"პალიტრამედიის" ნიუსრუმში მუშაობა ჩემთვის საინტერესო აღმოჩნდა. უკვე ორი წელია, რაც აქ ვარ და ნიუსებს, სიუჟეტებს, რეპორტაჟებს სხვადასხვა ("ინტერპრესნიუსი", "პალიტრა ტვ.გე", რადიო "პალიტრა", ამბები.გე) მედიაპლატფორმისთვის ვამზადებ", - ამბობს ჟურნალისტი ნათია ლეშკაშელი. ორი შვილის დედა ცხელ წერტილებში ყოველთვის თვალის დაუხამხამებლად მიდის.
- ჩვენთან ასეა ყველა ჟურნალისტი: შეგვიძლია, სააგენტოსთვის დავწეროთ როგორც ნიუსი, ასევე გადავიღოთ ესა თუ ის მოვლენა, ამბავი და მაყურებელს სიუჟეტის სახით ვუჩვენოთ, უახლესი ინფორმაციებით რადიოში ჩავერთოთ. მოკლედ, ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოა. დიახ, ხშირად რადიოში ჩართვისას მოვლენის კვალდაკვალ ვყვებით, რა ხდება ჩვენ თვალწინ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ყოველთვის თან გვაქვს ჩვენი ფლიპკამერა. ის ხშირად არასამუშაო საათებშიც გამოგვიყენებია, როდესაც საინტერესო თემას წავწყდომივართ. გარდა ამისა, შეგვიძლია, გადაღებული მასალა ოპერატიულად მივაწოდოთ რედაქციას. სხვათა შორის, ჩვენ მიერ გადაღებულს თავადვე ვამონტაჟებთ...
- ეს უნარ-ჩვევები ამ კომპანიაში მუშაობისას შეიძინე?
- დიახ, აქ დიდი გამოცდილება მივიღე. ერთდროულად რამდენიმე მედიაპლატფორმაზე მუშაობის გამოცდილება არ მქონია. ერთ პრესკონფერენციაზე წასვლით, რამდენიმე რედაქციას ვუმზადებ თემას და ამის პარალელურად, პრესაში, ტელევიზიაში, რადიოში, საიტზე მუშაობის წყურვილსაც ვიკლავ...
- როგორც პროფესიონალისთვის, შენთვის რა არის მთავარი?
- ობიექტურობა. მიხარია, რომ სადაც კი მიმუშავია, ყველგან ჟურნალისტური თავისუფლების ხარისხი საკმაოდ მაღალი ყოფილა, მით უმეტეს - ჩვენთან, "პალიტრამედიაში". სწორედ ამიტომაც ყველა რესპონდენტი აღნიშნავს, რომ გვენდობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
- ნათია, რა განაპირობებს, რომ სამხედრო თემატიკაზე ხშირად მუშაობ?
- ჩვენთან მაინცდამაინც არ არის მკვეთრად გამიჯნული, თუ რომელი მიმართულებით უნდა წერო, მაგრამ უკვე წლებია, სამხედრო საკითხებს ვაშუქებ. ამ თემით ერთხელ შემთხვევით დავინტერესდი: წვრთნისა და აღჭურვის ქართულ-ამერიკულ პროგრამაში მოვხვდი და იქიდან დავიწყე სამხედრო ჟურნალისტიკასთან კავშირი. ეს სპეციფიკური დარგია და ამ სფეროში განსაკუთრებულ ცოდნას მოითხოვს. რაც მთავარია, მუდმივად საქმის კურსში უნდა იყო, თუ რა ხდება საქართველოს სამხედრო სფეროში. არაფერი არ უნდა გამოგრჩეს.
- ისე, ცოტა უცნაურია, ამ სფეროთი ქალბატონი რომ დაინტერესდი. ეს ძირითადად, მამაკაცების საქმეა ხოლმე...
- იყო შემთხვევა, როცა თავდაცვის სამინისტროს მიერ გამართულ პრესკონფერენციებზე ქალი ჟურნალისტი მხოლოდ მე ვიყავი, დანარჩენები - მამაკაცები. ხანდახან ისეა საქმე, რომ ქვეყნის ჯარისკაცებად ვგრძნობთ თავს, როდესაც მოქმედება, ვთქვათ, სამხედრო პოლიგონზე ან სამხედრო ბაზაზე მიმდინარეობს, რაც თავისთავად, საინტერესოა.
- შარშან შემოდგომაზე თავდაცვის მინისტრთან და ჟურნალისტების ჯგუფთან ერთად, ავღანეთშიც იყავი, არა?
