ძიძის შერჩევა საკმაოდ საპასუხისმგებლო და რთული საკითხია, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ჩვილ ბავშვს ეხება. ის ვერ გეტყვით, რა აწუხებს, რა სტკივა ან რა უხარია, ამიტომაც ძიძა ისეთი ადამიანი უნდა იყოს, რომლის გამოცდილებაში, ფსიქოლოგიურ მზაობასა და ბავშვთან კეთილსინდისიერ დამოკიდებულებაში მშობლებს ეჭვი არ შეეპარებათ.
თეონა ცხომელიძემ ძიძის არაკეთილსინდისიერების შესახებ მხოლოდ მას შემდეგ შეიტყო, რაც მეზობლებმა უთხრეს, რომ მთელი დღის განმავლობაში მისი ბინიდან ბავშვის ტირილისა და ძიძის ყვირილის ხმა ისმოდა:
"4 თვის იყო დიმიტრი, ძიძა რომ მოვიყვანეთ ოჯახში. უცხო ადამიანს არ ვენდე და ამიტომაც გადავწყვიტე, რომ ბავშვს ნათესავზე უკეთესად ვერავინ მოუვლიდა. დილის 9 საათზე გავდიოდით სამსახურში მე და ჩემი მეუღლე და საღამოს ვბრუნდებოდით. რამდენიმე ხანში მეზობლებმა მითხრეს, სულ ძიძის ყვირილის და ბავშვის ტირილის ხმა ისმის და ყურადღება მიაქციეო. ამის შემდეგ ოთახში კამერა დავაყენეთ, მუდმივად ჩართული გვქონდა და სამსახურში ონლაინ ვუყურებდით. იმ პერიოდში ბავშვს დიათეზს ვერ ვურჩენდით, დიეტურ კვებაზე გვყავდა. შევამჩნიეთ, რომ რამდენჯერმე სათანადო საჭმლის მაგივრად, არადიეტური საკვები აჭამა. ამის გამო არ მიმიცია შენიშვნა, მაგრამ უხეშად რომ მოექცა და მანეჟში მდგარ მოტირალ ბავშვს სახეში გაარტყა, ეს უკვე ბოლო წვეთი იყო და გავაგდეთ. წარმოდგენაც არ მინდა, მანამდე რა ხდებოდა, როცა სახლში არ ვიყავით. ამის შემდეგ ყველას ვურჩევ, რომ ვინც არ უნდა იყოს ძიძა, აუცილებლად შეამოწმონ, რომ დარწმუნდნენ მის კეთილსინდისიერებაში. მეორე ძიძა მეგობრის რეკომენდაციით მოვიყვანე. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგად შეეჩვია ბავშვი და ცუდი არაფერი შეგვინიშნავს, თავიდან კარზე ყურმიდებული ვუსმენდი ხოლმე, როცა ოთახში ბავშვთან მარტო რჩებოდა",- გვიამბო თეონა ცხომელიძემ.
მსგავსი შემთხვევების შესახებ ახალბედა დედები თბილისის ფორუმზეც ყვებიან და მშობლებს უფრო მეტი ყურადღებისკენ მოუწოდებენ:
"დედებო, მოგიწოდებთ, რომ ყურადღება მიაქციოთ თქვენს ძიძებს. ნუ ენდობით ბოლომდე. მე დავწერ ჩემს პირად გამოცდილებას... ისტერიკა მაქვს გუშინდლიდან მოყოლებული. ჩემ ლაშიკოს, რომელიც უკვე წლის ხდება 2 თვეა, შევატყვე, რომ სასტიკად განერვიულებული და აგზნებულია... ღამე იღვიძებდა 2-3-ჯერ. მე და ჩემმა მეუღლემ გადავწყვიტეთ კამერით გვედევნებინა თვალი, რას აკეთებდა ძიძა ბავშვთან ერთად მთელი დღის განმავლობაში.
გუშინ დილიდან ჩავრთეთ, საღამოს ვუყურეთ და რა ნახა ჩვენმა თვალებმა... ძიძა, რომელზეც ვერც კი შევიტანდი ეჭვს, თურმე ჩემს შვილს სცემს იმის გამო, რომ ჩაიკუკა და იმის გამო, რომ გაიზარდა და დამძიმდა... თან გვლანძღავს მე და ჩემ ქმარს დამლაგებელ ქალთან. დღეს დილით დავიბარე ეს ძიძა და რამის მეცხრე სართულიდან ვიფრინე, ვერ აგიღწერთ რა გადავიტანე. ჩემს ქმარს ძლივს გამოვგლიჯე ხელიდან, ახჩობდა. მუხლის ჩოქებზე დამიდგა, არ მიჩივლოო. გავაგდე, სხვა ძიძა მოვიყვანე, მაგრამ ბავშვს ნერვები ისეთ მდგომარეობაში აქვს, ნევროპათოლოგის მკურნალობა დასჭირდა."
ეს პოსტი ფორუმზე რამდენიმე თვის წინ დადეს, თუმცა სამწუხაროა, რომ თემას აქტუალობა არ დაუკარგავს. საინფორმაციო სააგენტო "AIAnews.ge"-მ 13 მაისს გაავრცელა სტატია სახელწოდებით "რატომ ცემა ძიძამ გეგეშიძის ბაღში 3 წლის ბიჭი?" სტატიის ავტორი წერს, რომ 11 მაისს, დაახლოებით დილის 10:30 საათზე, გეგეშიძის ბაღში 3-4 წლის ბიჭი ძიძამ სასტიკად ცემა. პასუხის მოსათხოვად რომ მივიდა, ძიძა ბავშვიანად გაიქცა.
