"პალიტრა TV"-ისა და რადიო "პალიტრის" ეთერში ჟურნალი "გზა", გამომცემლობა "პალიტრა L" და "ბიბლუსი" ინტელექტუალურ შოუს - "გვეთამაშე ჩვენ" წარმოგიდგენთ. ცნობილ ადამიანებს შესაძლებლობა აქვთ, გახდნენ გადაცემის სტუმრები და სტუდიიდან შინ წიგნებით ხელდამშვენებულები დაბრუნდნენ. გამარჯვების შანსი მაყურებელსაც აქვს: ნებისმიერ თქვენგანს შეუძლია, გაგზავნოს კითხვა მისამართზე: მოსაზრება@პალიტრატვ.გე და მოგების შემთხვევაში, საჩუქრად წიგნი მიიღოს. გადაცემის წამყვანი გიორგი მეგრელიშვილი ამბობს, რომ ქართულ ტელესივრცეს შემეცნებითი გადაცემები აკლია, ასეთი შოუს წაყვანა კი ძალიან შრომატევადი, მაგრამ საინტერესოა.
- "მედიაპალიტრის" დიდ ოჯახს ახლახან შემოვუერთდი. მიხარია, რომ თქვენი გუნდის წევრი გავხდი. წლების განმავლობაში ბევრი გადაცემა წამიყვანია, მაგრამ ასეთი საინტერესო სამუშაო არსად იყო. შემოთავაზება სხვა ტელევიზიიდანაც მქონდა, მაგრამ არჩევანის გაკეთება არ გამჭირვებია.
- რესპონდენტებს დაძაბულობას ამჩნევ?
- კი, ეს თვალში საცემია. რაღაცების უცოდინარობას ყველაზე თამამად ეკა მამალაძე შეხვდა. ამ გადაცემაში მოსვლას დიდი სითამამე, თავდაჯერებულობა სჭირდება. კითხვას რამდენჯერმე მამეორებინებენ, ფიქრობენ... რამდენიმე სტუმარს წასვლის სურვილიც კი გაუჩნდა და ეს დაუფარავად თქვა.
- საზოგადოების დიდი ნაწილი გიცნობს, როგორც მსახიობს. ცოტამ თუ იცის, რომ ბოლო დროს, ბედი რეჟისურაშიც სცადე. შენი ერთი ფილმი კანის კინოფესტივალზეა გაგზავნილი.
- დიახ, ეს არის ფილმი "ტრაქტორი". გიზო ნიშნიანიძის წიგნში - "პაემანი ვერაზე" მოთხრობილი ერთი ამბის მიხედვით გადავიღე. 20 წლის წინ ფილარმონიაში შედგა "პაემანი ვერაზე". იმ საღამოს ჩანაწერი რომ ვნახე, საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა. მასში არის ეპიზოდი, როცა ამ ქალაქში ძველ სახლს ანგრევენ. ავტორი ამბობს: ვდგავარ და ვუყურებ, როგორც პანაშვიდსო. ჰოდა, ფილმში სწორედ ეს ეპიზოდი გამოვიყენე. ანგრევენ სახლს, რომელშიც ჯერ - სამშობიარო, შემდეგ კი ბიბლიოთეკა იყო. ნგრევის პროცესს დიდი დატვირთვა აქვს და ისმება კითხვები: ეს რის ხარჯზე ხდება? საერთოდ, უნდა დაინგრეს თუ არა? ვინ უნდა დაანგრიოს? ნაჩვენებია, როგორ მოდის ტრაქტორი სახლის დასანგრევად, როგორ ეწინააღმდეგება ხალხი. ბოლოს ამ ტრაქტორს ბავშვები ქოქავენ და შენობას ისინი ანგრევენ. თაობებს შორის მონაცვლეობა ყოველთვის მნიშვნელოვანია, ასეთ დროს ბევრი სტერეოტიპიც იმსხვრევა.
- ამ ფილმით რა გინდა, რომ თქვა?