- ავღანეთში ვიზიტი ჩემი ცხოვრების ძალიან საინტერესო ეპიზოდია. თან, იქ მოულოდნელად აღმოვჩნდი. ამ ქვეყანაში გამგზავრება ბევრი თვალსაზრისით იყო საინტერესო და ამასთან, ამაღელვებელიც, როგორც ქართველისთვის, ჟურნალისტისთვის და საერთოდ - როგორც ადამიანისთვის. ჩვენ ხომ იქ თანამემამულე ჯარისკაცებთან ჩავედით, რომლებიც პრაქტიკულად, უცხო ქვეყანაში ჩვენს მშვიდობას იცავენ. ძალიან საინტერესო იყო მათი სამუშაო პირობების ნახვა ჰილმენდის პროვინციაში, ლეზერნეკის ბაზაზე. როგორც კი ჩავედით, უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები დაგვხვდნენ, რომლებმაც სპეციალური ინსტრუქტაჟი ჩაგვიტარეს, თუ როგორ უნდა გვემოქმედა, თუ საგანგებო სიტუაციაში აღმოვჩნდებოდით. ჟურნალისტები ერთმანეთს ვარწმუნებდით, რომ არ გვეშინოდა.
- ჯარისკაცები ალბათ სიხარულით შეგხვდნენ...
- მათთვისაც ძალიან საინტერესო იყო ჩვენი სტუმრობა. ჯარისკაცებთან ბევრი ვისაუბრეთ, ჩავწერეთ არაერთი ინტერვიუ. იყვნენ ისეთები, რომლებიც ავღანეთში უკვე მეორე, მესამე კონტრაქტით არიან... ჩვენი ვიზიტი 15 სექტემბერს დაემთხვა. მეორე დღეს საქართველოში სასწავლო წელი იწყებოდა. ზოგიერთი მათგანის შვილი სკოლაში პირველად მიდიოდა და რამდენიმე ჯარისკაცმა ჩვენი დახმარებით, საკუთარ შვილს ავღანეთიდან მიულოცა სასწავლო წლის დაწყება. ძალიან ამაღელვებელი იყო ასევე კონცერტი, რომელიც იქ ანსამბლმა "შვიდკაცამ" გამართა. ისინი პაატა ბურჭულაძესთან ერთად იყვნენ ჩამოსულები. სულ ბოლოს, როდესაც მოვდიოდით, სამხედრო აეროდრომზე ჯარისკაცები გვაცილებდნენ. იმ დროს ჩვენთან ერთ-ერთი მოვიდა და "შვიდკაცას" ბიჭებსა და პაატა ბურჭულაძეს სთხოვა, ყველამ ერთად, "შენ ხარ ვენახი" ვიმღეროთო. ის წუთები არასოდეს დამავიწყდება... რაკი ცხელ წერტილზე ვლაპარაკობთ, გამახსენდა, რომ ჩემთვის ცხელ წერტილში ყოფნის ეს ერთადერთი შემთხვევა არ ყოფილა. როდესაც პანკისში გამწვავებული ვითარება იყო, რამდენჯერმე მომიწია იქ ჩასვლამ. ერთხელაც, დილით, სატელეფონო ზარმა გამაღვიძა. მითხრეს, რომ რუსებმა დაბომბეს და ჟურნალისტები თავდაცვის მინისტრთან, დავით თევზაძესთან ერთად, პანკისში უნდა წავსულიყავით. უნდა გვენახა ადგილი, სადაც ბომბი ჩამოვარდა. დილის 7 საათზე დაბომბეს, 9 საათზე უკვე იქ ვიყავით - ვერტმფრენით გადავფრინდით. ჩემი იქ ყოფნის შესახებ ოჯახში არავინ იცოდა, რადგანაც ცხელ წერტილში მოულოდნელად აღმოვჩნდი... მოკლედ, პანკისიდან მშვიდობიანად დავბრუნდით, ჭურვის ნაწილიც კი ჩამოვიყოლე. მეორე დღეს გამოვიდა ერთ-ერთი გაზეთი და ვხედავ, პირველ გვერდზე უზარმაზარი ფოტო დევს: აღბეჭდილია ის ადგილი, სადაც ბომბი აფეთქდა და იქვე მე და ჩემი ოპერატორი ვდგავართ. ასე "ჩამიშვა" ერთ-ერთმა გაზეთმა... პანკისში რამდენჯერმე ვარ ნამყოფი. პატარა ლიახვის სოფლებსაც ვსტუმრობდი ხოლმე. ჩემთვის ძალიან მძიმეა, რომ ხშირად დავდივარ იქ, სადაც ახლა რუსები მავთულხლართებს ავლებენ. ასეთ დროს რთულია მასალის მომზადება. იქ ყოფნისას უმწეობის განცდა გეუფლება და ერთადერთი, რაც შეგიძლია რომ გააკეთო, - გადაიღო კადრები და საქართველოს მოსახლეობასა და დანარჩენ მსოფლიოს აჩვენო. ბოლოს სოფელ ატოცში გახლდით. იქ სოჭის ოლიმპიადის შემდეგ მავთულხლართების გავლება განაახლეს.
- ალბათ არაერთი ექსკლუზიური კადრიც მოგიპოვებია, ხომ?
