიწერს...
კლიპის კულმინაცია კესარია აბრამიძეა, რაც მაყურებლისთვის შოკი იყო... ასე რომ, კლიპი XXI საკუნის საქართველოს რეალობას ასახავს.
ანრი ჯოხაძე:
- ჩემი ახალი კლიპი სოცილურ თემაზე შევქმენი და ვფიქრობ, რომ ეს ნამუშევარი ყველა ქალის მდგომარეობას ეხმიანება. სხვადასხვა ტიპის ქალი მყავს კლიპში გადაღებული, რომელთა ნახვაც ჩვენს სოციუმში ძნელი არ არის. რაც მთავარია, ეს ყველაფერი რაღაც განსხვავებული სიმღერითაც ვთქვი, ჩემი სტილისგან ოდნავ განსხვავებულია, ჩვეულებრივი პოპია...
- კლიპის ფინალში ჩნდება კესარია აბრამიძე. რას იტყვი ამაზე?
- 7 ქალი მყავს ვიდეოში. ბოლოში, მეშვიდე, ერთი ლამაზი ქალი ჩნდება, ის კესარიაა, რომელიც საკუთარ თავს თამაშობს...
- მომეჩვენა, რომ შენი კადრები ნამდვილი ფილმის ეპიზოდები იყო...
მაკა შალიკაშვილი:
- როდესაც კლიპზე ვმუშაობდი, ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ კინოში მიღებდნენ და რაღაც სერიზოული ამოცანა მქონდა - რომ ამ ყველაფერს ჰქონდა დასაწყისი, კულმინაცია და დასასრული. ის ამბავი ჩემში მოხდა, მე განვიცადე და ვეცადე, პატიმარი ქალის ემოციები გადმომეცა... ახლა, როდესაც კლიპი ვიხილე, საკუთარ ნამუშევარზე ლაპარაკი ძნელია, მაგრამ სერიოზული ემოცია წამოვიდა, გამაჟრიალა... ძალიან მაგარია ანრი! ერთია, რომ მომღერალი ნიჭიერია, მეორეა, როგორ ასრულებს, როგორ გრძნობს, აზროვნებს. დიდი მადლობა მას ყველაფრისთვის და საგანგებოდ, მონტაჟისთვის. მოგეხსენებათ, მონტაჟი რამხელა ხელოვნებაა! ეს ადამიანი ამასაც ფლობს, ყველაფერი ხომ თვითონ გააკეთა? ჩემთვის ეს როლი ტრაგიკული როლების შესრულების კუთხით, დასაწყისია. მთელი ცხოვრება მინდოდა, მეთამაშა და ვყოფილიყავი დრამატული მსახიობი. პირველად ლევან წულაძესთან კი ვითამაშე "ლიფტში", მან აღმოაჩინა ჩემში ის, რომ დრამატული როლების თამაში შემიძლია. ახლა კი ანრის დახმარებით, ეს ყველაფერი შევძელი. დიდი მადლობა მას.
შორენა ბეგაშვილი:
- უსიტყვო, მაგრამ მგონი, ყველაზე მეტყველი როლი გამოვიდა. ვიტყვოდი, რომ ეს მინიფილმია, იმიტომ რომ, ძალიან სერიოზული ნამუშევარია. როდესაც გადაღების პროცესს ვუყურებდი და კონკრეტულად, მაკა შალიკაშვილის სცენას, მახსოვს ვთქვი, - ეს ფილმის კადრია-მეთქი... მსახიობები არ ვართ განებივრებულები გადაღებებით და როლებით. მადლობა ანრის, რომ ეს სფერო გამოაცოცხლა და ასეთი კარგი ნამუშევარი შექმნა. სიმღერაც მომწონს, მართლა აღფრთოვანებული ვარ. არავინ მიწყინოს და ანრი ბევრ რეჟისორს სჯობია! არადა, ამ დროს არაპროფესიონალი, მოყვარული რეჟისორია. კლიპში საკუთარ თავს - შორენა ბეგაშვილს ვთამაშობ. აქ ყველაფერი ისეა, როგორც ჩემს რეალურ ცხოვრებაში.
კრისტი ყიფშიძე:
- ძალიან მომეწონა, ანრის წარმატებებს ვუსურვებ. როცა ხარ მუსიკოსი, ამასთან, გაქვს უნარი, სიმღერაც დაწერო, იმ სიმღერას არანჟირება გაუკეთო, ჩაწერო, გაგიჩნდეს არაჩვეულებრივი ჩანაფიქრი, ის ყველაფერი გადაიღო კიდეც, ეს უდიდესი ნიჭია! ძალიან დიდი პატივს ვცემ ანრის, მთელი გულით ვულოცავ. ეს საოცარი სიამოვნებაა, რომ თავად ქმნის პროდუქტს. პროექტში მონაწილე ქალი, ყველა იდივიდუალურია, ხასიათით ერთმანეთს არც ერთი არ ჰგავს. ჩემი პერსონაჟი ძლიერი ქალია, პრინციპში, მგავს... მიხარია, რომ ანრი ჩემი ნამუშვრით კმაყოფილი იყო. მას მოვეწონე და ახლა მეც მომეწონა კლიპის კულმინაცია, - ბოლოში მივხვდი, რომ XXI საუკუნეა...
ლალი ფაცია
სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის