თელავის რაიონულმა პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე შეწყვიტა "ქართული ოცნების" წევრის, არჩილ მექვევრიშვილის მიმართ, რომელმაც 2013 წლის 20 ნოემბერს ორ ადამიანს სხეულის სხვადასხვა დაზიანებები მიაყენა, (ცხვირის და ყვრიმალის ძვლის მოტეხილობები), ერთი ადამიანი კი სანადირო თოფით დაცხრილა. არჩილ მექვევრიშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, "ქართული ოცნებიდან" კენჭს ახმეტის რაიონში იყრის.
2013 წლის 20 ნოემბერს, ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფელ მაღრაანის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული არკადი გიგაური ამავე სოფელში მცხოვრებმა არჩილ მექვევრიშვილმა ცემა. არჩილ მექვევრიშვილი სოფლის ყოფილი გამგებლის, ბიძინა მექვევრიშვილის შვილია. არკადი გიგაური ამბობს, რომ ბიძინა და არჩილ მექვევრიშვილები, მას შემდეგ, რაც ის სოფლის რწმუნებულად დაინიშნა, მასზე ზეწოლის მოხდენას და მათი გავლენის ქვეშ მოქცევას ცდილობდნენ.
"19 ნოემბერს ბიძინა მექვევრიშვილს ჩემთან შელაპარაკება მოუვიდა. მათ მითითებებს არ ვასრულებდი, რის გამოც ჩემთან კონფლიქტი ჰქონდათ. შეურაცხმყოფელი სიტყვებით მომმართავდნენ ხოლმე", - აღნიშნავს არკადი გიგაური.
წინა დღით მომხდარი შელაპარაკების გამო, 20 ნოემბერს, ბიძინა და არჩილ მექვევრიშვილები არკადი გიგაურის ძმას, ოთარ გიგაურს შეხვდნენ სასაუბროდ. ოთარს თან ნათესავი, ბესიკ სილაგაძეც ახლდა. საუბრის დროს მათთან არკადი გიგაურიც მივიდა. საუბარი სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში გადაიზარდა.