- ექსკლუზიური კადრები მნიშვნელოვანია და ხშირად ის პატარა კამერითაც გადამიღია. მაგალითად, იუსტიციის სახლის სახურავის ნაწილების ცვენა რომ დაიწყო, რამდენიმე წუთში იქ გავჩნდი. რომ მივედი, კიდევ ერთი ნაწილიც ჩამოვარდა. ყველაფერი სმარტფონით გადავიღე და ის კადრები მხოლოდ მე მქონდა...
- თვითნებურად, მიწვევის გარეშე თუ ყოფილხარ პრესკონფერენციაზე?
- გახსოვთ ალბათ, წინა ხელისუფლების დროს, ბიძინა ივანიშვილს ქონება დაუყადაღეს. აღსრულების ბიუროში პრესკონფერენცია დაიგეგმა, მაგრამ მაშინ ორ-სამ ტელევიზიას იწვევდნენ. მიუხედავად ამისა, წავედი. ყველა გაატარეს, მე მეკითხებიან, - ვინ ხარო? ავუხსენი, რომ სააგენტო "ინტერპრესნიუსის" წარმომადგენელი ვიყავი და ასევე "პალიტრა ტვ"-დან. არ მიშვებდნენ, მე კი მაინც ვუხსნიდი, რომ ჟურნალისტი ვიყავი და იქ შესვლის უფლება მქონდა. მოკლედ, დიდი დავა-კამათის შემდეგ შევაღწიე და ის ხმაურიანი ინფორმაცია რამდენიმე წუთში "ინტერპრესნიუსის" მთავარ გვერდზე იდო. იქიდან ვიდეომასალაც მოვიტანე...
- ორი შვილის დედა ხარ. ასეთი რეჟიმის გამო შვილებს შენი ყურადღება ხომ არ აკლიათ?
- საერთოდ, ალბათ ყველა შვილს, ვისი დედაც მუშაობს, აკლია ყურადღება, მაგრამ ჩვენ ხომ მათთვისაც ვმუშაობთ?! აქ მხოლოდ მატერიალურ მხარეს არ ვგულისხმობ. კარგია, როდესაც შვილს რეალიზებული დედა ჰყავს. ჩემები უკვე მოზრდილები არიან: გოგონა 9 წლის არის, ბიჭი - 7-ის. სწორედ იმიტომ, რომ მათთან მეტი დრო გამეტარებინა, დეკრეტი გავახანგრძლივე და მუშაობა მაშინ განვაგრძე, როცა ბიჭმა სკოლაში სიარული დაიწყო. თუმცა ისინი მაინც მიიჩნევენ, რომ დედასთან სიახლოვე აკლიათ. უნდათ, რომ მეტი დრო გავატაროთ ერთად. ჩემი გოგო იტყვის ხოლმე: ჟურნალისტობა რატომ გადაწყვიტე, სხვა პროფესია ვერ აირჩიეო? მაგრამ ამავე დროს თვითონაც წერს რაღაცებს. ხანდახან სახლში მისულს მხვდება ხელნაკეთი ჟურნალის მაკეტები, პატარ-პატარა ჩანახატები. ვატყობ, რომ ამ პროფესიის მიმართ ინტერესი აქვს.
- როგორც ჩანს, მეუღლეც ხელს გიწყობს.
- მისგან მართლა დიდი ხელშეწყობა მაქვს. არასოდეს მქონია წინააღმდეგობა, კარგად ესმის ჩემი. ორივენი ვმუშაობთ. თავისუფალ დროს ვცდილობთ, ერთად ვიყოთ. ორივეს მშობლები გვეხმარებიან, ბავშვებს იტოვებენ, სკოლაში დაჰყავთ.
- როგორც ვხვდები, შენი პროფესია სიამოვნებას განიჭებს. ის კი არა, ფოტოგადაღება ჰობადაც კი გექცა.
- კი. ამასთან, ძალიან მიყვარს მთაში მოგზაურობა. შარშან სვანეთში პირველად ვიყავი. მერე ყაზბეგსაც ვესტუმრე. ვერ ვიტყვი, რომ მთაში პირველად ვიყავი, მაგრამ სვანეთმა ჩემზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა. წარმოშობით ლეჩხუმელი გახლავართ. სვანეთსა და ყაზბეგში უამრავი ფოტო გადავიღე... ასევე გამიტაცა კულინარიამ: ცოტა ხნის წინ თბილისში სტუმრად ჩამოსული იაპონელი შეფმზარეული გადავიღე, რომელმაც სუშის მომზადების გაკვეთილი ჩაგვიტარა. მოკლედ, ერთი საინტერესო გაკვეთილი ჩავწერე. დიდი გამოხმაურება მოჰყვა. იმის შემდეგ გამიჩნდა იდეა, ამ მიმართულებით კიდევ გადავიღო რამდენიმე ეგზოტიკური კერძის მომზადების პროცესი.
ლალი ფაცია
(გამოდის ხუთშაბათობით)