რედაქციაში მკითხველმა გამოგვიგზავნა ფოტო, რომელზეც დაჭრილი, შავი, შეფუთული "იფქლის" პურია აღბეჭდილი. პურის შუაგული თეთრია, რაც მომხმარებლის აზრით, იმას ნინშავს, რომ შავი პური სინამდვილეში შავი სულაც არ არის და საღებავით არის გაფერადებული. "მომხმარებელი. გე-ს" დამფუძნებელი, ლია თოდუა, საუბრობს თუ რა საღებავს იყენებენ მწარმოებლები პურის "გასაშავებლად" და კიდევ რა სახის დარღვევებთან დაკავშირებით მიმართავს მათ მომხმარებელი.
-მომხმარებლის თხოვნით რამდენჯერმე შევამოწმეთ ე.წ. შავი პური და აღმოჩნდა, რომ "კოლერი" აქვს გარეული. პურს უბრალოდ ეწერა, რომ შავი პურია, თუმცა მის შემადგენლობაში იყო ხორბალი და საღებავი - "კოლერი", რომელიც დამწვარი შაქრით მიიღება, ოღონდ სხვა ქიმიური რეაქციით, და არა მისი დაწვით. პურის წარმოებისას, ე.წ. შაქრის "კოლერის" შემადგენლობის გამოყენება დაშვებულია. ამ საღებავის გამოყენება საქართველოს ეროვნული სტანდარტით -"გოსტ"-ით, დაშვებულია და შესაბამისად, ჩვენ ასეთი ფაქტების წინაშე უძლურნი ვართ. თუმცა, იმედი გვაქვს, რომ მას შემდეგ, რაც ევროკავშირის წევრი ქვეყანა გავხდებით და საქართველოში ამ ორგანიზაციის ნორმები დამკვიდრდება, ჩვეულებრივი პურის შეღებვა აკრძალული იქნება. საბჭოთა კავშირის დროსაც იყო დაშვებული ჭვავის პურის შავად შეღებვა.
-თუ არის გამოკვლეული, ჯანმრთელობისთვის რამდენად საზიანოა შეღებილი პური?
- არ არის შესწავლილი რამდენად სახიფათოა ეს საღებავი ადმიანის ჯანმრთელობისთვის.საქმე იმაშია, რომ ადამიანი საკვები პროდუქტებიდან ყველაზე მეტად პურს მოიხმარს, რაც იმას ნიშნავს, რომ საღებავსაც ბევრს იღებს. ეს კი კარგი ნამდვილად არ არის. თანამედროვე მსოფლიო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ იმ პროდუქტებში, რომელსაც ადამიანები ყველაზე ხშირად იღებენ, საკვები დანამატები და საღებავები არ უნდა იყოს. ამიტომ აკრძალეს ევროპაში პურის წარმოებაში საღებავი. იმედი გვაქვს, რომ წელს საქართველო საკვების წარმოების ევროპულ ნორმებზე გადავა და ეს პრობლემა აღმოიფხვრება. თუ ეს არ მოხდა, მაშინ იძულებული ვიქნებით, პურის საღებავისგან დაცვის მოთხოვნით, დამოუკიდებელი კამპანია დავიწყოთ.