- მიყვარს ფილმები, რომლებიც კითხვის ნიშნებს ტოვებს და დასკვნა თავად მაყურებელს გამოაქვს. ბედნიერი დასასრული კარგია, მაგრამ ამბავი ყოველთვის ასე როდი სრულდება.
- ფილმში თამაშობ?
- დიახ, ჩემი გმირი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანია. ფილმში მონაწილეობენ: ლაშა მურჯიკნელი, დიმიტრი ალავიძე (ფილმის პროდიუსერიც არის), დავით იაშვილი, ნინო ხომასურიძე, ზურა ყიფშიძე...
- მოლოდინი როგორია?
- კანის კინოფესტივალზე ნამყოფი ვარ. ძალიან მინდა, მაყურებელს მოეწონოს. კარგი ფილმი რომელ ქვეყანაშიც უნდა აჩვენო, ისეთი განცდა უნდა დაგიტოვოს, თითქოს იმ ქალაქშია გადაღებული.
- ეს შენი მეორე ფილმია, პირველი კი "იბრძოლე" იყო...
- ეს ფილმი ბრძოლაზეა როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით. ფილმი მსახიობებზეა და შეიძლება ითქვას, რომ ხულიგნურია (კარგი გაგებით). არაერთგვაროვანი შეფასებები მოვისმინე. ვინც ამ პროფესიასთან ახლოსაა, ყველა მიხვდა, აქცენტები რაზეა გაკეთებული.
- მომავალში, როგორც რეჟისორი, საქმიანობის გაგრძელებას აპირებ?
- სულ ამაზე ვფიქრობ. ისიც ვიცი, რას და როგორ გადავიღებ, მაგრამ ჯერჯერობით ვერ გავამხელ.
- სტერეოტიპების მსხვრევა ახსენე. საინტერესოა, სტერეოტიპებს თავად რამდენად ხშირად ამსხვრევ?
- ზოგჯერ ვამსხვრევ, მაგრამ მაინც მიმაჩნია, რომ ნებისმიერ სვლაზე ადამიანი უნდა დაფიქრდეს. ზოგჯერ, სამწუხაროდ (თუ საბედნიეროდ), ნაბიჯის გადადგმა დაუფიქრებლადაც გვიწევს.
- საზოგადოების აზრი შენთვის რამდენად მნიშვნელოვანია?
- მსახიობისთვის ხალხის აზრი მნიშვნელოვანია! წლების განმავლობაში ბევრი უარყოფითი როლის თამაში მომიხდა, ზოგიერთმა ჩემში მცირე აგრესიაც გამოიწვია.
- მსახიობებისგან მსმენია: უარყოფითი გმირის განსახიერება უფრო რთულია, ვიდრე დადებითი პერსონაჟის თამაშიო.
- ეს მართლაც, ძალიან რთულია. არიან მსახიობები, რომლებიც უარყოფითი პერსონაჟების განსახიერებას არ თაკილობენ და თამაშზე უარს არ ამბობენ. თუ ხალხს ჩემ მიმართ აგრესია გაუჩნდა, ეს იმას ნიშნავს, რომ უარყოფითი როლი კარგად გამომდის. ზოგს ჰგონია, ცხოვრებაშიც ასეთი ვარ, მაგრამ ეს სხვა თემაა...
- უარყოფითი როლების თამაშზე უარს მომავალშიც არ იტყვი?
- შემოთავაზება თუ მექნება, ვიმუშავებ. ძალიან დიდი ჯაფაა საჭირო იმისთვის, რომ ხალხს თავი დაამახსოვრო. ახლახან ქუჩაში ერთი ქალბატონი შემხვდა და მითხრა: ფილმებში ისე თამაშობ, შემზიზღდიო. მსახიობის ბედი ასეთია. როლზე უარი არ უნდა თქვა, მთავარია, ის როლი უმნიშვნელო არ იყოს.
- როლი, რომელსაც ყველაზე დიდი ინტერესით იმუშავებდი, რომელია?
