ბიზნესმენ დავით კოდუას ცემაში ბრალდებულ ნოშრევან ნამორაძეს აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.
საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე ნამორაძისთვის აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობის შეფარდება პროკურორმა მოითხოვა, დაცვის მხარე კი გირაოს შეფარდებას ითხოვდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ერეკლე კოდუას ძმა, ბიზნესმენი დავით კოდუა აბაშიძის ქუჩაზე 3 მაისს სცემეს. იგი სილამაზის სალონში 4 წლის შვილთან და ძიძასთან ერთად იმყოფებოდა. სახის არეში მრავლობითი დაზიანებების შედეგად, კოდუა კლინიკაშია მოთავსებული. მას ოპერაცია ჩაუტარდა. საქმის მასალების მიხედვით, კოდუას ნამორაძე შურისძიების მოტივით გაუსწორდა.