მიუხედავად იმისა, რომ "პალიტრა TV" და რადიო პალიტრის ეთერში გადაცემა "გვეთამაშე ჩვენ" სრულიად უწყინარი და პოზიტიურია, ის მაინც იქცა სანახაობრივად ერთ-ერთ ყველაზე დაძაბულ შოუდ ტელე და რადიოსივრცეში. არ ვიცი, ეს საქართველოშია ასე, თუ სხვა ქვეყნებშიც იგივე პრობლემაა, მაგრამ ინტელექტუალურ თამაშებში მონაწილეობა ყოველთვის გარკვეულ უხერხულობასთანაა დაკავშირებული. მით უმეტეს, რომ მსგავსი შოუ მსახიობ გიორგი მეგრელიშვილს მიჰყავს და ცდილობს, მარტივი კითხვა, რომელზეც პასუხი "ღამე რომ გაგაღვიძონ, მაინც იცი", ისე მოგაწოდოს, საკუთარ თავში ეჭვი შეგეპაროს. გადაცემა საკმაოდ სახალისო გამოდის და მონაწილეებიც კიდევ ერთხელ ამოწმებენ ერუდიციის ხარისხს.
გიორგი მეგრელიშვილი: უამრავ სატელევიზიო პროექტზე მიმუშავია მაკა ლომიძესთან ერთად, რომელმაც ამ გადაცემის წამყვანობა შემომთავაზა. მაკა და ის გუნდი, ვისთანაც ახლა ვმუშაობ, მართლა საუკეთესოა - ისეთი, თვალდახუჭული რომ ენდობი. ჩვენ, მსახიობები სატელევიზიო პროექტებს მეტ-წილად თანხის გამო ვთანხმდებით. ჩემს შემთხვევაში, ხელფასზე დიდი მიზეზი იყო წიგნები და გადაცემა, რომელიც წიგნებზეა. შიგნით უამრავი საინტერესო რაღაცეები ხდება. ეს გადაცემა ჩემთვის ძალიან კარგია, მაგრამ შენ უნდა ნახო, ისინი, ვინც გადაცემაში მოდიან.
- როგორია გადაცემის ფორმატი?
- გადაცემაში მოდის სტუმარი, ცნობილი ადამიანი, რომელსაც ვუსვამთ თხუთმეტ კითხვას. პირველი ხუთი კითხვა მეტ-ნაკლებად ადვილია და შემდეგ რთულდება. ხუთ კითხვაზე პასუხის გაცემის შემთხვევაში, გამომცემლობა "პალიტრა ელისგან" საჩუქრად წიგნს იღებს და ყველა ეტაპის გავლის შემდეგ, ბიბლიოთეკას ამდიდრებს. წიგნს იმდენი რამ სჭირდება, იმხელა გზა უნდა გაიაროს, რომ საჩუქრად იქცეს და შენ თაროზე დაიდოს... მაგრამ, ეს შეიძლება ბევრმა არ იცის. მაგალითად, ზოგმა ისიც კი არ იცის, რა დღეა, როდესაც ერთმანეთს ატყუებენ. პირველი აპრილი ონისე ონიანს პირველი იანვარი ეგონა. ვკითხე, როდის ატყუებენ ადამიანები ერთმანეთს და პირველი რომ თქვა, გამოიცანი-მეთქი, მაგრამ მერე იანვარიო რომ დაამატა, მივხვდი, სხვაგან იყო.
- ანუ, ასეთი მარტივი კითხვებით იწყება.
- კი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ვიღაცეებისთვის არც ისე მარტივია. მაგრამ, ჯერ არ მყოლია სტუმარი ვისაც ამ ხუთი კითხვისთვის პასუხი ვერ გაეცეს.
- საიდან უჭირთ ხოლმე?
- იცი სად უჭირთ? აი, თვალებში ყურებას რომ მიწყებენ, მაშინ. კითხვას ვუსვამ და იბნევიან. მაგალითად, გია ბეროშვილი იყო, მანქანაზე შეხვდა კითხვა და მიყურებს თვალებში, გამამეორებინა ორჯერ. მერე მითხრა, მეგონა, რაღაცას მატყუებდიო. ზოგჯერ, ისეც ხდება, იმდენად მარტივი ეჩვენებათ პასუხი, თქმისგან თავს იკავებენ. დავაკვირდი, რომ, რაც უფრო დარწმუნებულია ადამიანი, მით მეტად ამოწმებს თავს. მოდი, ახლა შენ მომიყევი, როგორ ისვენებდი გონიოში და ანეკდოტებიც მიაყოლე – ასეთი გადაცემა არ არის. აქ ერუდიციასთან გვაქვს საქმე და ვაი და ერუდიციაში ჩაიჭრას?! ეს, არ უნდა. არადა, თავი მამლაყინწად მოჰქონდა და აქ დაინახონ მისი ერუდიციის დონე... ჩვენი სტუმრების ძირითადი ნაწილი ათის ფარგლებში იჭრება.
- რა ტიპის კითხვა შეიძლება, იყოს?
