თამთა ასათიანი "პალიტრა TV"-ის წამყვანია. მას ორი გადაცემა - "დილის პალიტრა" და "სოციოგრამა" მიჰყავს. ერთი დილას გადის პირდაპირ ეთერში, მეორე კი საღამოს. ძალიან მოსწონს თავისი საქმიანობა და თუ ადრე, დილით ადრე ადგომა ეძნელებოდა, დღეს ეს მისთვის პრობლემას აღარ წარმოადგენს და სამსახურისკენ სიხარულით მიიჩქარის.
- დავამთავრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტელე-რადიო ჟურნალისტიკის ფაკულტეტი, სწავლის გაგრძელებას მაგისტრატურაში ცოტა ხანში ვაპირებ. მეორე კურსიდან რადიოში მუსიკალურ წამყვანად ვმუშაობდი, სადაც კასტინგის შედეგად მიმიღეს. მერე სხვა რადიოში გადავინაცვლე, იქ მუსიკალური თხოვნები მიმყავდა. მომღერლებთან მიწევდა შეხვედრა, მუსიკალურ პრემიერებს ვუწყობდით. შემდეგ კი უკვე სამუშაოდ "პალიტრამედიაში" წამოვედი. თავიდან "დილის პალიტრის" წაყვანა შემომთავაზეს. ცოტა კი შემეშინდა, რადაგანაც როგორც გითხარით, მანამდე მხოლოდ მუსიკალური წამყვანის გამოცდილება მქონდა.
- ადვილად შეეგუე ახალ სამსახურს?
- ტელევიზიაში კამერებთან ურთიერთობა არ ვიცოდი. თავიდან ცხადია, საცდელად ჩამწერეს. დაძაბული კი ვიყავი, მაგრამ გამომივიდა და "დილის პალიტრის" წამყვანად დამამტკიცეს, სადაც განსაკუთრებული სპეციფიკაა, ცოტა შეჩვევა კი გამიჭირდა, მაგრამ ახლა უკვე ყველაფერი ავაწყვე და ძალიან მიყვარს ჩემი საქმე. ისე, რადიოში მუშაობას კიდევ სხვა ხიბლი აქვს, - არ ჩანხარ და შენი ხმა ისმის. მუსიკალური წამყვანობა კი მენატრება, რადგანაც იქ უშუალო კონტაქტს მსმენელთან ვამყარებდი...
- გარდა იმისა, რომ "დილის პალიტრა" მიგყავს, უძღვები ასევე გადაცემას "სოციოგრამა"...
- კი, "სოციოგრამაში" მიმოვიხილავთ როგორც ქართულ, ისე უცხოურ საინფორმაციო, ინტერნეტსიახელეებზე დაფუძნებულ ამბებს...
ჟურნალისტობა ბავშვობიდან მინდოდა და ბოლოს, როდესაც დადგა არჩევნის გაკეთების დრო, ეს პროფესია ავირჩიე, მიუხედავად იმისა, რომ ოჯახში ყველა - დედა, დეიდა, ბებია ექიმები მყავს. მათ უნდოდათ, რომ სამედიცინო სფეროს გავყოლოდი და სამედიცინო უნივერსიტეტში ჩამებარებინა. არადა, თავს ექიმად ვერ წარმოვიდგენდი. ამიტომ ჩემს გადაწყვეტილებას არ ვნანობ.
- სამსახურის გარდა, დროს რას უთმობ?
- ბავშვობიდან ვმღერი. ძალიან დიდხანს, რობერტ ბარძიმაშვილის სტუდიაში მის გარდაცვალებამდე დავდიოდი. ბოლოს ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი "ბარძიმი" შექმნა და იქაც ვმღეროდი. რომ გარდაიცვალა, აქტიურად აღარ გავაგრძელე, იმის მერე მხოლოდ რამდენიმე სიმღერა ჩავწერე. გიგა კვენეტაძესთან ვმეგობრობდი და ერთი სიმღერა მან დამიწერა. სიმღერა მეგობრების წრეში მიყვარს. სამომავლოდ, როცა კი იმის საშუალება მექნება, რომ ვიმღერო, ამ საქმეს აუცილებლად მივუბრუნდები.
- ისე, ჩვენში უამრავი მუსიკალური კონკურსი ტარდება და არ გქონია მასში მონაწილეობის სურვილი?
- კი, მაგრამ ბოლო წუთში მაინც გადამიფიქრებია. ამ კონკურსებში ბევრ ჩემს მეგობარს მიუღია მონაწილეობა და ძალიან წარმატებითაც...
- მუიკალური განათლება თუ გაქვს?
- ფორტეპიანოს განხრით 7-წლედი მაქვს დამთავრებული. რამდენჯერმე მქონია მცდელობა, რაღაც სიმღერაც დამეწერა, ზოგჯერ ამეკვიატება რაღაც ჰანგი და ბოლოს აღმოჩნდება, რომ ის არა ცნობილი სიმღერა, არამედ ახალი მელოდიაა. ისე, ბავშვობაში რაღაცებს ვწერდი და ახლაც რომ მქონდეს დრო, სიმღერას სიამოვნებით დავწერდი. მომავალში თუ მომეცემა ამის საშუალება, სიამოვნებით დავწერ.
- როგორც ვიცი, დღის მნიშვნელოვან ნაწილს "პალიტრამედიაში" ატარებ. მოკლედ, ძალიან გიყვარს შენი სამსახური, ხომ?
- დიახ, რაც ძალიან მიხარია. ბევრ პროფესიონალში მოვხვდი და საოცარ რჩევებს მაძლევენ. სასიამოვნოა, რომ ასეთი მედიაჰოლდინგია ჩემ გვერდით.
- შენიშვნებზე როგორ რეაგირებ?
- დადებითად, იმიტომ რომ, შეცდომები სამომავლოდ გამოვასწორო, დავიხვეწო და პროფესიული ჩვევები მეტად შევიძინო. პროფესიონალებიგან რჩევებს ყოველთვის მივიღებ.
- შეყვარებული არ ხარ?
- არა, პირად ცხოვრებაში სიმშვიდეა. თან, ეს ისეთი თემაა, რომ ძალიან ვუფრთხილდები.ამასთან, დაოჯახებას ჯერ არ ვაპირებ, საჩქარო არაფერია. ყველაფერს კარგად რომ გავაანალიზებ, დავფქირდები და გადაწყვეტილებას ამ მიმართულებით მერე მივიღებ.
- თავისუფალ დროს რას უთმობ?
- მეგობრებს და ასევე სახლში ყოფნაც მიყვარს. მეგობრებთან დროს სიამოვნებით ვატარებ. ხმაურიანი გართობები ბოლო დროს აღარ მხიბლავს.
- ვინმეს ფანი თუ ყოფილხარ?
- კი, ბავშვობიდან ესპანეთის ნაკრების მეკარე იკერ კასილიასი მიყვარს. ვგულშემატკივრობ კლუბს, რომელშიც ის თამაშობს. იმედი მაქვს, რომ პროფესიულად განვვითარდები...
- გაპრანჭვა თუ გიყვარს?
- მიყვარს გაპრანჭვა, მაგრამ ეკრანზე ეს არ შეიძლება. ეთერისთვის კლასიკური სტილია საჭირო. სხვათა შორის, ბოლო დროს კლასიკურად ჩაცმაც მომეწონა. პიჯაკები მოვიხდინე. ადრე უფრო სპორტულ სტილს ვანიჭებდი უპირატესობას.
ლალი ფაცია
სპეცილაურად "ამბები.გე"-სთვის