ლევან ჩიჩუა, სცენური მეტსახელით თიელი, ჩვენი ჟურნალის სტუმარი ბევრჯერ ყოფილა. ერთ-ერთი ვიდეორგოლიდან გამომდინარე, არა მხოლოდ მისი კარგი ვოკალური მონაცემები, არამედ ისიც დავინახეთ, რამდენად კარგად მოძრაობს ეს მომღერალი და ქართველ ჯასტინ ტიმბერლეიკად მონათლეს.
როგორც აღმოჩნდა, ლევანის დედას, რომლის საყვარელი პროექტი "ცეკვავენ ვარსკვლავებია", ძალიან უნდოდა, რომ მის შვილს ამ პროექტში მონაწილეობა მიეღო. მან დედის და, რა თქმა უნდა, საკუთარი სურვილიც აასრულა და დღეს "ცეკვების" ერთ-ერთი ფავორიტია.
ინგა გრიგოლიამ წინა ხუთშაბათს ლევანისა და მისი პარტნიორის მზია ორველაშვილის გამოსვლის შემდეგ თქვა, თუკი ეს წყვილი პროექტს დატოვებს, მაშინ მაყურებელი კარგ შოუს მოაკლდება. ძნელია, ტელეწამყვანის სიტყვებს არ დაეთანხმო. ლევანს ზუსტადაც ამ გამოსვლის მეორე დილას ვესაუბრეთ. როგორც თავად ამბობს, საკუთარი ნამუშევრებით, არც როგორც მომღერალი და არც როგორც "ცეკვავენ ვარსკვლავების" მონაწილე, ბოლომდე კმაყოფილი არასდროს არის. აქვს თუ არა ფინალში მოხვედრის იმედი?..
- გილოცავ, ორი ტურის შედეგებით ლიდერი გახდი, ჟიურის შეფასებებიდან გამომდინარე. ხომ არ იცი, რამდენი ესემესი მიიღე? რადგან პირველად გამოგაცხადეს, ალბათ, მესიჯების რაოდენობაც არ იყო მცირე.
- სხვათა შორის, არ ვიცი. პირველად ალბათ უბრალოდ გამომაცხადეს. რამდენი მესიჯი შემოვიდა, ეს ჯერჯერობით არ მიკითხავს.
- ვინც გიცნობს, იცის, რომ საკმაოდ კარგად ცეკვავ, მაგრამ მაინც სამეჯლისო ცეკვების კონკურსია, რომელთანაც აქამდე შეხება არ გქონია. ადვილად დათანხმდი შემოთავაზებას?
- ვფიქრობ, არ აქვს მნიშვნელობა, ცეკვის რომელი მიმდინარეობაა, თუკი ეს სფერო გაინტერესებს. მით უმეტეს, საინტერესოა, როდესაც ახალს სწავლობ. ეს ყველაფერი ისევ ჩემთვის არის კარგი პრაქტიკა და საჭიროა თუნდაც იმის გამო, რომ მომღერალი ვარ და სცენაზე გამომადგება. ნოე სულაბერიძემ დამირეკა და შემომთავაზა პროექტში მონაწილეობა. დამიბარეს, შემამოწმეს და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ პროექტში უნდა ვყოფილიყავი. სხვათა შორის, მზიკაც იქ იყო. რაღაც მოძრაობები გააკეთა, რომლებიც უნდა გამემეორებინა და გავიმეორე (იღიმის). მოეწონათ.…
- არ გერთულა?
- თავიდან ცოტა მერთულა. მერე, პროცესში, რეპეტიციების დროს, რაღაცებს რომ მანახვებდნენ, მეგონა, რომ ამას უკვე ვერ გავიმეორებდი და ძალიან რთული იყო. მაგრამ თუკი ძალიან მოინდომებ რამეს, მგონია, რომ აუცილებლად გამოგივა.
თავად მინდოდა ამ პროექტში ყოფნა. გარდა ამისა, დედაჩემს უნდოდა ძალიან, რომ "ცეკვებში" მიმეღო მონაწილეობა, მისი საყვარელი პროექტია, მეც ძალიან მომწონს, სხვანაირად არც დავთანხმდებოდი.
- პირველი გამოსვლა როგორი გამოდგა?
- სიმართლე რომ გითხრა, პირველ გამოსვლაზე ისე არ მინერვიულია, როგორც მეორეზე. პირველ ჯერზე არ გამიჭირდა, თავისუფლად გამოვედი და ვიცეკვე, მეორეზე კი ცოტა ვინერვიულე და ამიტომ შეცდომაც დავუშვი.
იხილეთ სტატიის გაგრძელება