"უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარის, ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, "რუსთავი 2"-ს უკანონოდ მოპოვებული ვიდეომასალა შოთა უტიაშვილმა გადასცა.
მისი თქმით, "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადება ფარული ვიდეო ჩანაწერების გავრცელებამდე, როცა მან უკანონოდ მოპოვებული მასალების ტელევიზიაში არსებობა დაადასტურა, მოსმენებში ხელისუფლება დაადანაშაულა და ჯოჯოხეთს დაჰპირდა მათ, წარმოადგენს არა დამოუკიდებელი ტელეკომპანიის ხელმძღვანელის არამედ ხელისუფლების მიმართ ოპოზიციურად განწყობილი ლიდერის მუქარას ხელისუფლების მიმართ.
"არა გვგონია CNN, BBC-ის ან რომელიმე სხვა ქვეყნის წამყვანმა ტელეკომპანიის ხელმძღვანელმა მსგავსი განცხადებები გააკეთოს. ეს ხომ ჟურნალისტური ეთიკის ნორმებს ეწინააღმდეგება. ობიექტური და დროული გამოძიების ჩატარების შემთხვევაში შესაძლებელია გამოიკვეთოს "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას და ამ საქმეში მონაწილე სხვა პირთა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით", - განაცხადა მჟავანაძემ.
მისი თქმით, მას აქვს სერიოზული ეჭვი, რომ აღნიშნული მასალები ეკა კვესიტაძის გადაცემაში მოხდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უშუალო მითითებითა და ეკა კვესიტაძის მეუღლის, სააკაშვილის დროინდელი შსს მაღალჩინოსნის, ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი უფროსის შოთა უტიაშვილის დახმარებით.
"აქედან გამომდინარე მოვუწოდებთ პროკურატურას დროულად დაიკითხნონ ამ საქმეზე მიხეილ სააკაშვილი, შოთა უტიაშვილი და ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე", - დასძინა მან.