ია ფარულავა და მაკა ასათიანი მათი გარეგნობის გამო ყოველთვის იყვნენ მამაკაცების ყურადღების ცენტრში და ამ ინტერესს დღემდე ინარჩუნებენ. საზოგადოებისთვის ცნობილია მათი საყვარელი მამაკაცების შესახებაც, თუმცა ვინ იყვნენ ის პირველი იღბლიანები, რომლებსაც ამ ორ ლამაზმანთან პირველი პაემნის პატივი ჰქონდათ, ამ კითხვაზე პასუხს ჟურნალ "გზისთვის" წლების წინ მიცემული ინტერვიუდან მიიღებთ.
ია ფარულავა:
- ბიჭები შენდამი ყურადღებს როგორ გამოხატავდნენ?
- არანაირად. ხომ არიან გოგონები, ვისი გულისთვისაც ჩხუბები ხდება. ჩემი გულისთვის არასოდეს მსგავსი არაფერი ხდებოდა. მე თვითონ ვიყავი ახტაჯანა და მოჩხუბარი, რომ იტყვიან - "ძველი გოგო", ამიტომ მომწონდა სუსტი ბიჭები, იქით რომ იყვნენ დასაცველები, ისეთები.
- პირველ პაემანს როგორ გაიხსენებდი?
- პირველი პაემანი ძალიან რომანტიკული მქონდა. მე და ჩემი შეყვარებული, ოჯახებით ბათუმში ვისვენებდით. მშობლებს გავეპარეთ და ბულვარზე გავისეირნეთ. მახსოვს, ეშმაკის ბორბალზე დიდხანს "ვიკატავეთ". იმ ბიჭმა ხელზე ხელი მომკიდა... ამ ყველაფრით ძალიან აღფრთოვანებული ვიყავი. მერე კაფეში წავედით. ბევრი ფული არ გვქონდა და მარტო წვენი დავლიეთ. ვუყურეთ მზის ჩასვლას სანაპიროზე, რომელიც ტუჩებში კოცნით დაგვირგვინდა...
- ეს გრძნობა დიდხანს გაგყვა?
- მოხდა ისე, რომ ერთმანეთს დავშორდით. სხვადასხვა ადგილას წაგვიყვანეს დასასვენებლად. ორი თვე ვიტანჯებოდი. ერთი სული მქონდა, სექტემბერი როდის დადგებოდა, რომ ერთმანეთს შევხვედროდით. მაგრამ მოხდა სასწაული: განშორების შემდეგ რომ ვნახე, აღარ მომეწონა. ტალახიანი ფეხსაცმელი ეცვა და ძალიან არ მომეწონა. ასეთი პრეტენზიული ვიყავი.
- ასე მალე დაივიწყე ბათუმის ბულვარზე გატარებული პაემანი?
- მე-7-8 კლასში როცა ხარ, ასეთი რამ მალე გავიწყდება.
მაკა ასათიანი:
- მაკა, შენთვის სიყვარული რას ნიშნავს?
- შეიძლება ითქვას, რომ ადამიანი სიყვარულის გარეშე ვერ იცხოვრებს. უსიყვარულოდ არსებობ, როდესაც გიყვარს - ცოცხლობ.
- ალბათ საბავშვო ბაღშიც გყავდა თაყვანისმცემლები?
- საბავშვო ბაღის ამბები არ მახსოვს, მაგრამ ძალიან პატარა ვიყავი, ბიჭვინთაში "დომ ტვორჩესტვაში" ვისვენებდი. იქ გავიცანი გიორგი ნაკაშიძე (მსახიობი). ორივეს მოგვეწონა ერთმანეთი. მთელ დღეებს პლაჟზე ერთად ვატარებდით.
- პირველად პაემანზე რომ მიდიოდი, ძალიან ნერვიულობდი? დიდხანს იფიქრე - რა ჩაგეცვა?
- ნამდვილად არ მახსოვს, პირველ პაემანზე რა მეცვა, მაგრამ გოგონებს ვურჩევდი, რომ პაემანზე ჩაიცვან ის სამოსი, რომელიც ყველაზე მეტად უყვართ და რომელშიც თავს კარგად გრძნობენ. პირადად მე, ურთიერთობა წინასწარ არასოდეს დამიგეგმავს. რა თქმა უნდა, პაემანზე რას ვიტყოდი, არც იმას ვგეგმავდი. ყოველთვის დინებას მივყვებოდი ხოლმე...
- ზოგჯერ პირველი პაემანი და პირველი სიყვარული მარცხით მთავრდება. რას ურჩევდით ასეთ ადამიანებს?
- მათ ვურჩევდი, თავი ხელში აიყვანონ. გადასწიონ ფარდები, შეხედონ მზეს და კიდევ ერთხელ გაიმეორონ - ცხოვრება გრძელდება და ყველაფერი კარგი წინ მელოდება!..
ჟურნალი "გზა"