აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის თბილისში ძლიერი წვიმა და ელ-ჭექი ხვალაც შენარჩუნდება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ჰიდრომეტეოლოგიური სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა.
მისივე თქმით, აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის თბილისშიც, დღეს და ხვალ მოსალოდნელია ძლიერი წვიმა ელ-ჭექით. თუმცა, ამის მიუხედავად ჰაერის ტემპერატურა მაღალი იქნება. კერძოდ, დასავლეთ საქართველოში - 25 გრადუსი; აღმოსავლეთ საქართველოში 29 გრადუსი, თბილისში 28 გრადუსი.
ნიორაძის განცხადებით, წვიმების შედეგად შესაძლოა, პატარა შენაკადები წყლით აივსოს, თუმცა წყალმოვარდნები მოსალოდნელი არ არის.
ამინდი საქართველოში 15 მაისიდან გაუმჯობესდება. მზიანი ამინდები 18 მაისის ჩათვლით შენარჩუნდება, თუმცა 17 მაისს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რეგიონში შესაძლოა, ასევე იწვიმოს. ჰაერის ტემპერატურა კი 15 მაისიდან საქართველოში საშუალოდ 27-32 გრადუსი იქნება.