თბილისში, გახოკიძის ქუჩაზე წუხელ მოკლული სოფო ზურებიანის მკვლელობაში ბრალდებული ალექსანდრე ცოცხალაშვილი ფინანსურ პოლიციასა და სპეცრაზმში მუშაობდა.
ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მოკლული სოფო ზურებიანის ახლობლებმა განუცხადეს. როგორც ისინი ამბობენ, ალექსანდრე ცოცხალაშვილი, რომელიც ზურებიანის ყოფილი ქმარია, სამსახურიდან გამომდინარე იარაღს ატარებდა. ახლობლების ცნობით, ზურებიანი მეუღლესთან ორი თვის დაშორებული იყო და ცოცხალაშვილი შერიგებას სთხოვდა. სოფო კი შერიგების წინააღმდეგი იყო.
"სოფო მუშაობდა საჯარო რეესტრში. სამსახურიდან გუშინ წამოიყვანა ცოცხალაშვილმა. სახლთან რომ მოიყვანა, შეკამათება მოხდა. გარეთ გავიდა სოფოს ძმა, რომელსაც ცოცხალაშვილმა ორი ტყვია ესროლა. დაჭრილმა ძმამ სოფოს მოუწოდა გაქცევისკენ. სოფომ სახლის მოპირდაპირე მხარეს, კორპუსის სადარბაზაში ცდილობდა შეღწევას, ეს კი გაეკიდა და რამდენჯერმე ესროლა. სოფოს მშობლებიც ეუბნებოდნენ, რომ თუ სურდა, შერიგებოდა ქმარს, მაგრამ ამბობდა, რომ მის რთულ ხასიათს ვერაფრით ეგუებოდა", - განაცხადეს ზურებიანის ახლობლებმა.
ამასთან, მათი ინფორმაციით, წუხელ, მაშინ როდესაც სოფოს ცხედარი ექსპერტიზაზე ჰყავდათ გადაყვანილი, ცოცხალაშვილის ახლობლები ცხედრის მოპარვას ცდილობდნენ.
27 წლის სოფო ზურებიანის ცხედარი უკვე საკუთარ სახლშია გადასვენებული. მას ყოფილი მეუღლისგან 5 წლის ბიჭი დარჩა.
როგორც ცნობილია, ალექსანდრე ცოცხალაშვილი უკვე დაკავებულია და ბრალს აღიარებს.
რაც შეეხება, სოფო ზურებიანის დაჭრილ ძმას, იგი კლინიკაშია გადაყვანილი, მას ბარძაყის არეში ცეცხლასროლი იარაღით ორი ჭრილობა აქვს მიყენებული, რაზეც ახლობლების ინფორმაციით, უკვე ჩაუტარდა ოპერაცია და მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.