საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში საბავშვო წიგნის მესამე ფესტივალი გაიმართა.
ფესტივალის ფარგლებში გამარჯვებულები დააჯილდოეს. საყმაწვილო წიგნების გამომცემლობები და ავტორები სხვადასხვა ნომინაციაზე იყვნენ წარდგენილი. ნომინაციაში "საუკეთესო საბავშვო გამომცემლობა" გამარჯვებული "პალიტრა L" გახდა.
"დღეს ჩვენ საბავშვო წიგნების ფესტივალის მესამე დაჯილდოება ჩავატარეთ. მოხარულები ვართ, რომ გამომცემლობებისგან, მწერლებისგან, ბავშვებისგან ამხელა ინტერესი მოდის. ვფიქრობთ, ამ სფეროს გააქტიურება ძალიან მნიშვნელოვანია. ცოტა ხნის წინ ქართული საბავშვო ლიტერატურა უკანა პლანზე იყო. ჩვენ გვინდოდა, რომ ქართული საბავშვო ლიტერატურის ძველი ტრადიცია აღდგენილიყო და მაქსიმალურად წახალისებულიყო. ამ მიზნით ყველა გამომცემლობას და ავტორს მივმართეთ და იმედია ეს ფესტივალი სტიმულს მისცემს მათ, მეტი იღვაწონ საბავშვო ლიტერატურის მიმართულებით. რაც შეეხება "პალიტრა L"-ს, მათი წიგნების საბავშვო მიმართულება არის მაღალი პოლიგრაფიული დონით და ინოვაციურობით გამორჩეული და ძალიან საინტერესო ბავშვებისთვის. ვეთანხმები ჟიურის გადაწყვეტილებას, რომ "პალიტრა L" საუკეთესო საბავშვო გამომცემლობად დასახელდა", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის თავმჯდომარემ, ცაგერისა და ლენტეხის მთავარეპისკოპოსმა სტეფანემ.
"გამომცემლობა "პალიტრა L" ყოველთვის იღებს ამ ფესტივალში მონაწილეობას. წელს "პალიტრა L"-მა მიიღო პრიზი საპატრიარქოსგან, როგორც საუკეთესო გამომცემლობამ. მოხარულები ვართ. ჩვენ მომავალშიც ვიზრუნებთ ბავშვების განვითარებაზე და მხარში დავუდგებით მათ", - განაცხადა "პალიტრა L"-ის გაყიდვების სამსახურის უფროსმა მარიამ ქავთარაძემ.
სამების საკათედრო ტაძარში სხვადასხვა გამომცემლობების საბავშვო-საყმაწვილო წიგნების გამოფენა-გაყიდვა მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება. საბავშვო წიგნის ფესტივალი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით უკვე მესამედ იმართება.