გასულ ორშაბათს სოფი სააკაშვილი ''X ფაქტორის'' ერთ-ერთი აღმოჩენა გახდა. 19 წლის გოგონამ ჟიური აღფრთოვანებული დატოვა და ოთხი ''კი'' დაიმსახურა. გარდა სოფის კარგი ვოკალური მონაცემებისა, მაყურებლის ყურადღება ეთერში მაია ყარყარაშვილის გამოჩენამ მიიპყრო.
90-იანი წლების ვარსკვლავი, ამჯერად დედის ამპლუაში სოფის საგულშემატკივროდ მისული წარდგა ფართო აუდიტორიის წინაშე. ამ წლების განმავლობაში ჟურნალისტების არაერთი მცდელობის მიუხედავად, ინტერვიუებზე ყოველთვის უარს ამბობდა. ვისარგებლეთ სოფის წარმატებით და ინტერვიუ დედასთან ერთად ჩავწერეთ.
სოფი:
- ბავშვობიდან ვმღერი, ძალიან მიყვარს მუსიკა, მუსიკალური საკრავები, ვუკრავ ფორტეპიანოზე, გიტარაზე. რა თქმა უნდა, მუსიკალურად უდიდესი გავლენა მოახდინა დედის ფაქტორმა. დედას დეიდა, მანანა თოდაძე, ცნობილი მომღერალია, ჩემი დეიდა შორენა ყარყარაშვილიც მღერის. მახსოვს, ბავშვობაში ხშირად ვუსმენდი დედას სიმღერებს რადიოში.
- მისი რეპერტუარი თუ მოგწონს?
- კი, ძალიან მომწონს. ორი ალბომი გამოუშვა. პირველი ალბომი ძალიან მომწონს, ცნობილი სიმღერებია შესული - ''თბილისო'', ''აღარ მჭირდები''. ახლაც ხშირად ვუსმენ. ბევრი სიმღერა აქვს, რომელსაც მაყურებელი არ იცნობს და ვფიქრობ, მე შევასრულო, ოღონდ ჩემი ინტერპრეტაციით.
- თუმცა განსხვავებულ ჟანრში მღერი.
- დიახ, დედა უფრო ქალაქური ჟანრის მომღერალია, მე უფრო უცხოური - პოპი, ბლუზი, ჯაზი მომწონს.
მაია:
- სოფი ქართულ სიმღერებსაც არაჩვეულებრივად ასრულებს. თუ ლაივკონცერტებამდე მივა, როგორც კონკურსანტი, ალბათ, ქართული ტურიც იქნება და იქ აჩვენებს საკუთარ შესაძლებლობებს.
- სოფი, როგორი დედაა მაია?
- ძალიან კარგი, არასოდეს დაუწესებია შეზღუდვები, მაგრამ რაღაც ჩარჩოში მაინც ვიყავი. არ მქონია მოთხოვნა, რომ სადმე გავეშვი ან რაღაც ეყიდა. ყველგან დავდიოდი, ვესწრებოდი საღამოებს. მაიას ერთი ძალიან კარგი თვისება აქვს, იცის, როგორ უნდა მოგიდგეს.
მაია:
- სოფი ისეთი ბავშვი იყო, რომ სათამაშოც კი არ გაუტეხია. დამყოლი იყო, სისულელე არასოდეს ჩაუდენია. მარტომ გავზარდე, კვირაში სამი-ოთხი დღე მამის ოჯახთან იყო, მაგრამ დიდ ნაწილს მაინც ჩემთან ატარებდა, ამის მიუხედავად, არასოდეს გამჭირვებია.
- ქალბატონო მაია, ამდენი წელი რატომ არ აჩენდით სოფის?
- სოფის ასეთი ვოკალური შესაძლებლობა რომ არ ჰქონოდა, არც ახლა იდგებოდა სცენაზე. ალბათ, დადგა ამის დროც. ძალიან პატარა იყო, რომ მღეროდა. ჩემს მეორე ალბომში ჩვენი დუეტიც არის შესული. სახლში ხშირად ვმღეროდით საბავშვო სიმღერებს. მთავარია, ბავშვის ხმამ გარდატეხის ასაკს გაუძლოს. ამ პერიოდში არსად ვამღერე. სწორად მოვიქეცი. გადალახა ეს ეტაპი და რომ ჩამოყალიბდა, თავად გადაწყვიტა ''X ფაქტორში'' მონაწილეობა. საერთოდ, ყველა დედას ჰგონია, რომ მისი შვილი მაგარია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩემს შვილს აქვს ''X ფაქტორი''. მის შესაძლებლობებში დარწმუნებული რომ არ ვყოფილიყავი, არ მივცემდი საშუალებას, რომ კონკურსს შესჭიდებოდა. მე პირადად რვა საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი ვარ და ვიცი, ეს რა ციებ-ცხელებაა. ყველა დედა ცდილობს, შვილი პრობლემებისგან დაიცვას, მაგრამ რადგან მას ასე უნდოდა... მე ყოველთვის იმას ვაკეთებ, რაც მას უნდა. სოფის ცხოვრებით ვცხოვრობ.
- ამდენი წელი რატომ არ ჩანდით ესტრადაზე?
- ჩემს პირად ცხოვრებაში გარდატეხა მოხდა, მერე გასტროლებზე დავდიოდი, ვერ მოვიცალე და ვერ გავაგრძელე ისე, როგორი სტარტიც მქონდა აღებული. ხან არის შენი დრო, ხან - არა. როდესაც რაღაცას მიაღწევ, მისი შენარჩუნება რთულია. მე სხვა რამეზე გადავერთე. მარტო დავრჩი, გაჩნდა სამსახური, გასტროლები, ბავშვი და ვეღარ მოვაბი თავი. სახლში რომ დავმჯდარიყავი კონცერტების მოლოდინში, შვილი მყავდა გასაზრდელი.
იხილეთ სტატიის გაგრძელება