საგაზეთო სპორტული ჟურნალისტიკა საქართველოში "ლელოდან" დაიწყო და უკვე ოთხმოცი წელიწადია, "ლელოთი" გრძელდება!
ეს არის გაზეთი, რომელიც პირველი ნაბიჯებიდან მოჰყვება ქართულ სპორტს და ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში იქცა ყველა დროის საყვარელ გამოცემად. მას ქართული სპორტის ერთი გამარჯვებაც არ გამორჩენია და სპორტისთვის თავადაც ფასდაუდებელი ღვაწლი აქვს.
რამდენიმე დღის წინ ქართული სპორტის მემატიანემ მერვე ათეული წელი მიითვალა. "ლელომ" დაამტკიცა, რომ შეიძლება 80 წლისაც იყო თანამედროვე და არა მხოლოდ აუწყო ფეხი, ხშირად გაასწრო კიდეც ცხოვრების გიჟურ რიტმს, ნოვატორადაც იქცე... ამიტომაც არ ჩარჩა ევროპის მასშტაბითაც კი ერთ-ერთი უძველესი გაზეთი გასულ საუკუნეში. მეტიც - ინტერნეტის ეპოქაშიც სრულად აკმაყოფილებს მრავალრიცხოვანი მკითხველის გემოვნებას...
დღეს გლობალურ ქსელში ადვილად შეიძლება ნებისმიერი შეხვედრის სტატისტიკისა თუ დეტალური განხილვის მოძებნა. "ლელოში" დაბეჭდილი მასალების უმეტესობა ოპერატიულად ქვეყნდება "მედიაპალიტრის" სპორტულ ვებგვერდზე (www.Sportall.ge), მაგრამ გაზეთს მკითხველი მაინც არასდროს აკლია. რატომ? ამ გაზეთის ჟურნალისტების უმეტესობა, ამავდროულად, ექსპერტი და ანალიტიკოსიც არის და სპორტის ამა თუ იმ სახეობაშიც ჩინებულად ერკვევა!
"ლელოს" ჟურნალისტებს ისეთი რაღაცების გახსენება შეუძლიათ, ზოგჯერ სპეციალისტებიც კი გაოცებულნი კითხულობენ...
აშშ-ში ქართული ენის შესწავლის მსურველთათვის "ლელო" ოფიციალურად არის აღიარებული დამხმარე სახელმძღვანელოდ და ამას გაზეთთან გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმიც ადასტურებს!
გაზეთს თავდაპირველად სხვა სახელი კი ერქვა ("საქართველოს ფიზკულტურელის" პირველი ნომერი 1934 წლის 13 აპრილს დაიბეჭდა, "ლელო" კი 1949 წლიდან ეწოდება. - ავტ.), მაგრამ რვა ათეული წლის განმავლობაში არც ფორმატი შეუცვლია და არც პროფილი! "ლელოს" დაფუძნებულია საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციაც!
არა მხოლოდ დიდი ტრადიციებით, "ლელო" რედაქტორითაც ამაყობს და აპრილში ორმაგი იუბილეც იზეიმა: 13 აპრილს გაზეთს 80 წელი შეუსრულდა, ორი კვირის შემდეგ კი თენგიზ გაჩეჩილაძეს - 75!
ნახევარ საუკუნეზე მეტია, ბატონი თენგიზი ამ გაზეთში მუშაობს, ბოლო 30 წლის განმავლობაში კი მთავარი რედაქტორია. ბევრი გინახავთ 75 წლის რედაქტორი, რომელიც თავისზე ხუთი წლით უფროს გაზეთს ხელმძღვანელობს?! მე - არა...
ლელოელებს ფინანსური პრობლემების დროსაც არაერთხელ გაუტანიათ ლელო, უხელფასოდაც უმუშავიათ, მაგრამ... მხოლოდ ლელოს გატანა რომ არ კმარა?! "ლელოს" მიტანაც სჭირდება მკითხველთან, რომელიც ყოველდღიურად ელის საყვარელი გაზეთისგან ოპერატიულ ინფორმაციას, პროფესიონალთა ანალიზს, საინტერესო ინტერვიუს... ამიტომაც, 80-თან ერთად, "ლელოსთვის" 08-ც სიმბოლური თარიღია - სწორედ 2008 წელს გახდა გაზეთი "მედიაპალიტრის" წევრი და თვისებრივად ახალ სიმაღლესაც მიაღწია.
მას შემდეგ რედაქცია აღარ კარგავს დროს გაზეთის რეალიზაციაზე ფიქრში და მხოლოდ თავის საქმეს აკეთებს. ამიტომაც "ლელო" არასდროს ყოფილა ისეთი მრავალფეროვანი, საინტერესო და პოპულარული, როგორიც ახლაა...
გასული წლის ბოლოს გამომცემლობამ მორიგი სიახლე შესთავაზა მკითხველს: გაზეთის ნაცვლად, შაბათობით ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"-ი გამოდის, რომელიც ფერადია და შინაარსის გარდა, მაღალპოლიგრაფიული დონითაც იწონებს თავს.
"ლელოს" იუბილე სიმბოლური აქციითაც აღინიშნა: საქართველოს საუკეთესო სპორტსმენის გამოსავლენი პირველი რეფერენდუმიდან (რომელიც 1964 წელს გაიმართა. - ავტ.) ნახევარი საუკუნის შემდეგ ბოლო 80 წლის განმავლობაში საქართველოს საუკეთესო ქალი და მამაკაცი სპორტსმენის გამოსავლენი გამოკითხვა იუბილარმა გამოცემამაც გამართა.
რამდენიმე კვირის განმავლობაში www.Sportall.ge-ს მომხმარებლებს შეეძლოთ, ფავორიტი სპორტსმენები დაესახელებინათ. ლიდერთა ხუთეულების გამოვლენის შემდეგ კი ხმის მიცემა იმავე ვებგვერდის მეშვეობით გაგრძელდა. გამარჯვებულთა ვინაობა 7 მაისს, "ლელოს" იუბილესადმი მიძღვნილ გალა-ღონისძიებაზე გახდება ცნობილი.
დასახელდება 2013 წლის საუკეთესო სპორტსმენიც, გაზეთის ხელმძღვანელები კი სამომავლო გეგმებსა და პროექტებზეც ისაუბრებენ.
"ლელო" პირველი სპორტული გაზეთი იყო საქართველოში, დღეს კი ერთადერთი თუ არა, ყველაზე წარმატებული და პოპულარული სპორტული გამოცემა ნამდვილად არის. სხვაგვარად ვერც იქნება - "ლელო" ხომ ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში იქცა ყველასთვის საყვარელ გამოცემად, დღეს კი ამტკიცებს, რომ შეიძლება 80 წლისაც იყო თანამედროვე.