ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ახალსოფელში მშენებარე ეკლესიის გუმბათის ჩამონგრევის შედეგად გარდაცვლილი ორი მშენებელი ნანგრევებიდან ამოიყვანეს.
როგორც ახალსოფლელები აცხადებენ, ეკლესიის მშენებლობაზე დღეს 19- დან 30 წლამდე ასაკის ხუთი მამაკაცი მუშაობდა.
აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, მამუკა თურმანიძის თქმით, სამაშველო ოპერაცია ორ საათს გაგრძელდა. მისივე განმარტებით, გუმბათის ჩამონგრევის დროს ერთმა ადამიანმა გადახტომა შეძლო, ხოლო ოთხი ნანგრევებში მოყვა.
"16:00 საათზე შემოვიდა შეტყობინა სამაშველოში. 10 წუთში გამოვცხადდით ადგილზე და გამოვიძახეთ კიდევ რამდენიმე ჯგუფი. დაგვხვდა ტრაგედია, მშენებარე ეკლესიის გუმბათი, დაახლოებით, 50 ტონა მასა იყო ჩამოშლილი და მოყოლილი იყო ოთხი მშენებელი. გავარკვიეთ, რომ დღეს სულ ხუთი ადამიანი მუშაობდა. ჩამონგრევის დროს ერთმა შეძლო გადმოხტომა, ხოლო ოთხი ნანგრევებში მოყვა. ორსაათიანი ოპერაციის შედეგად ორი გამოვიყვანეთ ცოცხლად, ხოლო ორი გარდაიცვალა", - აღნიშნა მამუკა თურმანიძემ.
ახალსოფელში მცხოვრები თამაზ გოგიტიძე უბედური შემთხვევის მიზეზად უხარისხო სამშენებლო მასალასა და საყრდენი ბოძების დროზე ადრე გამოღებას ასახელებს. "დასაწყისში მეზობლები ვეხმარებოდით მშენებლობაში. თითქმის სრულდებოდა ჩამოსხმითი სამუშაოები, მაგრამ როგორც ჩანს, ცოტა ადრე მოიხსნა ხარაჩოები, რამაც უბედური შემთხვევა გამოიწვია. შემდგომში ექსპერტიც დაამტკიცეს. შესაძლოა, სამშენებლო მასალები იყო უხარისხო. არმატურა, ბეტონის მარკა, ცემენტის ხარისხი უნდა ისინჯებოდეს", - აღნიშნა თამაზ გოგიტიძემ.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, რომელმაც განაცხადა, რომ მობილიზებულია სამედიცინო პერსონალი და ყველაფერს აკეთებენ, რომ დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქროს.
ადგილზე იმყოფებოდნენ სასულიერო პირებიც, თუმცა მათ ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადეს. წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია მეოთხე წელია შენდება. ახალსოფლის მცხოვრებლებთან ერთად, ტაძრის მშენებლობის ინიციატორი მამა მარკოზია.