- ჰამლეტი. ბევრმა ქართველმა და არა მხოლოდ ქართველმა მსახიობმა ჰამლეტი არაჩვეულებრივად ითამაშა. ეს პერსონაჟი ყოველთვის სხვადასხვაგვარი გამოდის. ვფიქრობ, ჩემეული ჰამლეტიც საინტერესო იქნებოდა.
- შენს ოჯახზეც გვიამბე...
- მყავს მეუღლე და ერთი შვილი. ჩემი მეუღლე - ნინო რუხაძე ინგლისური ენის სპეციალისტი გახლავთ. სხვათა შორის, ჩემი მასწავლებელიც არის და ინგლისურის შესასწავლად შორს სიარული არ მიწევს (იღიმის). ჩვენი შვილი - ალექსანდრე 11 წლისაა. მშობლებს გვიჯერებს, კარგი ბიჭია.
- შენი და ნინოს სიყვარულის ამბავი როგორ დაიწყო?
- რამდენიმე დღის წინ, როცა ჩვენს ურთიერთობაზე ვლაპარაკობდი, სიტყვა "შეჩვევა" ვთქვი და უნებლიეთ გავანაწყენე. კარგია, ადამიანის სითბოს, ყურადღებას, სიყვარულს რომ ეჩვევი, - მე კი ალბათ, ამ სიტყვების თქმა გამომრჩა, თორემ აღარ ეწყინებოდა. ნინო 12 წლის წინ გავიცანი. ერთად დიდხანს ვიარეთ, ვიარეთ, ვიარეთ და მერე დავქორწინდით. ბევრი კილომეტრი გავიარეთ, მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელისგან განსხვავებით, მაშინ ფეხით სიარული არ მიყვარდა. მისი ხათრით დავდიოდი. დაქორწინების შემდეგ ვკითხე: ამდენი რატომ მატარე-მეთქი? - ვიცოდი, ფეხით სიარული არ გიყვარდა და მაინტერესებდა, როდის დაიწუწუნებდიო. მე კი საყვედური ერთხელაც არ წამომცდენია; ოღონდ მის გვერდით ვყოფილიყავი და ფეხით სიარულზე თანახმა ვიყავი. ერთმანეთს დღემდე დიდ პატივს ვცემთ. ურთიერთგაგება ოჯახს უფრო მეტად ამყარებს.
- გიორგი, შვილს სახელი - ალექსანდრე დაღუპული ბიძის პატივსაცემად დაარქვი. მასზე რას გვეტყვი?
- დედაჩემის ძმა - ალექსანდრე სუთიძე შევარდნაძის მმართველობის პერიოდში დახვრიტეს. ეს ის თემაა, რომელზეც საჯაროდ არასდროს მილაპარაკია. როგორც ამბობენ, მას გარეგნულად ძალიან ვგავარ. მახსოვს, ბავშვობაში ბიძაზე ბებია მიყვებოდა. თავიდან ვერ ვხვდებოდი, მაგრამ როცა წამოვიზარდე, მერე გავაცნობიერე, ოჯახი რამდენად მძიმე მდგომარეობაში იყო. დაპატიმრების შემდეგ მას არაერთი მუხლი წაუყენეს, საბოლოოდ კი დახვრეტის განაჩენი გამოუტანეს და რაც ყველაზე მეტად სულისშემძვრელია, ტყვიის ფული ოჯახს გადაახდევინეს. ეს 1979 წელს მოხდა. ბაბუა ამ ამბის გამო ძალიან ცუდად გამხდარა. ძნელი წარმოსადგენი არ არის, ოჯახში როგორი მდგომარეობა იქნებოდა. ამ ამბავზე მაშინდელ გაზეთებშიც დაწერილა. ბიძაჩემს ცოლ-შვილი არ ჰყოლია.
- დაბოლოს, ისევ კანის კინოფესტივალს დავუბრუნდეთ: საფრანგეთში გამგზავრებას აპირებ?
- დიდი სურვილი მაქვს და შეიძლება, წავიდე კიდეც. ჩვენება მაისის ბოლოს იქნება.
თამუნა კვინიკაძე
(გამოდის ხუთშაბათობით)