მსგავსი ისტორიების მოსმენით დაბნეულ მშობლებს ან მომავალ დედებს ლოგიკური კითხვა გაუჩნდებათ - ვის ვენდოთ და რა კრიტერიუმებით უნდა შევარჩიოთ ძიძა, რომლის კეთილსინდისიერებასა და ბავშვთან დამოკიდებულებაში ეჭვს არ შევიტანთ? არსებობს სპეციალიზებული სააგენტოები, რომლებიც ფლობენ ყველა საჭირო ინფორაციას მათ ბაზაში არსებული დასაქმების მსურველი ძიძების შესახებ.
რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს მომავალი ძიძა, როგორია მისი უფლება-მოვალეობები დამქირავებელი ოჯახის წინაშე და რა კატეგორიის ძიძებს ითხოვენ ყველაზე ხშირად მშობლები? ამ საკითხებზე Ambebi.ge ერთ-ერთი ასეთი სააგენტოს, "გადიას" მენეჯერს, ფიქრია ლომსაძეს ესაუბრა.
- რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ძიძა, რომელსაც შეგვიძლია ვენდოთ?
- ჩვენი სააგენტო ძიძებს საკმაოდ მკაცრი კრიტერიუმებით არჩევს. დასაქმების მსურველი კადრი, რომელიც ჩვენთან მოდის, რამდენიმეეტაპიან გასაუბრებას გადის. პირველ რიგში, მათ უტარდებათ ფსიქოლოგიური ტესტირება, რათა გავიგოთ, არიან თუ არა მზად ძიძობისთვის. ამ შემთხვევაში ყველაზე მთავარია, რომ პიროვნების ერთადერთი მიზანი არ იყოს მხოლოდ დასაქმება. მას გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს, რა პასუხისმგებლობა და უფლება-მოვალეობები დაეკისრება.
გარდა ამისა, ყურადღებას ვაქცევთ გარეგნობასა და მეტყველებას. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ პიროვნებას ჰქონდეს არა მარტო თავისი, არამედ სხვისი შვილების აღზდის გამოცდილებაც, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს პიროვნება ფსიქოლოგიურ გამოცდილებას პირველად კი არ მიიღებს, არამედ მას ეს ეტაპი უკვე დიდი ხნის წინ აქვს გავლილი.
- როგორ რწმუნდებით ადამიანის სანდოობაში?
- ვსტუმრობთ იმ ოჯახებს, სადაც კონკრეტული პირი ადრე ძიძად მუშაობდა. ვუსმენთ ოჯახის წევრებს, რომლებიც გვეტყვიან, რამდენად პუნქტუალური, შრომისმოყვარე და კეთილსინდისიერია ესა თუ ის პიროვნება.
- "კერძო გადამოწმების" გარდა, რა მეთოდებს მიმართავს სააგენტო ძიძების შერჩევის დროს?
- დასაქმების მსურველმა აუცილებლად უნდა წარმოადგინოს ანალიზების პასუხები ტუბერკულოზსა და C ჰეპატიტზე, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და ცნობა ნასამართლეობის შესახებ. გარდა ამისა, პირი ხელს აწერს ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც ის პასუხისმგებლობას იღებს ოჯახისა და სააგენტოს წინაშე.
- ძირითადად რა ასაკისა და კრიტერიუმების მქონე ძიძებზე არის ყველაზე მეტი მოთხოვნა?
- ოჯახების მოთხოვნის შესაბამისად, ძირითადად ძიძების ასაკი მერყეობს 35-დან 50 წლამდე. როდესაც ძიძას ბავშვის მოვლის 4-5 წლიანი გამოცდილება აქვს, მას ელემენტარული სამედიცინო ცოდნა და გამოცდილება უკვე დაგროვილი აქვს. თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც ბავშვს აქვს რაიმე სახის თანდაყოლილი ავადმყოფობა, ან სხვა ტიპის ჯანმრთელობის პრობლემა. ამიტომაც მშობელი ითხოვს კვალიფიციურ მედდას. ჩვენს სააგენტოს ასეთი კადრებიც ჰყავს.
- თქვენ ძიძებთან ურთიერთობის 5 წლიანი გამოცდილება გაქვთ. როგორ ფიქრობთ, ძირითადად რა მიზეზების გამო ხდება უკმაყოფილება ოჯახსა და მომვლელს შორის და რა უნდა გაითვალისწინონ ძიძად მუშაობის დაწყების მსურველებმა?
- ვინაიდან დღეს ქვეყანაში საკმაოდ მძიმე სოციალური ფონია და უმუშევრობა კვლავ სერიოზულ პრობლემად რჩება, ზოგჯერ ქალბატონები ფიქრობენ, რომ მთავარია მიიღონ კუთვნილი 400-500 ლარი და ძიძად მუშაობას მარტივად შეძლებენ. ძიძად მუშაობა ყველას არ შეუძლია, ამ საქმეს ძალიან მყარი ფსიქიკა სჭირდება. ამიტომაც, გამოცდილებასა და მუშაობის სურვილთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ფსიქოლოგიური მზაობა.
სალომე შიხაშვილი, Ambebi.ge
დაგაინტერესებთ:
ძიძა ცხრა თვის ბავშვს სასტიკად სცემს (+18)
მშობლებმა ფარული კამერით შვილის მომვლელის სასტიკი საქციელი გადაიღეს