- მაგალითად, რომელია სამგლოვიარო ფერი ჩინეთში - ასეთი სირთულის. მაია ბარათაშვილმა მითხრა, რა ხდებაო, დაბნეული იყო. სხვათა შორის, ახლა დავნერგეთ ახალი ტრადიცია და ვაკეთებთ წიგნების სიას, რომლის წაკითხვასაც ჩვენი სტუმრები ურჩევენ მაყურებელს. ძალიან გამიკვირდა მაიას პასუხი. მისგან უფრო ველოდი რომანტიკულ, ლირიკულ ავტორებს და უცებ მითხრა ტოლსტოის "ომი და მშვიდობა", რომელიც მისი სამაგიდო წიგნი აღმოჩნდა. საინტერესო სია შედგა, სადაც არის დოჩანაშვილი, მაქს ვებერი, ვაჟა-ფშაველა, ილია. "რას კითხულობენ ცნობილი ადამიანები" - ასეთი კრებული შეიძლება გამოვიდეს. მერე კი - "რა არ აქვთ წაკითხული ცნობილ ადამიანებს"... (იცინის).
- სტუმრების ძირითად ნაწილთან მეგობრობ და არ გთხოვენ ხოლმე: აი, ეს არ მკითხო, რა კითხვები იქნება?
- დაბნეულობაა უფრო, ვიდრე რაიმეს თხოვნა: ვაიმე, ახლა რომ ვერაფერი გამოვიცნო, რა იქნება და რა მოხდება; აუ, ეს ამოჭერი და ამ კითხვაზე პასუხი მითხარიო, - ჯერ ეგეთი შემთხვევა არ მქონია. იმდენად ნერვიულობენ და ღელავენ, რომ პირიქით, გადაცემის დაწყებამდე ყველანაირად ვცდილობ, დავამშვიდო.
- შეგიძლია, გვითხრა, ვისი ნახვა გინდა გადაცემაში შენთან პირისპირ ყველაზე მეტად?
- ასეთი ადამიანი ბევრია. გამოვყოფ თემურ ქეცბაიას, რომელსაც ფეხბურთზე დავუსვამდი შეკითხვებს და კულტურის მინისტრს, გურამ ოდიშარიას.
- როგორ ფიქრობ, რამდენად მნიშვნელოვანია მაყურებლისთვის იმის ცოდნა, ამა თუ იმ ცნობილ ადამიანს ელემენტარული ერუდიცია რომ აქვს? ადამიანი შეიძლება კინოში ბრწყინავს, არაჩვეულებრივი მომღერალი ან ტიტულოვანი სპორტსმენია, იმოქმედებს ეს მათ იმიჯზე?
- არ ვიცი, გააჩნია ინდივიდუალურად მაყურებელს. ვიღაც იტყვის, რომ ეს რა არის; ვიღაც იტყვის: უფ, ეს ისეთი მაგარი მომღერალია, რად უნდა რამის ცოდნაო. მაგრამ, მეორეც არის. ზოგიერთს სულ სხვა იმიჯი აქვს მორგებული: აი, რა კარგია, რომ დებილი ვარ. ზოგს მოსწონს კიდეც ეს. ირგებს ამ სისულელეს და ამბობს, იცით, მე არც კი ვკითხულობ სცენარს, მიყვებიან და ისე ვთამაშობ. ალბათ, ეს ვიღაცაზე მუშაობს. ორჯერ ორი ჩემთვის შვიდია და ეს უკვე კარგია, ნახეთ, როგორი სულელი ვარ, როგორი განსხვავებული. მთავარია, განსხვავებული ვიყო, რა მნიშვნელობა აქვს რითი ვიქნები განსხვავებულიო. მაყურებელი კი ამით ერთობა, მას მხოლოდ გართობა სჭირდება.
- შენთვის აქვს ამას მნიშვნელობა?
- შეიძლება, ნიჭმა დაფაროს მისი ნაკლი.
- ანუ, ეს ნაკლია?
- ნაკლი არა, უფრო მისი პრობლემაა. "არ ვიცის" თქმა, ტრაგედია და სირცხვილი არ არის, მაგრამ არის რაღაც მინიმუმი, რისი ცოდნაც აუცილებელია, სირცხვილია, რომ არ იცოდე.
- პოლიტიკოსებს, ალბათ, კიდევ უფრო უჭირთ მოსვლა.
- არა, სხვათა შორის. დავით ზურაბიშვილი გვყავდა. საქართველოს ისტორიაზე კითხვა მქონდა, რომლითაც მინდოდა, დამებნია, მაგრამ იმ დინასტიაზე ისე მოყვა და ისე ჩავიად შვილიშვილზე, რომ მოდი, კიდევ ერთხელ გკითხავ-მეთქი, ვუთხარი. როდესაც ადამიანს კითხვას უმეორებ, ის ფიქრობს, რომ პასუხში შეცდომას უშვებს, მაგრამ მასზე ამას არ უმოქმედია. პოლიტიკოსებს, ალბათ, ეს უკვე გამჯდარი აქვთ ინსტინქტის დონეზე. თუ იციან, რომ მართლები არიან, ბოლომდე იმ ჩვენებას აწვებიან.
- როდესაც არ იციან, რომ მართლები არიან, მაშინაც...
- მაშინ უკვე შვიდჯერ იმეორებენ.
- შენთვის თუ შემოუბრუნებიათ კითხვა და შენ ერუდიციას თუ ამოწმებენ გაბრაზებულები?
- კი, ყოფილა ასე. მაგრამ ვცდილობ, მინიშნების მიცემისგან თავი დავიზღვიო. იმ დღეს "კალაშნიკოვზე" იყო კითხვა და ვირტუალურად, თითით თითქოს იარაღს ხელი გამოვკარი და ამ დროს მიხვდა, რაზე იყო საუბარი. თხუთმეტიდან თხუთმეტივეს, პასუხს ვერც მე ვცემ, მაგრამ შვიდ-რვა კითხვამდე ავდივარ (იცინის).
სალომე გველესიანი
ჟურნალი "თბილისელები"