"დევნილების საცხოვრებელი ფართობით უზრუნველყოფა 2016 წლისთვის საბოლოოდ უნდა გადაწყდეს"

"დევნილების საცხოვრებელი ფართობით უზრუნველყოფა 2016 წლისთვის საბოლოოდ უნდა გადაწყდეს"

2014 წლის ბოლოსთვის იმერეთის რეგიონში 3 000-მდე დევნილი ბინით უზრუნველყოფილი იქნება, - ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა,  დავით დარახველიძემ მიაწოდა.

პრემიერის პრესამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაური დღეს ზესტაფონში დევნილების საცხოვრებელ პირობებს გაეცნო და რეაბილიტირებულ ობიექტებში შესახლებულ ოჯახებს შეხვდა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, 2016 წლისთვის საქართველოში დევნილის სტატუსის მქონე ყველა პირს საცხოვრებელთან დაკავშირებით არსებული მწვავე პრობლემა მოეხსნება. პრემიერის განმარტებით, დევნილებზე ზრუნვა მათი გრძელვადიანი განსახლებით იწყება და აღნიშნული პრობლემის მოგვარების შემდეგ დევნილები ქართული სახელმწიფოს შენების საქმეში სრულფასოვან მონაწილეობას მიიღებენ.

"ჩემთვის ყოველთვის ემოციური და საპასუხისმგებლოა დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრა. დევნილებზე ზრუნვა ჩვენი უპირველესი მოვალეობაა. სამწუხაროდ, ორი ათეული წლის შემდეგაც დღის წესრიგში დგას დევნილთა აუცილებელი საყოფაცხოვრებო პირობებითა და საცხოვრებელი ფართობით უზრუნველყოფის საკითხი. ჩვენი მთავრობა აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით. დევნილების ფართობით უზრუნველყოფა 2016 წლისთვის საბოლოოდ უნდა გადაწყდეს. ჩვენ ვცდილობთ,  ყველა დევნილს ღირსეული საცხოვრებელი პირობები შევუქმნათ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა დევნილებთან შეხვედრისას.

პრემიერმა ასევე განმარტა, რომ ქუთაისში იგეგმება უპეცედენტო მასშტაბის სამშენებლო პროექტის განხორციელება, რომლის ფარგლებშიც 25 თექვსმეტ სართულიანი კორპუსი აშენდება. შედეგად ბინით დაკმაყოფილდება 8 ათასი დევნილი. პროექტის ღირებულება 103 მილიონი ლარია. სამშენებლო სამუშაოებში დევნილებიც ჩაერთვებიან.

ირაკლი ღარიბაშვილმა ერთ-ერთი დევნილის,  კარინა კალანდაძის ოჯახს ესტუმრა და დევნილთა საცხოვრებელ პირობებს ადგილზე გაეცნო.

ზესტაფონში დევნილებს ორი რეაბილიტირებული ობიექტი გადაეცათ. რუსთაველის #6 და უზნაძის #142-ში მდებარე ობიექტებზე სარეაბილიტაციო სამუშაოები 2012 წელს დაიწყო და 2013 წელს დასრულდა.პროექტის ფარგლებში 134 საცხოვრებელი ბინის რეაბილიტაცია განხორციელდა, რომელთაგან 6 ბინა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის სრულად ადაპტირებულია. დღევანდელი მდგომარეობით, იმერეთის რეგიონში დევნილებს 9 რეაბილიტირებული ობიექტი გადაეცათ. ბინებით რეგიონში 1672 დევნილი დაკმაყოფილდა.

"ინტერპრესნიუსი"

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?