მას არ აქვს ურთიერთობა მედიასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, თითქმის არ მონაწილეობს უწყების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში, არ არსებობს მისი ფოტო, ვიდეოკადრი - რაც საზოგადოებას მაღალჩინოსანის იდენტიფიცირების საშუალებას მისცემდა.
ვინ არის 34 წლის დიმიტრი დარბაისელი, რომელიც გასული წლის ნოემბერში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარედ დაინიშნა და რომლის საკადრო პოლიტიკამ სოზარ სუბარიც კი სახტად დატოვა?
პოლიციის პოლკოვნიკი დიმიტრი დარბაისელი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარედ დანიშვნამდე შსს-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს თბილისის მთავარ სამმართველოს ხელმძღვანელობდა. ის წლების განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელ თანამდებობებს იკავებდა, თუმცა, 2008 წელს, შინაგან საქმეთა სამინისტრო პირადი გადაწყვეტილებით დატოვა და საქმიანობა კერძო სექტორში განაგრძო. სამართალდამცავ სისტემას ის 2012 წელს დაუბრუნდა. როგორც ამბობენ, მის დაწინაურებაში ლომის წილი შს სამინისტროს გენინსპექციის აწ უკვე ყოფილ უფროს ზვიად ჯანყარაშვილს მიუძღვის.
ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე შპს "ტრიბას" პარტნიორია და კომპანიაში 50%-იან წილს ფლობს. ყოფილი ძალოვნებით დაკომპლექტებული შპს "ტრიბა" წლების განმავლობაში თავზარს სცემდა ყველა ურჩ გადამხდელს. ქართული მედია იმ ზეწოლის და გაუგონარი სისასტიკის შესახებ წერდა, რასაც ამ კომპანიის თანამშრომლები ურჩი გადამხდელების მიმართ ახორციელებდნენ.
"არსებობს შპს "ტრიბა", რომელსაც ყოფილი ძალოვნები მართავენ და განსაკუთრებული ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ ჰყავთ გაუბედურებული ხალხი, განსაკუთრებით "თი ბი სი ბანკის" კლიენტები. ეფრემა, "ტრიბას" დირექტორი, განსაკუთრებით სისასტიკით გამოირჩევა, ეს მოგვარება კი არა, თვითმკვლელობამდე მიყვანის ორგანიზებაა," - წერს ერთ-ერთ ფორუმზე ვინმე იოსები. (23.01.2014)
"გურია ნიუსს" სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომელი დაუკავშირდა, რომლის ვინაობასაც მისივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ანონიმურად ვტოვებთ. ჩვენი რესპონდენტი, პირობითად გიორგი, ამბობს, რომ მინისტრი სოზარ სუბარი დეპარტამენტს ვერ აკონტროლებს. ის არ მონაწილეობს არც კადრების შერჩევაში და არც ფინანსების განკარგვაში.
"სუბარს აქ არავინ ემორჩილება. დარბაისელი და მისი მოყვანილი ნაცზონდერები დერეფნებში ღიად, მოურიდებლად დასცინიან მინისტრს. დეპარტამენტის თავმჯდომარე ანეკდოტივით ყვება მის სატელეფონო საუბარს სუბართან: დამირეკა და მითხრა, ხომ ხედავ, ციხის გახსნა მინდა, ვცდილობ ევროპული სტანდარტები დავამკვიდრო და შენ კი სისტემას ხურავო. ამ ევროპულ სტანდარტებზე და ციხის გახსნაზე იცინიან და მასხრად იგდებენ მინისტრს. რა გამჭვირვალობაზეა საუბარი, როცა სასტიკად იკრძალება დარბაისელის კადრში მოხვედრა. ოპერატორებს ყველა იმ კადრს აშლევინებენ, სადაც შემთხვევით ხვდება დეპარტამენტის თავმჯდომარე. არ ვიცი, ეს მისი ფობიაა თუ რაიმე კონკრეტული მიზეზი აქვს, მაგრამ მისი ვიზუალი მკაცრად არის გასაიდუმლოებული.
გაუსაძლისი სამუშაო გარემოა დეპარტამენტში; განსაკუთრებით შეურაცხმყოფელია მათი დამოკიდებულება თანამშრომელი ქალების მიმართ. აქ დედის გინება, კარის წიხლით შეღება, ყვირილი და მაგიდაზე მუშტების ბრახუნი ჩვეული მოვლენაა. გუშინ რომ დეპარტამენტის თანამშრომლების ხელფასები გამოქვეყნდა, სუბარმა დარეკა. გასუსული უსმენდა დარბაისელი, სატელეფონო საუბრის დამთავრების მერე კი თანამშრომლებს უთხრა, მინისტრს არ მოეწონა ეს ამბავი, მაგრამ არაფერზე იდარდოთ, უკვე მოგვარებული მაქვს პრობლემაო. გგონიათ, ეს ხელფასები მთლიანად სახლში წაიღო ამ ხალხმა? ეს "ატკატებია"- თანხა ეწერებათ, მაგრამ ნაწილს უკან აბრუნებენ და ვის ჯიბეშიც მიდის, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს. მილიონობით ლარი აქვს დეპარტმენტს, ამ ფულს დარბაისელი საკუთარი შეხედულებისამებრ განაგებს. სამწუხაროდ, ბიძინა ივანიშვილმა ეს ამბები არ იცის და ამ ყველაფერს იმიტომ გიყვებით და ვრისკავ, რომ მინდა სიმართლე გაიგოს. სანამ დროა, დეპარტამენტს უნდა მოხედონ, თორემ როდის რომელ ციხეს ააბუნტებენ და რა პროვოკაციას მოაწყობენ, არავინ იცის," - ამბობს გიორგი.დარბაისელის ფოტო "გურია ნიუსს" წყარომ ექსკლუზიურად მიაწოდა.