უცნაურია "ქართული ოცნების" პროექტი - ადამიანებს სკოლის ახალ სახელმძღვანელოებში თანხა არ გადაახდევინეს, სამაგიეროდ, თანხას ძველ სახელმძღვანელოებში გადაიხდიან , - აღნიშნული განცხადება პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა სერგო რატიანმა გააკეთა.
რატიანი განათლების სამინისტროს, მთავრობას მიმართავს, უფასო სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით მიცემული დაპირება შეასრულონ და მშობლებს თანხას ძველ სახელმძღვანელოებში ნუ გადაახდევინებენ.
"პრეზიდენტმა მარგველაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნების წინ გამოაცხადა, რომ მოსწავლეები სახელმძღვანელოებს უფასოდ მიიღებენ. მოგვიანებით, ცნობილი გაცხდა, რომ ახალი სახელმძღვანელოები მოსწავლეებს მართლა უფასოდ დაურიგდა, მაგრამ მიიღეს ბრძანება, რომლის თანახმადაც, მშობლებმა წლის ბოლოს უნდა გადაიხადონ ნახმარი და დაზიანებული სახელმძღვანელოების თანხა. როგორც ყველაფერში, "ქართულ ოცნებას" აქაც უცნაური პროექტი – ადამიანები ახალ სახელმძღვანელოებში თანხას არ იხდიან, სამაგიეროდ, თანხას ძველ სახელმძღვანელოებში ახდევინებენ. საექსპერტო მონაცემებით, წლის ბოლოს დაზიანებული წიგნების რაოდენობა იქნება საკმაოდ დიდი. გარდა ამისა, იქმნება პრობლემა, რომ მომავალ წელს ახალი წიგნებით მოსწავლეების დიდი რაოდენობა ვერ ისწავლის", - განაცხადა რატიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.