პოპულარულ სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები" მომღერალი ნინა წკრიალაშვილი გამოჩნდა. მართალია, პროფესიით მსახიობი არ არის, მაგრამ მისი რეიტინგულობის ფონზე, გადამღებმა ჯგუფმა გარისკა და ორ სერიაში მიიწვია. თუმცა გარკვეული კასტინგის გავლა მაინც მოუხდა. მისი ნამუშევარი ბევრს მოეწონა.
- ნინა, კიდევ გიხილავთ სერიალში თუ ერთჯერადად შემოიფარგლნენ?
- მხოლოდ ის ვიცი, რომ კიდევ ერთ ეპიზოდში ვიქნები, დანარჩენს ვერაფერს გეტყვით…
- რას იტყვი შენს გმირზე?
- ერთი გატუტუცებული, მდიდარი გოგოს როლი მომცეს, რომელიც ქმარს ღალატობს, რითიც მეგობარს და საკუთარ თავს შარში გაჰხვევს. მოკლედ, სულელი და არაბოროტი ქალია დოდოშკა.
- მოგეწონა სერიალში გადაღების პროცესი?
- გამიხარდა, რომ ამ სერიალში მოვხვდი, რადგანაც ძალიან მიყვარს "ჩემი ცოლის დაქალები". პირველი სეზონიდან ბოლომდე, ყველა სერია ნანახი მაქვს და როდესაც მასში მონაწილოება შემომთავაზეს, არც მიფიქრია, ისე დავთანხმდი.
- მოკლედ, ეს შენი მორიგი ახალი ამპლუაა?
- არ ვიცი, ეს ჩემი ახალი ამპლუა რამდენად გაგრძელდება, მაგრამ თუ მივხვდები, რომ ეს საქმიანობა გამომდის, შეიძლება, გაგრძელდეს კიდეც. მაგრამ ჩემს ნამუშევარს ეკრანზე რომ ვუყურე, საკუთარ თავთან ბევრი პრეტენზია მქონდა და მაქვს...
- არ გამოგდის მსახიობობა?
- ისე რა (სიცილით ამბობს).
- ისე, როგორ მოხვდი იქ?
- ძალიან სპონტანურად. დამირეკეს, მივედი, სინჯი გადამიღეს და მაშინვე დამამტკიცეს... ძალიან მეშინოდა, რადგანაც ეს ყველაფერი რომ გამეთავისებინა, ცოტა დრო მქონდა.
- რა დრო მოგცეს მოსამზადებლად?
- დაახლოებით, 1 საათი. ბევრს თუ ვიმუშავებ და ძალიან მოვინდომებ, შეუძლებელი არაფერია...
- ერთ საათში თუ გარდასახვა შეძელი, მგონი, მაგ მიმართულებით პერსპექტივა გაქვს, რადგანაც ამას თეატრალურ უნივერსიტეტში სტუდენტები წლები სწავლობენ... ისე, ამ სერიალმა შეიძლება ფანები შეგძინოს...
- ერის ნაწილი მაინც ვერ მშვიდდება, აღელვებულია... საზოგადოებრივი აზრი ორ ნაწილად გაიყო. ბევრი უცხო ადამიანი მწერს, რომ ჩემი როლი სერიალში მოეწონა. უხარიათ ჩემი "დაქალებში" გამოჩენა. ზოგი მწერს, აქაც შენ ხარ, ეს უკვე საშინელებააო... როგორც არ უნდა იყოს, ეს სერიალი ისევ ძალიან რეიტუნგულია, ბოლო 2 დღის განმავლობაში უამრავი ესემესი მივიღე...
- როგორი აღმოჩნდა გიორგი ლიფონავასთან (რეჟისორი) მუშაობა?
- ლიფონავას დიდი ხანია ვიცნობ, ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ძალიან ნიჭიერი ადამიანი იყო, მომწონს მისი გემოვნება და რეჟისორული ხედვა. მასთან მუშაობა ძალიან კომფორტული კი არა, ზედმეტად კომფორტულია. ძალიან დამეხმარა ყველა მსახიობი, ვისთანაც მუშაობა მომიწია. თითოეულს დიდი მადლობა...
ლალი ფაცია
სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის