მოსმენებზე მონოპოლია მარტო სახელმწიფოს არ აქვს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლევან იზორიამ "ტელეიმედის" ეთერში განაცხადა.
"რაც შეეხება ზოგადად პორტატულ აპარატურას, როგორც გითხარით, არსებობდა საფუძვლიანი, ოპერატიული ინფორმაცია, კონკრეტული ჩვენებები შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლებისგან, რომ ეს ტექნიკა თავის დროზე იქნა შეძენილი, მაგრამ დღეს იგი არსად აღირიცხება, არ არის ბალანსზე, შესაბამისად, დაკარგულია და არსებობს დიდი ალბათობა და ეჭვი, რომ ამ ტექნიკას ვიღაცა იყენებს. ანუ ამ ტექნიკით, შესაძლებელია, გვისმენენ ჩვენ და ერთსაც ვიტყვი, სახელმწიფოს არა აქვს მარტო მონოპოლია მოსმენებზე, ანუ აქ ლაპარაკია კანონიერ მოსმენებზე. მოსმენები შესაძლებელია ყველა სუბიექტის მიერ განხორციელდეს ამ შემთხვევაში, თუ აქვს ეს პორტატული აპარატურა", - განაცხადა იზორიამ.
მისივე თქმით, უკანონო ჩანაწერების შენახვის ფაქტიც უკანონობაა და "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ამის შესახებ ინფორმირებული იქნება. "ეს არის უკანონობა, ამიტომ ამაზე პროკურატურაც იტყვის თავის სათქმელს, ბუნებრივია. როგორც ვიცი, ნიკა გვარამია მოწმის სახით დაბარებულია პროკურატურაში და ამაზეც იქნება ინფორმირებული", - აღნიშნა იზორიამ.