ოფიციალურად ის მილიონერია, არაოფიციალურად კი მილიარდერი. ოფიციალურად ლევანი ჰქვია, მაგრამ ახლა ყველა ლევ ფარცხალაძედ იცნობს. რას იზამ, ნათქვამია: სადაც ხარ, იქაური ქუდი უნდა დაიხუროო და უკრაინაში მცხოვრებმა ქართველმა ბიზნესმენმაც იქაური სახელი მოირგო. რას ერჩი, კი არის ლომივით ევროპის დეველოპერულ ბიზნესში.
ლევან ფარცხალაძე 1971 წლის 26 ოქტომბერს თბილისში დაიბადა. მხატვრისა და პედაგოგის ოჯახში. 1986 წელს ოჯახთან ერთად კიევში გადავიდა საცხოვრებლად. დაამთავრა ფინანსების ევროპული უნივერსიტეტი, სპეციალობით - საინფორმაციო სისტემების მენეჯმენტი და ბიზნესი. მისი "ნათლობა" ბიზნესში საკმაოდ უცნაურად შედგა: სტუდენტი იყო, როცა გაცვლითი პროგრამით, პრაქტიკაზე ბელგიაში უნდა წასულიყო. იქ წასასვლელად ჯიბის ფული სჭირდებოდა, ამიტომ მშობლებმა რამდენიმე ძვირფასი ნივთი გაყიდეს და შვილს 130 დოლარი შეუგროვეს, მაგრამ ბელგიელებმა მოლაპარაკება ჩაშალეს. ლევანმა, მეგობრებთან ერთად გადაწყვიტა, ეს ფული სადმე გასართობად კი არ დაეხარჯა, არამედ საქმეში ჩაედო და ტყავი შეიძინეს, რომლითაც სამოსი იკერებოდა. გართობას რაც შეეხება, ბიზნესმენს ერთ დროს თავად ჰქონდა ღამის კლუბი "დინამო ლუქსი".
ბიზნესს სერიოზულად ის 1994 წლიდან მოეკიდა. იყო "კორონა-კლუბის" გენერალური დირექტორი. 1994 წელს დააფუძნა ჯგუფი "XXI საუკუნე". ამჟამად ამ კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა. ჯგუფის პროფილი, ძირითადად, სავაჭრო, საოფისე, ლოჯისტიკის, სასტუმრო და საცხოვრებელი სამშენებლო პროექტების განვითარება და მართვაა. მის შემადგენლობაში შედის: სავაჭრო ქსელი "კვადრატი", "შვიდკოს" სწრაფი კვების ობიექტები, რესტორნები "პერვაკი", "ცარსკოე სელო", "ტარასი" და "კორონა", ოფისები კიევსა და უკრაინის მსხვილ ქალაქებში, 3-5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ქსელი, მრავალფუნქციური კომპლექსები, თანამედროვე ლოჯისტიკური ქსელი, პრემიუმ და ბიზნეს-კლასის საცხოვრებლები. 2005 წელს მან "XXI" საუკუნის აქციების 35% გაყიდა და ამით კომპანიაში უდიდესი ინვესტიციები მოიზიდა. ეს იყო იმ დროს ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური ოპერაცია.
ბოლო წლებში ფარცხალაძე უკრაინის ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაშია. 2008 წელს ჟურნალმა "ფოკუსმა" ბიზნესმენის ქონება 510 მილიონ დოლარად, ხოლო მისი კომპანიის პროექტების პორტფელი 2 მილიარდ დოლარად შეაფასა. ამ მონაცემებით იგი 100 ყველაზე მდიდარ უკრაინელს შორის 53 ადგილზე გავიდა. რამდენიმე თვის შემდეგ გამოცემა "კორესპონდენტმა" იგი უკვე 580 მილიონი დოლარით 37-ე ადგილზე გადმოწია, თან მიუთითა, რომ ბიზნესმენის ქონება ბოლო 1 წლის განმავლობაში 204 მილიონი დოლარით გაიზარდა.
2002 წელს ლევან ფარცხალაძე კიევის საბჭოს დეპუტატი იყო. 2008 წელს მან დეპუტატის მანდატი კვლავ მიიღო. ბიზნესმენი უკრაინის სამშენებლო ასოციაციის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე და მეწარმეთა გაერთიანება "ნოვაია ფორმაციას" ლიდერია. მას 2001 წელს უკრაინის დამსახურებული ეკონომისტის ტიტული მიანიჭეს.